განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ მაღალია, მაგრამ პროგნოზები გაუარესდა; ვაჭრობისა და ინვესტიციების შემცირებასთან ერთად რეგიონის ეკონომიკური რისკები იზრდება, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მთავარი ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების პროგნოზის (Asian Development Outlook) 2019 წლის განახლებულ ვერსიაში.
პროგნოზის მიხედვით განვითარებადი აზიის 45 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 5,4%-ს შეადგენს, ხოლო 2020 წელს მცირედით გაიზრდება 5,5%-მდე. ახლად შემცირებული პროგნოზი საერთაშორისო ვაჭრობის არასახარბიელო პერსპექტივას ასახავს, რაც ნაწილობრივ განპირობებულია სავაჭრო დაძაბულობის გამწვავებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (აშშ) შორის; ასევე განვითარებული ქვეყნებისა და განვითარებადი აზიის დიდი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, ინდოეთის, კორეის რესპუბლიკისა და ტაილანდის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებით.
აზიის განვითარების პროგნოზის 2019-ის განახლებული ვერსიის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს 6,2%-ით და მომდევნო წელს 6,0%-ითაა პროგნოზირებული. აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური ზრდა ჯამში მოსალოდნელია 2019 წელს 5,5%-ით და 2020 წელს 5,4%-ით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა, შესაბამისად – 4.5% და 4.7%-ით.
ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკების სახელმწიფო სახსრების სტიმულირების შედეგად ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს 4,4%-ს შეადგენს და მომდევნო წელს — 4,3%-ს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კონფლიქტის ესკალაციამ და გაფართოებამ შესაძლოა რეგიონში მიწოდების ჯაჭვები შეცვალოს. უკვე არსებობს ინფორმაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან განვითარებადი აზიის სხვა ეკონომიკებისკენ ვაჭრობის მიმართულების შეცვლასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, ვიეტნამი და ბანგლადეში. შესაძლოა იგივე სქემა განხორციელდეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში.
2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ განვითარებად აზიაში გაიზარდა სახელმწიფო და კერძო დავალიანება, ხოლო ვალის მიმართება მშპ-თან უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით ორი მესამედით გაიზარდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვალის დაგროვებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას და პოლიტიკოსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.