ვაქცინაციის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება - WB-ის ოპტიმისტური პროგნოზი

ვაქცინაციის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება - WB-ის ოპტიმისტური პროგნოზი

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2021 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის 4%-ით ზრდა, იმ დაშვების საფუძველზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. შესაბამისად, პანდემიამ მსოფლიოში მხოლოდ ერთწლიანი რეცესია გამოიწვია და 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 4.3%-ით შეამცირა. 

თუმცა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ რეალურად, ეკონომიკური ზრდა 4%-ზე ნაკლები იქნება, თუკი მთავრობები არ მიიღებენ უფრო გადამწყვეტ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ და არ განახორციელებენ რეფორმებს ინვესტიციების გასაზრდელად.

“მაშინ როცა გლობალური ეკონომიკა როგორც ჩანს სუსტი აღდგენის ფაზაში შევიდა, პოლიტიკის შემმუშავებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვალის მართვის, საბიუჯეტო პოლიტიკის, ცენტრალური საბანკო საქმიანობის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, რამდენადაც ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ მყიფე გლობალური აღდგენის პროცესის გაძლიერების და მტკიცე ეკონომიკური ზრდისთვის მყარი საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფას,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

მისივე თქმით: “პანდემიის ზემოქმედების დაძლევის და ინვესტიციების ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების მიზნით საჭიროა აქტიური მოქმედება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, შრომითი და პროდუქციის ბაზრების მოქნილობის გასაზრდელად და გამჭვირვალობის და მმართველობის გასაძლიერებლად“.

პროგნოზის მიხედვით, აშშ-ის მშპ 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება, 2020 წელს 3.6%-ით ვარდნის შემდეგ. წელს სავარაუდოდ ევროს ზონაში მთლიანი შიდა პროდუქტი 3.6 პროცენტით მოიმატებს, 2020 წელს 7.4%-ით შემცირების შემდეგ, ხოლო იაპონიაში 2021 წელს ნავარაუდევია ეკონომიკის 2.5%-ით ზრდა, გასულ წელს 5.3%-ით ვარდნის შემდეგ.

განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული. მათ შორის გლობალურ ზრდაზე ყველაზე დიდ გავლენას ჩინეთი მოახდენს, სადაც 2021 წელს მსოფლიო ბანკი 7.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 

რეგიონული პროგნოზები:

აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: 2021 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 7.4% იქნება;

ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს 3.3% იქნება;

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2021 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკის ზრდა 3.7%-ით;

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით ეკონომიკა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებში წელს 2.1%-ით გაიზრდება

სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკა რეგიონში 2021 წელს სავარაუდოდ 3.3%-ით გაიზრდება.

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში, 2021 წელს 2,7%–ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2021 წელს 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.