უკანასკნელი ლანჩი უორენ ბაფეტთან $19 მილიონად გაიყიდა

უკანასკნელი ლანჩი უორენ ბაფეტთან $19 მილიონად გაიყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ამერიკელმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა საკუთარ ტრადიციას არ უღალატა და მასთან ლანჩის გამართვის უფლება საქველმოქმედო აუქციონზე კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გამოიტანა და რეკორდულად მაღალი თანხა – $19 მილიონი მოიზიდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2020-21 წლებში ლანჩი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა, ხოლო 2019 წლის ლანჩის ღირებულებამ $4.5 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც თავის დროზე, აბსოლუტური რეკორდი გახლდათ.

საინტერესოა, რომ ლანჩზე, რომელიც მანჰეტენზე მდებარე სტეიკის სახლში, Smith & Wollensky-ში გაიმართება, აუქციონში გამარჯვებულს შვიდი სტუმრის მოწვევა შეუძლია. Reuters-ის ინფორმაციით, უორენ ბაფეტი გამარჯვებულთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს, გარდა მისი საინვესტიციო სტრატეგიისა.

აღნიშნული აუქციონი ონლაინპლატფორმა eBay-ზე დაიწყო – ლანჩის საწყისი ფასი $25 ათასით განისაზღვრა. რამდენიმე დღეში, თანხა ჯერ $2 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მოგვიანებით – $19 მილიონამდე. საინტერესოა, რომ $19 მილიონის გადახდა ორ მონაწილეს სურდა, მაგრამ ვაჭრობის ბოლო წუთს ერთ-ერთმა მათგანმა შემოთავაზებული თანხა $100-ით გაზარდა და გაიმარჯვა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნულ საქველმოქმედო ლანჩს უორენ ბაფეტი 2000 წლიდან ატარებს, მაგრამ წლევანდელი ლანჩი 90 წლის ინვესტორისთვის – უკანასკნელი იქნება. საინტერესოა, რომ ამ წლებში, საქველმოქმედო ლანჩების გზით “ომაჰელმა ორაკულმა” $53 მილიონზე მეტი მოიზიდა.

ამ თანხას ინვესტორი ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაციას, Glide-ს ახმარს, რომელიც ღატაკ, უსახლკარო და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება – ორგანიზაცია მათ საკვებს, ღამის გასათევს, შიდსისა და C ჰეპატიტისა გამოკვლევებს, პროფესიულ განათლებას და საბავშვო პროგრამებს სთავაზობს. საინტერესოა, რომ Glide-თან ინვესტორს განსაკუთრებული მიზეზი აკავშირებს – ამ ორგანიზაციაში ბაფეტის პირველი მეუღლე, სიუზენი მოხალისეობდა, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ საქველმოქმედო მისიის გარდა, ამგვარი ლანჩებით უორენ ბაფეტმა ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო – მათ შორის დევიდ ეინჰორნი და ტედ უელშერიც არიან, რომლებიც, მოგვიანებით, Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო გუნდში დასაქმდნენ. „ბევრი ადამიანი გავიცანი, მთელი მსოფლიოდან. ყველა მათგანს აერთიანებთ ის, რომ სურთ, ფული გარკვეული მიზნით დახარჯონ“, – განაცხადა ბაფეტმა აუქციონის დასრულების შემდეგ.