ვაქცინაზე მომუშავე BioNTech-ის მფლობელის და ინვესტორების ქონებას $2 მლრდ შეემატა

ვაქცინაზე მომუშავე BioNTech-ის მფლობელის და ინვესტორების ქონებას $2 მლრდ შეემატა

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის Pfizer-ის და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ კორონავირუსის ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადეს. შედეგად BioNTech-ის აქციები 14%-ით გაიზარდა, რასაც ბუნებრივია მოჰყვა მისი დამფუძნებლის უგურ შაჰინის და კომპანიის უმსხვილესი ინვესტორების, გერმანელი მილიარდერი ძმების – თომას და ანდრეას შტრუნგმანების ქონების ზრდაც.

შაჰინის ქონება $500 მილიონზე მეტად გაიზარდა და $4.4 მილიარდს მიაღწია, შტუნგმანების ქონება კი ერთად დაახლოებით $1.5 მილიარდით გაიზარდა. ახლა ძმების ქონება $10.4 მილიარდადაა შეფასებული.

 BioNTech-ი შაჰინმა და მისმა მეუღლემ იმუნოლოგმა ოზლემ თურეჯიმ 2008 წელს გერმანიის ქალაქ მაინცში დააარსეს. მათი ინვესტორები სწორედ გერმანელი მილიარდერი ძმები გახდნენ. მანამდე კი ძმებმა შტრუნგმანებმა 2001 წელს შაჰინის კიდევ ერთ კომპანია Ganymed Pharmaceuticals-ში ჩადეს ინვესტიცია, რომელიც 2016 წელს $460 მილიონად Astellas Pharmaceuticals-ს მიჰყიდეს. გერმანელ მილიარდერ ძმებს მანამდე ჯანდაცვის სექტორში მომუშავე სხვა კომპანიებშიც აქვს ინვესტიციები ჩადებული.

Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის შესახებ მესამე ფაზის ოპტიმისტური მონაცემების გასაჯაროვების შემდეგ ინვესტორების განწყობები შეიცვალა. ეს პირდაპირ აისახა ისეთ კომპანიებზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში ყვაოდნენ, მაგალითად  Zoom-სა და Amazon-ზე, რომელთა აქციებიც დაეცა. Zoom-ის დამფუძნებლის ერიკ იუანის ქონება 14%-ით და $3 მილიარდით შემცირდა $18.9 მილიარდამდე. Amazon-ის აქციები კი 2.5%-ით შემცირდა. მისი დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება კი $4.6 მილიარდით. შედეგად ახლა ბეზოსის ქონება $188.8 მილიარდადაა შეფასებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *