ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დეტალები

ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დეტალები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, მოულოდნელი ვიზიტით, გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა. როგორც ჩანს, ლონდონი, ევროპის დედაქალაქებში გამოუცხადებელი დიპლომატიური ტურის ფარგლებში, პირველი დანიშნულებაა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ეწვია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ მეორე საგარეო ვიზიტია. გასული წლის დეკემბერში ზელენსკი ვაშინგტონში იმყოფებოდა. „ლონდონი პირველივე დღიდან დგას კიევის გვერდით. სრულმასშტაბიანი ომის პირველი წამებიდან და წუთებიდან. დიდმა ბრიტანეთმა მაშინ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა ემოქმედა“, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას.

ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილს უკრაინელი გამანადგურებლის მფრინავის ჩაფხუტიც გადასცა, მასზე წარწერით: „ჩვენ გვაქვს თავისუფლება. მოგვეცით ფრთები მის დასაცავად“. მოგვიანებით, ზელენსკისა და სუნაკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფრის განხილვაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც საქმე რუსეთთან საბრძოლველად უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას ეხება.

„თანამედროვე თვითმფრინავების მიწოდებამდე, უკრაინას უნდა ჰყავდეს ჯარისკაცები და ავიატორები, რომლებსაც მათი გამოყენება შეეძლებათ. ეს არის პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება და რომელიც ჩვენ დღეს დავიწყეთ“, – დასძინა პრემიერმა სუნაკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სუნაკის სპიკერ მაქს ბლეინის ინფორმაციით, მთავრობაში ჯერ განიხილავენ, თუ რომელი თვითმფრინავების მიწოდებას შეძლებენ უკრაინისთვის, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება F-35-ისა ან Typhoon-ის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ჯერ მიღებული არაა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა უკრაინისთვის როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი აღჭურვილობის გადაცემა. პირველი მათგანი ქვეყანას უახლოეს პერიოდში ომში გამარჯვებაში დაეხმარება, მეორე კი ნიშნავს, რომ უკრაინას ექნება ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ის მოითხოვს“, – აღნიშნა ბლეინმა.

პრემიერისა და კაბინეტის წევრების წინაშე ზელენსკის გამოსვლა ვესტმინსტერის დარბაზის ისტორიულ ნაწილში, ვესტმინსტერის სასახლის უძველეს ფრთაში გაიმართა – იქ, სადაც დედოფალი ელისაბედი დაასვენეს და სადაც 2011 წელს მიმართვით აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა.

უკრაინის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა პრემიერ სუნაკს, მათ შორის ბრიტანეთის ინიციატივისთვის, გადაამზადოს უკრაინელი მფრინავები ნატოს სტანდარტების მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით და აღნიშნა ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის ურყევი მხარდაჭერაც, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან გამოიჩინა.

ბუკინგემის სასახლეში შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამეს შორის. „ჩვენ, ყველას გვაწუხებს თქვენი მდგომარეობა და მუდმივად ვფიქრობთ თქვენს ქვეყანაზე“, – განუცხადა მონარქმა ზელენსკის, ხოლო უკრაინის ლიდერმა ჩარლზ მესამეს მეფედ კურთხევა მიულოცა და ბრიტანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ზელენსკი ბრიტანეთში სწორედ მაშინ ჩავიდა, როდესაც კიევი დასავლეთს დამატებითი იარაღის მიწოდებისა და სამხედრო დახმარების გაზრდისაკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი უკრაინელ ჯარისკაცებსაც შეხვდა, რომლებიც ბრიტანულ ძალებთან წვრთნებს გადიან და პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინისთვის პრიორიტეტული დამატებითი იარაღის მიღებაა. „როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, დიდი იქნება ის თუ პატარა, გაიგებს, რა მოელის მას, ვინც საერთაშორისო წესრიგზე მიიტანს შეტევას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პოტენციურ საგაზაფხულო შეტევასთან გასამკლავებლად, კიევში დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაგზავნის. სუნაკის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო გააფართოებს უკრაინელი მოიერიშე თვითმფრინავებისა და საზღვაო ქვეითების წვრთნას, ამასთანავე კი განახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციას უკრაინის არმიაში.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტი პარიზში გაემგზავრა, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დახვდნენ. „საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ პოტენციალი, თამაშის შემცვლელის როლი ითამაშონ… რაც უფრო მალე შეძლებს უკრაინა შორსმოქმედი იარაღისა და თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, მით უფრო ძლიერი გახდება ჩვენი კოალიციაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *