WEF: ინკლუზიური განვითარებით საქართველო განვითარებად ქვეყნებში 32-ე ადგილზეა

WEF: ინკლუზიური განვითარებით საქართველო განვითარებად ქვეყნებში 32-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის ინკლუზიური განვითარების ინდექსი (IDI) გამოქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 103 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს ინსტიტუტების განვითარების, ცხოვრების ხარისხისა და მოსახლეობას შორის უთანსწორობის გათვალისწინებით.

რეიტინგში საქართველო განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფშია მოხვედრილი და მათ შორის 32-ე ადგილს იკავებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი საქართველოს ქულა რეიტინგში 6,8%-ით გაიზარდა. განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში მსოფლიოს 79 ქვეყანა შედის.  მათ შორის პირველ ადგილს ლიტვა იკავებს, მეორე პოზიციაზე კი უნგრეთია. საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მესამე ადგილზეა, თურქეთი მე-16-ზე, ხოლო რუსეთი კი მე-19-ზე, 45-ე პოზიციაზეა სომხეთი.

საქართველოს პოზიციები ძირითად კატეგორიებში შემდეგია:

  • ზრდა და განვითარება – 3,1 ქულით საქართველო 79 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზეა, ბოლო 5 წელში საქართველომ პოზიცია აღნიშნულ კატეგორიაში 10,2%-ით გაიუმჯობესა.
  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 34-ე ადგილი; ზრდა ბოლო 5 წელში 6,2%.
  • სამუშაო ძალის პროდუქტიულობა – 47-ე ადგილი; ზრდა 4,5%
  • ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა – 66,4 წელი. 23-ე ადგილი.
  • დასაქმებულთა რაოდენობა – 48-ე ადგილი, ზრდა ბოლო 5 წელში – 3,1%.

საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ჯინის კოეფიციენტის მიხედვით და ქვეყანამ ჯგუფში 43-ე ადგილი დაიკავა, რაც 5 პოზიციით შეცვლილი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიცია 7 ადგილით გაუარესდა სიმდიდრის განაწილების კატეგორიაში და ქვეყანამ 30-ე ადგილი დაიკავა. 

განვითარებული ქვეყნების ჯგუფში პირველ ადგილზე ნორვეგიაა. G7 ეკონომიკებიდან, რეიტინგში ყველაზე კარგ პოზიციას გერმანია იკავებს და ის მე-12-ე ადგილზეა. 

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, პირველი ათეულიდან 6 ქვეყანა ევროპულია: ლიტვა (1); უნგრეთი (2); ლატვია (4); პოლონეთი (5); ხორვატია (7) და რუმინეთი (10). მსოფლიო ეკონომიკურიფორუმი (WEF) აღნიშნავს, რომ ქვეყნები განსაკუთრებულ სარგებელს იღებენ ევროკავშირის წევრობისგან, შედეგად იზრდება ქვეყნებში ცხოვრების დონე და მცირდება უთანასწორობა.

ბოლო 5 წელიწადში ინკლუზიური განვითარების რეიტინგში საკუთარი პოზიცია 103 ქვეყნის 63%-მა გაიუმჯობესა.

უთანასწორობა მოსახლეობის შემოსავლებში განვითარებული ქვეყნების ჯგუფიდან 20 ქვეყანაში გაუარესდა ან იმავე მაჩვენებელზე დარჩა, 17 ქვეყანაში კი სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. განვითარებადი ქვეყნების 84%-ის შემთხვევაში უთანასწორობა შემოსავლებში შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *