ვაზზე დამყნობილი იმედები

ვაზზე დამყნობილი იმედები

Terroir Capital-ის დამფუძნებლის რანგში, ჩარლზ ბენკსი ღვინის ქარხნების უბადლო კოლექციას ქმნის და მსოფლიოს გარშემო, ვენახებისა და სასტუმროების $ 200-მილიონიან პორტფოლიოს განაგებს.

2010 წელს ინვესტორმა ჩარლზ ბენკსმა და უძრავი ქონებისა და სპორტის ანტრეპრენიორმა, მილიარდერმა სტენ კრონკიმ ერთობლივი საკუთრების უფლებებზე უარი თქვეს (არცთუ მთლად მეგობრულად). ეს შეეხო მაღალპროფილიან, სუპერფეშენებელური ცხოვრების სტილზე მომართულ პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს ნაპაში მდებარე Meadwood Resort-ს, The Napa Valley Reserve-სა და ღვინის კოლექციონერთა ციებ-ცხელების სიმბოლოს, Screaming Eagle Winery-ს. 48 წლის ბენკსი ალბათ მალე დაამტკიცებს, რომ ამერიკაში ადამიანებს არა მარტო მეორე, არამედ მესამე სუნთქვაც ეხსნებათ.

Terroir Capital-ი დაახლოებით $200-მილიონიან აქტივს განკარგავს ღვინის ფაბრიკებისა და სასტუმროების სახით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის რანგში, ატლანტაში მოღვაწე ბენკსი პრაქტიკულად შეუმჩნევლად მოქმედებდა და სწრაფ-სწრაფად ახორციელებდა შესყიდვებს, რის შედეგადაც საყიდლების კალათა ღვინის ქარხნების მეტად ჭრელი ჰოლდინგებით აევსო ისეთ ნაირ-ნაირ ადგილებში, როგორიცაა კალიფორნია, საფრანგეთი თუ ახალი ზელანდია. ამ ჰოლდინგთა რიცხვშია სამხრეთაფრიკული Mulderbosch-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ოპერირებს და 150,000 ყუთ ისეთ ბრენდირებულ ღვინოებს უშვებს, რომელთა ხარისხი საბაზრო ღირებულებას აღემატება; გარდა ამისა, Terroir Capital-ის მფლობელობაშია ასაკშეპარული და საოცრად გამოცდილი Mayacamas-ი ნაპას ხეობიდან და კოლექციონერთათვის საკულტო ისეთი პატარა მეამბოხეები, როგორებიც არიან Sandhi და Wind Gap-ი.

თუ ამ განსხვავებული ღვინის საწარმოების დამაკავშირებელი ძაფი გარეშე პირთათვის მთლად იოლად შესამჩნევი არ არის, ბენკსისთვის ეს ძაფი ისეთივე აშკარა და კამკამაა, როგორიც ღვინო Chablis-ი. “გადამწყვეტი სახის პროექტებს ვეძებთ, – ამბობს ის. – ყოველთვის ვსვამთ კითხვას: შეგვიძლია, აქ თამაშის წესების შევცვალოთ?” ის, მისივე სიტყვებით, ღვინის სამყაროში გეგმების კაცია.

40 წლისაც არ იყო, რომ ბენკსი უკვე მტკიცედ თავდაჯერებული კაცი გახლდათ. იმ დროს Screaming Eagle-ის შემოქმედებით განადგურებაზე ჩაციკლული ტიპის სახელი ჰქონდა გავარდნილი. მაშინ ღვინის ისტებლიშმენტისთვის აუტსაიდერი იყო – ფულის კაცი CSI Capital Management-იდან, რომლის მაღალპროფილიან კლიენტთა რიგებში NBA-ის ისეთი ვარსკვლავები იდგნენ, როგორიც, მაგალითად, კევინ გარნეტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მილიარდებთან – ჯერალდ ლევინსა და ერნონ მილჩენთან – ერთად მას უკვე დაეფუძნებინა კრიტიკოსთა საყვარელი, ძვირად ღირებული ღვინოების საწარმო, Jonata Winery. ექვსი წლის შემდეგ ბენკსმა კრონკი დაითანხმა და Screaming Eagle-ი აყიდვინა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოებს აწარმოებდა ე.წ. ახალ სამყაროში – მეღვინეობის არატრადიციულ ქვეყნებში. თუმცა ბენკსისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა.

