Volkswagen Group-ი 50,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს | კომპანიამ მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა დაამტკიცა

Volkswagen Group-ი 50,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს | კომპანიამ მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა დაამტკიცა

ფოტო: Bloomberg/Getty Images

 

Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ კომპანიის მასშტაბური რესტრუქტურიზაციისთვის გეგმა დაამტკიცა, რომელიც ჯგუფში დამატებით 50,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებასა და საწარმოო ხაზის თითქმის განახევრებას ითვალისწინებს.

Future Plan-ის სახელით ცნობილი გეგმით Volkswagen-ის 89-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რესტრუქტურიზაცია განხორციელდება. ფინანსური პრობლემების ფონზე, გერმანული ავტომწარმოებელი აშშ-ის ტარიფებით გამოწვეულ ზეწოლასთან, საწარმოო სიმძლავრეების სიჭარბესა და ჩინური კომპანიების მხრიდან გაზრდილ კონკურენციასთან გამკლავებას ცდილობს, რაც, VW-ის გეგმით, ხარჯების მკვეთრ შემცირებას მოითხოვს.

არსებული გეგმით, Volkswagen-ი 2030 წლამდე დამატებით 50,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რითაც ჯგუფის მასშტაბით შემცირებული პოზიციების საერთო რაოდენობა შესაძლოა დაახლოებით 100,000-მდე გაიზარდოს. 2035 წლამდე კი კომპანიის საწარმოო ხაზიც თითქმის განახევრდება.

რესტრუქტურიზაციის გეგმაში ასევე ნახსენებია გერმანიაში მდებარე ოთხი ქარხანა, სადაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ავტომობილების წარმოება ეტაპობრივად უნდა დასრულდეს. ამის მიუხედავად, ამ დრომდე Volkswagen-ს ქარხნების დახურვის განზრახვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია. შესაბამისად, უცნობია, თუ რა ბედი ეწევათ მათ არსებული ხაზის წარმოების დასრულების შემდეგ.

გეგმის დამტკიცებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ. დღის ბოლოს Volkswagen-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 7.9%-ით გაიზარდა.