ფოტო: Thomas Fuller/SOPA Images/LightRocket via Getty Images
Wikipedia-ს მმართველი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation-ის განცხადებით, მაისში მათ მონაცემთა სერვისში მომხდარი შეფერხება, შესაძლოა, OpenAI-ის უმართავი და არასანქცირებული AI-აგენტების მიერ გენერირებულ, დიდი მოცულობის ტრაფიკს უკავშირდებოდეს.
ორშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში Wikimedia-მ დაადასტურა, რომ მათ პლატფორმებზე OpenAI-ის ე.წ. „უმართავი“ აგენტების აქტივობები დაფიქსირდა. მათ შორის იყო მაისის ინციდენტიც, რამაც Wikidata Query Service-ის ნაწილობრივი გათიშვა გამოიწვია. ორგანიზაციის განცხადებით, პლატფორმამ შეფერხებით მუშაობა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც აგენტები მილიონობით გვერდს ეწვივნენ და ასობით ათას მონაცემზე მოთხოვნა გააკეთეს.
თუმცა პრობლემები მხოლოდ სერვისის გადატვირთვით არ შემოიფარგლებოდა. Wikimedia-ს ცნობით, OpenAI-ის აგენტებმა Wikimedia-ს ვებსაიტებზე უნებართვო ცვლილებების შეტანაც სცადეს. ორგანიზაციამ „პოტენციურად მავნე“ ცვლილებები ციტირების ხელსაწყოშიც აღმოაჩინა. ფონდის შეფასებით, ამ ცვლილებების მიზანი ხელსაწყოს ხელში ჩაგდების მცდელობა იყო. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ OpenAI-ის აგენტების მავნე აქტივობა ჩანაწერების გასაკეთებელ ინსტრუმენტზე — Etherpad-ზეც გავრცელდა.
Wikimedia Foundation-ის ბრალდებებს გამოეხმაურა OpenAI და განაცხადა, რომ მათი გუნდი ორგანიზაციის დასკვნებს სწავლობს და ინციდენტის მასშტაბისა და ხასიათის დადგენაზე მათთან თანამშრომლობს. თავის მხრივ, OpenAI ე.წ. AI-აგენტების „არასანქცირებული“ აქტივობის მასშტაბს ბოლო პერიოდია აქტიურად სწავლობს. მათ შორის, Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიაში ამ მიმართულებით შესაბამისი გამოძიებაც მიმდინარეობს.