Screaming Eagle-ის საკუთრების უფლებაზე ხელმოწერის შემდეგ “პირდაპირ დევიდ ებრიუს ეზოში მივედი, – იხსენებს ბენკსი, – და ხეობის ყველაზე განთქმულ მევენახეს ბულდოზერების გამოყვანა ვთხოვე. დღე პირველი – ვენახის 70%-ს ვჩეხთ”.

ებრიუ განცვიფრებისგან გაშეშდა. მაგრამ ბენკსი თავისას არ იშლიდა: ,,გამოუშვი ბულდოზერები”.

“ვაზის 70% მოვგლიჯე, ვინაიდან 80%-ს მაინც სხვა მწარმოებლებს მიჰყიდნენ, – განმარტავს ბენკსი. – 59-აკრიანი ვენახი იყო და მხოლოდ რამდენიმე აკრი მოდიოდა Screaming Eagle-ზე. და თუ ვენახი გავჩეხე, ამ აკრებით ე.წ. მარადმწვანე კონტრაქტებს დავუსვი წერტილი”.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, “ეგონათ, რომ დეფიციტში წავიდოდით. რეალურად კი ნაკლები ღვინის დამზადებას არ ვაპირებდით. პირიქით, მეტ ღვინოს დავამზადებდით. მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ რადგან ეს ვენახები გავჩეხეთ, ნაკლებს დავამზადებდით. ამან საშუალება მოგვცა, სამ წელიწადში ფასი გაგვესამმაგებინა, ხოლო წარმოება, სულ მცირე, გაგვეორმაგებინა, თან ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. როცა Screaming Eagle-ი ვიყიდეთ, ბოთლი $250 ღირდა, როცა წამოვედი – $850. წარმოება კი 500 ყუთიდან 1,500-ზე ავიდა”.

Screaming Eagle-ის შემდგომ ცხოვრებაში, ბენკსს ფასების ასეთი ზრდა აღარ უცდია. ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოების ფასი ახლა დაახლოებით $100-ია (თუმცა $300-იან საგანგებო ბოთლებსაც ნახავთ). ფასების ასეთი ზღვარგადასულობა, როგორც ამას თავად ბენკსი აღიქვამს, მისი ბოლო ომის ტაქტიკა იყო. ბენკსი ახლა მომდევნოს მოსაგებად ემზადება.

მისი აზრით, მაღალი კლასის ღვინის სამყაროს გეზი ფუფუნებისა და ხელგაშლილობიდან ავთენტურობისა და აღმოჩენებისკენ აქვს აღებული. ამდენად, ბენკსი ახლა უკვე სხვა პარადიგმით ხელმძღვანელობს: ამ სამყაროს შიდა სამზარეულოში მტკიცე ნდობის მოპოვებას ცდილობს, ხოლო არასათანადოდ დაფასებულ უძრავ ქონებას ასპარეზიდან აძევებს. მოკლედ, მისი ისტორიის კულმინაცია ჯერ კიდევ წინაა.

“მარკენტინგული პლატფორმის ცენტრალიზებისთვის შესაძლებლობები დავინახე, – ამბობს ის, – და მივხვდი, რომ ამ ბიზნესში რეაულური ძვრების განხორციელება შეგვეძლო. ეს, ფაქტობრივად, ინკუბატორია, ვენჩურული კაპიტალის მოდელი, სადაც ისეთი ტიპების პოვნა შემიძლია, როგორიცაა ბობ ლინდკუისტი [სანტა-ბარბარას] Qupé-დან. შემიძლია, მას საშუალება მივცე, მთელი ყურადღებით მარანზე კონცენტრირდეს, სადაც მას ბადალი არა ჰყავს. ხოლო ჩვენ, ამასობაში, გაყიდვებსა და მარკეტინგს მივხედოთ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ ეროვნული პლატფორმა შევქმენით, რომელსაც შვიდი რეგიონალური გაყიდვების დირექტორი ჰყავს, ხოლო მათ, თავის მხრივ, სამი რაიონული მენეჯერი ექვემდებარებათ”.

