ვინ მართავს კრიზისს – ჩვენ თუ ვირუსი?

ვინ მართავს კრიზისს – ჩვენ თუ ვირუსი?

საქართველოს დაბალი მაჩვენებლები ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორი თვის თავზე აჩენს იმედს, რომ ქვეყანა ამ ეპიდემიას სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ადამიანური დანაკარგით გადაიტანს. ამ წერილის დაწერის მომენტისათვის (27 აპრილი), საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 497 და გარდაცვალების 6 შემთხვევაა, მაშინ როდესაც სომხეთში ეს რიცხვები შესაბამისად არის 1808 და 29, ხოლო აზერბაიჯანში – 1678 და 22.

მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ თავის დამშვიდება ჯერ ადრეა. მართალიცაა. მილიონ ადამიანზე ჩატარებული ტესტები რაოდენობით საქართველო (2884 ტესტი მილიონ მოსახლეზე) მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ მეზობელ აზერბაიჯანსა (12704) და სომხეთს (6259), არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას.

ტესტები, რომელზეც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ “პანაცეა არაა”, ეპიდემიოლოგიური სურათის უფრო მკაფიოდ დანახვის საშუალებას იძლევა. ეს კი აუცილებელია, რომ სწორი ბალანსი მოინახოს ფიზიკური დისტანცირებისათვის დაწესებულ შეზღუდვებსა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას შორის.

ჩვენთან მთავრობამ ფიზიკური დისტანცირების მკაცრ ზომებს მიმართა ისე, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყოფილი ჰოსპიტალური საწოლები 30%-ითაც კი არ დატვირთულა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დროისათვის საავადმყოფოში აწვენენ ყველა ინფიცირებულს, რომელთაგან უდიდესი ნაწილი წესით სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თვითიზოლაციის პირობებში უნდა გადიოდეს მკურნალობას. ანუ სინამდვილეში, ჰოსპიტალური სექტორის რეალური დატვირთვა ჯერჯერობით მინიმალურია.

[რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება ყველა პაციენტს არ ჰქონდეს სახლში თვითიზოლაციისათვის აუცილებელი პირობები, თუმცა ეს არგუმენტი მაშინვე იხსნება, როგორც კი ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორი თავისი მაქსიმალური დატვირთვის მაჩვენებელს უახლოვდება და ისედაც საჭირო ხდება მსუბუქი პაციენეტების სახლში მკურნალობა. ან, თუ თვითიზოლაცია სახლში შეუძლებელია, ამისათვის სპეციალური სივრცეები უნდა გამოიყოს.]

მკითხველის იკითხავს: თუ ჰოსპიტალური სექტორი არ დატვირთულა, ძალიანაც კარგი! განა ღირს ფიზიკური დისტანცირებისათვის შემოღებული მკაცრი წესების მიშვება და რისკის გაზრდა? მდგომარეობა ხელიდან რომ გაგვექცეს? განა ღირს, გამოცდის წინაშე დავაყენოთ ჰოსპიტალური სექტორი? ჰოსპიტალური სექტორის მეტი დატვირთვა ხომ სიკვდილიანობასაც ზრდის, როგორც ეს იტალიის ან ესპანეთის მაგალითზე ვნახეთ?

ლოგიკა ამ კითხვებში არის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავრობამ არა მხოლოდ ტესტების მომარაგების საკითხში აჩვენა სისუსტე, არამედ პაციენტების ნაკადების მართვის სქემის დანერგვასა და უკლებლივ ყველა საავადმყოფოს (და არა მხოლოდ COVID-საავადმყოფოების ან “ცხელების კლინიკების”) სათანადოდ ეკიპირების, აღჭურვისა და მედპერსონალის ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმებში სათანადო წვრთნის საკითხებშიც. ინფიცირებულთა ასეთი დაბალი რიცხვის პირობებში მედპერსონალის ინფიცირების დაახლოებით 8%-იანი მაჩვენებელი ამაზე მეტყველებს.

ამ კითხვებზე პასუხები არსებობს.

