უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა მზად არის ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ათი სისტემა 15 მილიარდ დოლარად შეიძინოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, Patriot-ების დახმარებით ქვეყანა ეცდება, მჭიდროდ დასახლებული ქალაქები რუსული სარაკეტო და დრონების შეტევებისგან დაიცვას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ Patriot-ების შეძენასთან დაკავშირებით შეთავაზება პირდაპირ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუკეთა და მანამდე ამ წინადადებით ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა. „მე ძალიან მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – დასძინა მან.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დასავლელ მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის თხოვნით ბოლო პერიოდში არაერთხელ მიმართეს. მათი გაფრთხილებით, რუსეთის ინტენსიური თავდასხმების მოსაგერიებლად ქვეყნის არსებული მარაგი საკმარისი არ იყო და მის შესავსებად დახმარება სჭირდებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ 11 მარტს კიევი და მოსკოვი აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმები არ შემცირებულა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას განცხადებით, ბოლო 30 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინისკენ 70 ერთეული რაკეტა, შაჰედის ტიპის 2200 ერთეული დრონი და 6000 ერთეული მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვა. 13 აპრილს სუმიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მინიმუმ 34 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 119. აპრილში განხორციელებულ კიდევ ერთ დარტყმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო.