ამა წლის 5 ოქტომბერს, დიდხნიანი მოლოდინის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ახალ ოპერაციულ სისტემას – Windows 11-ს წარადგენს. ოპერაციული სისტემის განახლებას Windows 10-ის მქონე კომპიუტერების მფლობელები უფასოდ შეძლებენ. ამას გარდა, სწორედ 5 ოქტომბერს გამოჩნდება პირველი კომპიუტერები, რომელთაც Windows 11-ის ოპერაციული სისტემით ავტომატურად აღჭურვავენ. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ ეს Windows-ის პირველი საფუძვლიანი განახლებაა.
ახალი ოპერაციული სისტემის გამოსვლას Microsoft-მა თერთმეტპუნქტიანი ბლოგი მიუძღვნა, რომელშიც Windows 11-ის განახლებები განიხილა. განახლდა ვიზუალური და ხმოვანი დიზაინი – ის უფრო თანამედროვე, სუფთა და ლამაზია და მომხმარებლებს სიმშვიდე უნდა მოჰგვაროს. შეიცვალა Start ღილაკი, დაემატა სხვადასხვა ვიჯეტი, ხოლო Microsoft Teams-ის ჩატის ფუნქცია Taskbar-ში გამოჩნდა, რაც მომხმარებლებს მათ კონტაქტებთან კავშირს გაუმარტივებს. ასევე განახლდა ხმის კონტროლის, შეხებისა და ციფრული კალმის ფუნქციები და ზოგადად – დაიხვეწა ოპერაციული სისტემის სიჩქარე და ეფექტურობა.
Microsoft-ის თქმით, კომპიუტერული თამაშების კუთხით, Windows 11 მათ ოპერაციულ სისტემებს შორის საუკეთესოა – სისტემა უზრუნველყოფილია Direct X12 Ultimate, DirectStorage და AudioHDR ფუნქციებით, ხოლო Xbox Game Pass-ის შეძენის შემთხვევაში, რომელიც ცალკე გაიყიდება, მომხმარებლები მაღალი გარჩევადობის მქონე 100-ზე მეტი თამაშის გადმოწერას შეძლებენ.
Windows 11-ს განახლებული Microsoft Store ექნება, რომელშიც მომხმარებლები მათთვის სასურველი აპლიკაციების დაძებნას უფრო მარტივად შეძლებენ. Microsoft-ი იმასაც აღნიშნავს, რომ Amazon-თან და Intel-თან თანამშრომლობით, ახალ ოპერაციულ სისტემაში ანდროიდის აპლიკაციების ინტეგრირება სურთ. გარდა ამისა, განახლებული Microsoft Store უფრო ღია იქნება დეველოპერებისა და კრეატორებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი აპლიკაციების განთავსებას უფრო მარტივად შეძლებენ.
„Windows-ი მეტია, ვიდრე ოპერაციული სისტემა – ეს ის სივრცეა, რომელშიც ადამიანებს ვუკავშირდებით, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვერთობით. ერთი სული გვაქვს ვნახოთ, Windows 11 რისი გაკეთებისა და შექმნის საშუალებას მოგცემთ“, – აღნიშნა Microsoft-ის პროდუქტების ხელმძღვანელმა, პანოს პანაიმ.