ფიზიკური დისტანცირება ვირუსს არ აქრობს, ის მხოლოდ ანელებს მის გავრცელებას. როგორც უკვე ყველამ ვიცით, შეზღუდვები გრაფიკზე მოსალოდნელ ციცაბო პიკს ადაბლებს და ახალი შემთხვევების რაოდენობას ისე ამცირებს, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა დატვირთვას გაუძლოს. საქართველოში პიკი დადაბლდა და დროც მოვიგეთ, მაგრამ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, გამოიყენა თუ არა მთავრობამ ეს მოგებული დრო ჰოსპიტალური სექტორის სიმძლავრეების გასაზრდელად, საავადმყოფოების უკეთ აღსაჭურვად, სამედიცინო პერსონალის გადასამზადებლად და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნე, მედპერსონალის ინფიცირების დაახლოებით 8%-იანი მაჩვენებელი ასეთი დაბალი დატვირთვის პირობებში დამაიმედებელი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

ამასთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები, იმუნოლოგები და ინფექციონისტები გვეუბნებიან, რომ ვაქცინის შექმნამდე ვირუსი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უნდა შეხვდეს, რომ საზოგადოებამ ერთობლივად პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი გამოიმუშაოს და ამ კარჩაკეტილობით ვირუსის ტყვედ არ იქცეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვმართოთ ვირუსი და არა ვირუსმა – ჩვენ.

ანუ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი სასიხარულოა მოკლევადიანად, მაგრამ შეიძლება დიდ ეკონომიკურ და სოციალურ ტვირთად იქცეს გრძელვადიანად. თუ მეზობელი ქვეყნები მოგვასწრებენ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებას, ისინი საზღვრებს გახსნიან და ეკონომიკას აამუშავებენ უფრო სწრაფად, ჩვენ კი კარჩაკეტილობაში უფრო მეტხანს მოგვიწევს ყოფნა “ვირუსის აფეთქების” შიშით. ისევ გრაფიკს რომ დავუბრუნდეთ, პიკის დადაბლება და მისი ციცაბოს პლატოდ გადაქცევა დროში მის გაწელვას ნიშნავს, რადგან ვირუსმა ყოველ პოპულაციაში გარკვეული პროცენტი უნდა მოიცვას, რომ კარჩაკეტილობიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგაც კი გავრცელებისათვის სულ უფრო ნაკლები რესურსი ჰქონდეს და ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრი კლება დაიწყოს.

ამიტომაცაა საჭირო ფიზიკური დისტანცირებისათვის დაწესებულ შეზღუდვებსა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას შორის სწორი ბალანსის მოძებნა, რაც გულისხმობს, რომ სასწორის ორივე – როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის – მხარეს სიცოცხლე დევს. ოღონდ ჯანდაცვის მხარეზე COVID-19-ით გამოწვეულ მსხვერპლს მყისიერად ვხედავთ და ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლით ვზომავთ (რაც ჯერ, სხვათა შორის, საბოლოოდ დადგენილი არაა), ეკონომიკის მხარეს სიღატაკის ზრდით გამოწვეული მსხვერპლი კი ასე პირდაპირ არ ჩანს (თუმცა არსებობს კვლევები, რომლებიც, მაგალითად, ეკონომიკურ ვარდნასა და 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას შორის კავშირს ადგენს).

ამიტომ ფიზიკური დისტანცირებისათვის საჭირო შეზღუდვების გამოყენებასაც თავისი ტექნიკა სჭირდება, რომ ეკონომიკას იმაზე მეტი ზიანი არ მიადგეს და სიღარიბე იმაზე მეტად არ გაიზარდოს, ვიდრე ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნების უზრუნველყოფას სჭირდება. მთავრობას უნდა ჰქონდეს მუშა მოდელი, რომელიც აჩვენებს შეზღუდვების კავშირს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობის კავშირს – ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვასთან.

