პარიზში მიმდინარე ზაფხულის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მეხუთე მედალი მოიპოვა. ზურაბ ზურაბიანმა პარაძიუდოში, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიგო. ის ფინალში უზბეკ შერზოდ ნამოზოვთან დამარცხდა.
ზურაბ ზურაბიანმა ტურნირზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ჩილელ იოჰან ერერას დაუპირისპირდა. ქართველმა პარაძიუდოისტმა შეხვედრა ვაზარით მოიგო. ამის შემდეგ, ნახევარფინალში, ზურაბის მეტოქე ალჟირელი იშაკ ოლდკოუდერი იყო, რომელმაც შეხვედრაში სამი შიდო მიიღო და ფინალის საგზურიც ზურაბიანმა მოიპოვა.
როგორც აღვნიშნეთ, პარიზის პარაოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს უკვე ხუთი მედალი აქვს მოპოვებული: ზურაბ ზურაბიანის ვერცხლამდე, ანა ჯაფარიძემ პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიგო ბრინმოიგო, გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში ოქროს მედალს დაეუფლა, ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ვლადიმერ ჭინჭარაული კი სროლაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები 28 აგვისტოს ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. პარასპორტსმენებს შორის სპორტის 22 სახეობაში შეჯიბრი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარიზის პარაოლიმპიადაზე 14 წარმომადგენელი ჰყავს.