ვიეტნამელ მაგნატს $12-მილიარდიან თაღლითობის საქმეზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ვიეტნამელ მაგნატს $12-მილიარდიან თაღლითობის საქმეზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

უძრავი ქონების ვიეტნამელ მაგნატს, ქვეყნის ისტორიაში თაღლითობის ყველაზე დიდ საქმეში მონაწილეობისთვის, სიკვდილით დასჯა მიესაჯა. საქმე ეხება $12.46 მილიარდის ფინანსურ თაღლითობას, რომელიც ვიეტნამისთვის რეკორდულია.

ტრუონ მაი ლანი უძრავი ქონების დეველოპერ Van Thinh Phat Holdings Group-ის თავმჯდომარეა. ლანი სასამართლომ დამნაშავედ რამდენიმე ბრალდებაში ცნო, მათ შორის: ქრთამის აღება, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა, საბანკო წესების დარღვევა და თანხის გაფლანგვა.

67 წლის ლანი 2022 წელს დააკავეს. ვიეტნამელი მაგნატის წინააღმდეგ წაყენებული მთავარი ბრალდება 2018 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე, საიგონის კომერციული ბანკის თანხების გაფლანგვას შეეხებოდა.

ვიეტნამის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ლანს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 15 დღის განმავლობაში აქვს. თანხის გაფლანგვის ბრალდებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის მიუხედავადაც, ლანს ორ სხვა საქმეზე – საბანკო წესების დარღვევა და ქრთამის შეთავაზება – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომუნისტური ვიეტნამისთვის სიკვდილით დასჯა უჩვეულო ნამდვილად არ არის. ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომა 22 დანაშაულისთვისაა გათვალისწინებული, მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად შეეფარდება ეკონომიკური დანაშაულების ჩამდენებს. კორუფციის ბრალდებით სიკვდილის დასჯის ბოლო ცნობილი შემთხვევა 2013 წელს მოხდა. მაშინ ვიეტნამის ეროვნული საზღვაო ხაზების ორი ყოფილი აღმასრულებელი თანხების გაფლანგვაში ცნეს დამნაშავედ.