ასეთი მოდელით შექმნილი კრიზისის მართვა ეფექტიანი ხდება. სწორედ ასეთ მოდელებს იყენებენ ქვეყნები, როდესაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმას აანონსებენ და თითოეული ეტაპისთვის კრიტერიუმებს ადგენენ, რა კონკრეტული მაჩვენებლების შემთხვევაში გადადიან მოქმედების შემდგომ ეტაპზე. ამ მოდელის ასაგებად ტესტირება საკვანძოა.

ფართო დიაგნოსტიკაა იმის საფუძველი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო ზუსტად გავიგოთ,  ეპიდემიოლოგიური სურათი უფრო ცხადად დავინახოთ და არ გამოგვრჩეს უსიმპტომო ან მსუბუქსიმპტომიან ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებსაც ისე გადააქვთ ვირუსი და ისე ავრცელებნ მას, რომ თავადაც არ იციან ამის თაობაზე. ანუ ფართო დიაგნოსტიკა გვჭირდება სწორი ანალიზისთვისაც და ვირუსის გავრცელების შესანელებლადაც.

ყველგან, სადაც მოსახლეობაში ინფექციის დონის გასაზომი კვლევები ჩატარდა (ავსტრია, ისლანდია, სანტა-კლარას დასახლება კალიფორნიაში, ქალაქი ნიუ იორკი) გამოვლინდა, რომ ინფექცია უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე ოფიციალურად გამოქვეყნებული რიცხვები აჩვენებდა. გავრცელების მაჩვენებლი იცვლება 0.33%-დან (ავსტრია) 14%-მდე (ნიუ იორკი).

ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ ტესტირება საჭიროა არა მხოლოდ ვირუსის ეფექტურად შესაბოჭად, რომ ახლადაღმოჩენილ კლასტერებში ჩატარდეს კონტაქტების ლაბორატიული დიაგნოსტიკა და არა მხოლოდ თერმოსკრინინგი, მით უმეტეს, როდესაც ბევრ შემთხვევაში ინფექციის უსიპმტომოდ მიმდინარეობსი ფონზე. ტესტირება საჭიროა იმისთვისაც, რომ ჩვენი ქმედება რიცხვებს დაეფუძნოს და არა ტელევიზორების ეკრანებიდან “გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას”.

და ბოლოს, ეკონომიკურ ზიანზე.

რაც უნდა ქამრები შემოიჭიროს მთავრობამ – სამწუხაროდ, არაერთხელ დაანონსების მიუხედავად, განვლილ წლებში ეს არასოდეს გაუკეთებია – საგარეო ვალის აღების გარეშე ფონს ვერ გავალთ. ოღონდ აქ მთავრობამ 3 რამ უნდა გაითვალისწინოს:

  • როგორც ზემოთ აღვწერე, ეკონომიკური ზიანი მივიღოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს სჭირდება,
  • ზიანის საპასუხოდ, პირველ რიგში, ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ, რაც ბიუჯეტის რადიკალურ გადალაგებას უნდა გულისხმობდეს და არა კოსმეტიკურ ცვლილებებს (სამწუხაროდ, ანტიკრიზისულ პრეზენტაციას მთავრობამ ეს არსებითი ნაწილი არ მოაყოლა), და
  • აღებული ვალი მოხმარდეს მართლაც აუცილებელ ღონისძიებებს.

სხვაგვარად შეგვრჩება მნიშვნელოვნად გაზრდილი საგარეო ვალი, გაღარიბებული მოსახლეობა და გამოწვევები, რომლის დაძლევას მხოლოდ ერთი თაობის ძალისხმევა არ ეყოფა. მაშინ გამოვა, რომ “ვირუსმა” გვმართა ჩვენ და არა ჩვენ – “ვირუსი”. ოღონდ ამჯერად “ვირუსი” არა მხოლოდ ახალ კორონავირუსს ნიშნავს, არამედ არადემოკრატიულ და არაეფექტიან მმართველობას, კორუფციასა და უყაირათობას, მთავრობის მიერ საზოგადოების ინტერესების დიდწილად უგულვებელყოფას და გაზრდილ პრობლემებთან კონკრეტული მოქალაქის მარტოდ დატოვებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *