უმდიდრესი აზიელი ბოლო ერთ თვეში რიგით მეოთხე მსხვილ გარიგებას აწარმოებს

უმდიდრესი აზიელი ბოლო ერთ თვეში რიგით მეოთხე მსხვილ გარიგებას აწარმოებს

ინდოელი მილიარდერი მაკეშ ამბანი, რომელიც აზიაში უმდიდრესი ადამიანია, თავის კომპანია Jio Platforms-ისთვის რიგით მეოთხე მსხვილ გარიგებას აწარმოებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ცნობილ გახდა, რომ ამჯერად ციფრული სერვისების კომპანია Jio Platforms-ის 1.3%-იან წილს ამერიკული კომპანია General Atlantic-ი დაახლოებით $870 მილიონად ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ Jio-ს მსხვილი გარიგებები 22 აპრილს დაიწყო, როდესაც სოციალური ქსელების გიგანტმა Facebook-მა ინდურ კომპანიაში დაახლოებით 10%-იანი წილი $5.7 მილიარდად შეიძინა. ამას მოჰყვა 4 მაისს კალიფორნიული კომპანია  Silver Lake Partners-ის მიერ 1%-ის ყიდვა Jio-ში $748 მილიონად. ხოლო დაახლოებით ერთი კვირის წინ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა ფონდმა Vista Equity Partners-მა განაცხადა, რომ ინდურ კონგლომერატში აქციების 2.3%-ს შეიძენს $1,5 მილიარდად.

ამგვარად, მაკეშ ამბანიმ, რომლის ქონებაც $53.7 მილიარდია, ბოლო ერთ თვეში $8,8 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო თავის კომპანიაში აქციების 15%-ის გაყიდვის შედეგად.

მაკეშ ამბანი Reliance Jio Infocomm Limited-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია. ის განცხადებაში ამბობს, რომ სასიამოვნოდ აღელვებულია ბოლო გარიგებით და იმით, რომ General Atlantic-ი მისი პარტნიორი ხდება. ამბანის ვაჟმა აკაშმა კი, რომელიც Jio Platforms-ის შემადგელობაში შემავალი Reliance Jio Infocomm-ის დირექტორია, აღნიშნა, რომ ახალი ინვესტიცია კომპანიის ახალგაზრდა გუნდს უფრო მეტ ენერგიას მიანიჭებს, რათა მიაღწიონ უფრო ამბიციურ მიზნებს.

თავად General Atlantic-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბილ ფორდი აცხადებს, რომ მისი კომპანია იზიარებს მაკეშის პოზიციას, რომ ციფრულ კავშირგაბმულობას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად დააჩქაროს ინდოეთის ეკონომიკის ზრდა.

შეგახსენებთ, ამერიკული კერძო კაპიტალის კომპანია General Atlantic-ი ინდოეთში სხვადასხვა სახის ინვესტიციებს უკვე დაახლოებით ოცი წელია ახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *