“კახური ტრადიციული მეღვინეობის” (KTW) დამფუძნებელ ზურაბ ჩხაიძისთვის “ბიზნესი ველოსიპედს ჰგავს, რომლის პედლები მუდმივად უნდა ატრიალო, რომ წინ წახვიდე”. როგორც ბიზნესმენი, ყოველთვის ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა და მის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგიც აშკარაა. KTW ჯგუფი წლიდან წლამდე იზრდება, ისევე როგორც მის მიერ ჩამოსხმული ღვინისა და კონიაკის საექსპორტო ბაზრები და კომპანიებში დასაქმებული ადამიანების რიცხვიც. სულ ახლახან ჯგუფმა ახალი მიმართულების განვითარება დაიწყო: სავაჭრო ნიშნით “ნენა” ქართულ ბაზარზე ჯემები, მურაბები და კომპოტები გამოჩნდა. ახალი პროდუქტის უკან კი ხილის გადამმუშავებელი ორი საწარმო დგას ჩოხატაურსა და ქედაში, რომლებსაც ზურაბ ჩხაიძე “სოციალურ პროექტს” უწოდებს.
ზურაბ ჩხაიძის ბიზნესის წარმოების გამოცდილება სათავეს “ასკანელი ძმებიდან” იღებს, რომელსაც ორ ძმასთან ერთად მართავდა. 2001 წელს სრულიად მარტომ გადაწყვიტა “კახური ტრადიციული მეღვინეობის” შექმნა, რისთვისაც “ვოლვოს” მარკის ახალი მანქანა ბანკში “დააყენა” და სანაცვლოდ 5 ათასი დოლარი მიიღო.
“მაშინ იპოთეკა არ იყო, მანქანა უნდა დაგეყენებინა”, – მიხსნის KTW ჯგუფის დამფუძნებელი.
სანამ კომპანიის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბევრი იფიქრა, რადგან ღვინის ბაზარზე კონკურენციაც დიდი იყო და ფალსიფიკაციაც, თუმცა ვინაიდან ღვინის წარმოების კულტურა მისი გვარისა და ოჯახისთვის ორგანული იყო, ბოლოს მაინც გარისკა: გუმანი კარნახობდა, რომ საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად პოტენციალი დიდი იყო.
KTW ჯგუფმა ერთი კონტეინერით დაიწყო და პირველად უკრაინის ბაზარზე შევიდა, რასაც რუსეთისა და ბალტიისპირეთის ბაზრები მოჰყვა. გუმანმა გაამართლა, იზრდებოდა პარტნიორების რიცხვი და, შესაბამისად, გაყიდვებიც. 2004 წელს კომპანიამ ღვინის გამოხდის ტექნოლოგია დანერგა, საკონიაკე სპირტი მიიღო და მის პორტფელს ჩქარი დაძველების მეთოდით შექმნილი ქართული კონიაკი “ძველი კახეთიც” შეემატა.
საქმეები კარგად მიდიოდა, თუმცა 2006 წელს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა – რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის ბაზარი ჩაკეტა და KTW ჯგუფმა უკვე გადატვირთულ პროდუქციაზე თანხების დაბრუნება ვეღარ შეძლო. ზარალი 200 ათას დოლარს აღწევდა, რაც “მაშინ ორი მილიონის ტოლფასი იყო”.
“ეს კომპანია შექმნილია ნულიდან და ემყარება კვლავწარმოებას, ანუ ყოველი შემოსული თანხა რეინვესტირდება და, შესაბამისად, საბრუნავი საშუალებების დეფიციტი მუდამ გვქონდა. შექმნილმა სიტუაციამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა”, – იხსენებს ზურაბ ჩხაიძე.
მიუხედავად ამისა, KTW ჯგუფმა ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად წარმოების წარმატების რელსებზე დაბრუნება მოახერხა და დღეს ღვინოსა და კონიაკს 17 ქვეყანაში ყიდის. გარდა ამისა, კომპანიამ 2008 წლის ფინანსური კრიზისი გამოიყენა როგორც შესაძლებლობა, გასულიყო უკრაინის ბაზარზე. როცა კრიზისმა გაყიდვებით KTW-ზე წინ მდგომი ბრენდების მწარმოებლებს ფინანსურად დაარტყა, ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა და KTW-ის გაყიდვებიც სწორედ მაშინ გაიზარდა – “ძველი კახეთის” გაყიდვებმა მეოთხე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ეს სტიმული აღმოჩნდა კომპანიის გაფართოებისთვის და ახალი ბრენდების შესაქმნელად, რაშიც კომპანიას პარტნიორი ბანკი დაეხმარა და ამასობაში რუსეთის ბაზარიც ისევ გაიხსნა.
“კომპანიას რეალურად ძლიერი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, იყო ლიდერი ექსპორტის ბაზარზე კონიაკის მიმართულებით და დაინტერესებაც სწორედ აქედან მოდიოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში რუსეთის ბაზარიც გაიხსნა და გაყიდვების ზრდის მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, რაც დამატებითი შესაძლებლობა იყო კომპანიისთვის. შესაბამისად, ახალი საწარმოების დაფინანსებაც უფრო მიზანშეწონილი იყო, რომ კომპანია წარმოების უფრო დიდ მასშტაბებზე აგვეყვანა და ამაში ჩვენც “გაგვერისკა”, – იხსენებს “საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსი ვასილ ხოდელი.
KTW ჯგუფისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, როცა ბანკმა კომპანიას 600 ათასი დოლარის მოცულობის სამი აგროკრედიტი დაუმტკიცა ახალი ღვინის საწარმოების ასაშენებლად – ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. იმავე წელს, რთველის პერიოდში კომპანიამ ბანკისგან 3,7 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო და ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა. “საქართველოს ბანკმა” დააფინანსა აგროკრედიტით ხილის გადამმუშავებელი ორი ახალი საწარმო ქედასა და ჩოხატაურშიც – თითოეულ პროექტზე კომპანიამ 400 ათასი დოლარის გრანტი მიიღო, ხოლო ნახევარმილიონიანი გრძელვადიანი კრედიტის პროცენტს სახელმწიფო უსუბსიდირებს. 2015 წლის ზაფხულში საწარმომ პირველი მზა პროდუქცია გამოუშვა სავაჭრო ნიშნით “ნენა”, რომლის რამდენიმე პარტია ექსპორტზე ჩინეთშიც გავიდა.
“ჩინეთი ჩვენთვის არის აღმოჩენა, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე. – შვიდი წლის წინ დავიწყეთ მათთან ურთიერთობა ძალიან მწირი გადატვირთვებით და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ურთიერთობები ძალიან განვითარდა, რაც სახელმწიფოს ძალისხმევამ განაპირობა”.
დღეს “კახურ ტრადიციულ მეღვინეობას” ჩინეთში შვიდი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს და გაყიდვებიც მუდმივად მზარდია, თუმცა ექსპორტის ყველაზე დიდი წილი, 40%-მდე, მაინც რუსეთზე მოდის. მიუხედავად არსებული რისკებისა, ზურაბ ჩხაიძეს სჯერა, რომ ამ ბაზარზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში “პოზიტივი უფრო მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი”.
დღეისთვის KTW-ის საწარმოო სიმძლავრეები და აქტივები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: ღვინისა და სპირტის ქარხნები პატარძეულში, ველისციხესა და ქედაში, “სადაც არაჩვეულებრივი ჩხავერი და ცოლიკაური მოდის”. გარდა ამისა, ხილის გადამმუშავებელი ორი ახალი თანამედროვე ტიპის ქარხანა ჩოხატაურსა და ქედაში; სამი მარნის ტიპის ტურისტული კომპლექსი საგურამოში, ველისციხესა და მცხეთაში. ამას დამატებული ტურისტული მაღაზიები და ღვინის სალონები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე პროექტებიდან ერთი ღვინის ქარხანაა, – მისი გახსნა მომავალ წელს იგეგმება. ჯამში KTW ჯგუფი 350 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის ქარხნებს ჯამურად 25 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობა აქვთ და, მაგალითად, შარშან კომპანიამ 23 ატასი ტონა ყურძენი გადაამუშავა. წელს ცოტა ნაკლები, “რადგან ყურძენი არ იყო დიდი რაოდენობით”. ბოლო ორი წელია, გაყიდვები 10 მილიონი ერთეულის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შარშან ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. ზურაბ ჩხაიძეს იმედი აქვს, რომ წელს გაყიდვები 30%-ით გაიზრდება და ნელ-ნელა საწყის ნიშნულს დაუბრუნდება.
“დღიდან გახსნისა, ჩემი გადაწყვეტილებით მიღებული ყველა თანხა, გარდა იმისა, რაც ოპერირებას სჭირდება, კომპანიაში რეინვესტირდება. ვსარგებლობთ საბანკო პორტფელებით ყველა კომპონენტში და რამდენიმეწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს “საქართველოს ბანკთან”. რომ არა მათი თანადგომა, მას შემდეგ, რაც დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და მყარი პარტნიორი, ამდენ პროექტს ვერ განვახორციელებდით. ვფიქრობ, ბანკისთვისაც საინტერესოა ჩვენი ჯგუფი, რადგან მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ, მზარდი ბიზნესი გვაქვს და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხების მოცულობა”, – აბობს ზურაბ ჩხაიძე.