ეს ერთგული გაყიდვების თანამშრომლები დისტრიბუტორების პარალელურად მუშაობენ და ძირითადად მისიონერულ სამუშაოს ეწევიან, რასაც ბითუმად მოვაჭრეები თავს მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევენ. “ნომერი პირველი მიზანი ისაა, რომ ჩვენი დისტრიბუტორების საყვარელი მომმარაგებლები ვიყოთ”, – ამბობს ბენკსი. მერე კი უნდა გასცდნენ მათ და ინდუსტრიის წამყვან მოვაჭრეებსა და კლიენტებს მათი ბრენდების ისტორიები უამბონ.

ბენკსის ვენჩურულ ღვინის საწარმოებს დღეს დაახლოებით $35 მილიონის შემოსავალი მოაქვთ, მაგრამ ბენკსისთვის ეს გრძელვადიანი პროცესია. თავისი უკანასკნელი პროექტით – ნაპას ხეობის 127 წლის Mayacamas Vineyards-ით – ბენკსი და მისი პარტნიორები, შოტენსტეინების ოჯახი, მორიგ მნიშვნელოვან გამოწვევას შეეჭიდნენ. Mayacamas-ის ძველმოდური, კლდეებზე გაშენებული ვენახების დამუშავება დიდ ჯაფას მოითხოვს, მომხმარებლის მეხსიერებაში კი მისი დიდების დღეები გაუფერულდა, თუმცა, ბენკსის აზრით, ეს ისეთი ადგილია, “სადაც წლების განმავლობაში ჩეკებს გამოვწერთ”.

ბენკსის ყველა პარტნიორი როდია მის მიერ არჩეული გეზით კმაყოფილი. NBA-ის ვარსკვლავს, ტიმ დანკენს, რომელიც ბენკსის ბიზნესში ინვესტიციებს ლამის ოცი წელია, აკეთებს, ახლა მის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი რამდენიმე გარიგებაში ნდობის ბოროტად გამოყენებისა და ვალდებულებების დარღვევის ბრალდებით, აქედან ზოგიერთი გარიგება ღვინის საწარმოებში ინვესტიციებს ეხება (ბენკსი, რომელიც ნებისმიერი სახის თაღლითობას გამორიცხავს, ამბობს: ,,აგრესიულად ვუტევთ, რომ მისი სარჩელი გავასაჩივროთ”).

მაგრამ ბენკსი კმაყოფილებას იმგვარი რამეებით იღებს, უმეტეს ინვესტორებს ყურადღების მიღმა რომ დარჩებოდათ… როგორც, მაგალითად, იმ დღეს, განთქმული მეღვინე, Mayacamas-ში ახალდანიშნული ენდი ერიკსონი რომ ეწვია და მადლობა რომ გადაუხადა ახალი, უმოწყალოდ ძვირი, მაღალტექნოლოგიური ყურძნის დამახარისხებლისთვის… მერე კი მისი უკან დაბრუნება სთხოვა.

“მაგარი იყო, – ამბობს ბენკსი. – ჩვენი არ ვეძებდით “სრულყოფილებას”, რომელიც ამ ადგილს თავის ხასიათს დაუკარგავდა. ჩვენ ვაბი-საბის არასრულყოფილება ავირჩიეთ. სწორედ ამ დღეს ვიგრძენი, რომ, ჰო, ეს მუშაობს… ისტორიას Mayacama ქმნის და არა ჩარლზ ბენკსი ან ენდი ერიკსონი. ესაა სწორედ ავთენტურობა. ესაა ამ ბრენდის ხმა”.