მიმდინარე წელს “საქართველოს ბანკმა” კომპანიას 2 მილიონი დოლარის დაფინანსება გამოუყო ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმოს მშენებლობა-აღჭურვისთვის. სამუშაოები ზუსტად სამ თვეში დასრულდა და რთველის პერიოდისთვის ქარხანა უკვე მზად იყო ღვინის გამოსახდელად. “გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია პირადი ურთიერთობების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებისა თუ სხვა მომსახურების გაწევის ნებისმიერი გადაწყვეტილება დეტალური გათვლების, ანალიზისა და რისკების შეფასების შედეგად მიიღება, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია, რომ ორივე მხარის ინტერესები იქნას გათვალისწინებული. ურთიერთგაგება და ნდობა – ეს ორი ძირითადი ფაქტორია გრძელვადიანი და კარგი პარტნიორული ურთიერთობის განმსაზღვრელი”, – მიაჩნია “საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსს, ვასილ ხოდელს.
რადგან ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, “კახური ტრადიციული მეღვინეობა” ახალი მიმართულებებს უფრო გაბედულად ითვისებს. კომპანიას ღვინის ტურიზმის განვითარების სერიოზული გეგმები აქვს.
“ახლაც ვიღებთ ჩვენი კოლეგა ტურისტული კომპანიების მიერ შემოყვანილ ჯგუფებს საგურამოს, მცხეთისა და ველისციხის ღვინის მარნებში. წელს განსაკუთრებულად ბევრი ტურისტი იყო. ძალიან კმაყოფილები წავიდნენ და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტს ველით”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
მისი აზრით, ბევრია სამუშაო ღვინის წარმოების დახვეწის მიმართულებითაც, მით უმეტეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ევროპულ დახლებზე ქართულმა ღვინომ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს. ამისთვის KTW-ს პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. ჩეხეთში გახსნილმა კომპანიამ ლოგისტიკური საკითხები მოაგვარა და უპრობლემოდ ყიდის KTW-ს პროდუქციას ევროპულ ბაზრებზე. შედეგად, კომპანიამ წელს ევროპის მიმართულებით გადატვირთვები გააორმაგა. თუმცა სამუშაო ბევრია ღვინის ხარისხისა და სახეობების გაუმჯობესების მხრივაც.
“მაგალითად, ბევრი გვაქვს სამუშაო ქართულ მეღვინეობაში მუხის კასრში დავარგებული ღვინის მიმართულებით. ეს უნდა იყოს მარნული, შატოს ტიპის მეურნეობა, რაც ჩვენ მომავალ წელს გვაქვს დაგეგმილი”, – მიზიარებს საკუთარ გეგმებს KTW ჯგუფის დამფუძნებელი.
მისი აზრით, ახლა ევროპა უფრო წითელ ღვინოს ეტანება და ქართველმა მეღვინეებმა ამ მიმართულებით გარდა საფერავისა, ახალი ქართული ჯიშები უნდა მოძებნონ.
“ჩვენ საგურამოში გავაშენეთ დანახარული – ძველი ქართული ჯიში, ასევე ბუზა და შავკაპიტო. ეს იქნება ახალი ღვინოები, რომლებიც მომავალი წლიდან შეგვიძლია, მომხმარებელს შევთავაზოთ. სიმართლე გითხრათ, მეც მოუთმენლად ველი”, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე, რომელსაც, მისი თქმით, “ყველა ღვინო უყვარს”, თუმცა უფრო ხშირად იმ რეგიონის ღვინოს სვამს, რომელშიც იმყოფება.
ექსპერიმენტებისთვის მუდმივად მზად არის და სიახლეებში მთელ ენერგიას დებს. კითხვაზე, რამდენი უნდა ვიშრომოთ წარმატების მისაღწევად, მისი პასუხია: “იმაზე მეტი, ვიდრე დრო გვაქვს”.
დამწყები თუ განვითარების მსურველი მეწარმეებისთვის მისი რჩევაა, თვითონ აკეთონ საქმე, რომელშიც წარმატების მიღწევა სურთ. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პირველივე მცდელობა შედეგიანი.
კომპანიის ოფისში განთავსებულ სტენდებზე სხვადასხვანაირი ღვინოები აქვს გამოფენილი, თითოეულ მათგანს სცნობს და იცის, როდის, რომელ ქარხანაში და როგორ არის ჩამოსხმული. მიუხედავად ყველა ღვინის პატივისცემისა, მიაჩნია, რომ ქვევრის ღვინო მაინც საქართველოს სავიზიტო ბარათია და მომავალი წლების განმავლობაში ქართული ღვინის გაყიდვების ლოკომოტივის როლის შესრულება სწორედ მას მოუწევს.