ზურმუხტის სანაპიროს ახალი მარგალიტი

ზურმუხტის სანაპიროს ახალი მარგალიტი

ნიკარაგუის პირველი მდიდრული კურორტის – მუკულის გახსნით მეწარმე კარლოს პელასმა კაპიტალი თავისი ქვეყნის მომავალში დააბანდა.

„ჩემთვის უდიდესი მოტივაცია მუკულის ასაშენებლად, ინვესტიციების სფეროში დაბრუნება არ ყოფილა, – ამბობს ნიკარაგუელი მეწარმე კარლოს პელასი, რომელიც ქვეყნის პირველი, ჭეშმარიტად მდიდრული ზღვის კურორტის სულისჩამდგმელ ძალას წარმოადგენს – როგორც სულიერს, ისე ფინანსურს. – ჩემთვის მთავარი მოტივაცია მდგომარეობდა საოჯახო მემკვიდრეობის შექმნაში, რომელიც ჩემს ქვეყანას სიღატაკიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა“.

მუკული, რომელიც გასულ წელს ნიკარაგუის ზურმუხტოვან სანაპიროზე გაიხსნა – სერფინგის მოყვარულთა მექა და წყნარი ოკეანის თვალწარმტაცი დაისების სანაპირო – საბოლოოდ, პელასის $250მილიონიანი ოცნება იქნება; ეს იქნება დახურული პლაჟის კომუნა, რომელშიც შევა 37 მთავარი კურორტი (სადაც პლაჟის ვილებისა და შედარებით უფრო პატარა, ბორცვზე განლაგებული bohio-ების ფასები 500 დოლარიდან დაიწყება), საცხოვრებელი სახლების უბანი, მდიდრული სპა, დახურული პლაჟის კლუბი, ჩაშენებული დამატენიანებელი მოწყობილობა, David McLay Kidd-ის გოლფის სათამაშო მოედანი და სადეგუსტაციო ოთახი, რომელშიც პელასების ხუთი თაობის საკუთრებისა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ლათინურამერიკული რომის გასასინჯადაა განკუთვნილი.

პელასს სურდა, რომ მუკული (მაიას ტომების ენაზე „საიდუმლოს“ ნიშნავს) სანიმუშო ადგილი ყოფილიყო ნიკარაგუის საგანძურში, რომელიც მოიცავს რომს, სიგარებს, ყავას, ბალახით გამოკვებილი ძროხის ხორცს და ხელოვნებას – სახლის მოწყობილობისა და ავეჯის 90%, მთელი კურორტის მასშტაბით, ადგილობრივი მხატვრებისა და ხელოსნების მიერაა შექმნილი. პელასს, ნიკარაგუის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს, ყველანაირი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ ქვეყნის ლოკომოტივის როლი შეასრულოს. 1985 წელს, BAC Credomatic-ის ფინანსური ქსელის შექმნისა – რომელიც, ფაქტობრივად, მთელ ცენტრალურ ამერიკას ემსახურება – და 2010 წელს, მისი გაყიდვის შემდეგ (რომელიც ცენტრალური ამერიკის ისტორიაში უმსხვილეს ფინანსურ ოპერაციად ითვლება), ამჟამად ის ხელმძღვანელობს ოჯახურ ბიზნესს, რომელშიც 18 ათასი ადამიანია ჩაბმული ისეთ სექტორებში, როგორიცაა: გადაზიდვები, კომპიუტერები, შაქარი, ეთანოლი, რომი და Vivian Pellas Hospital-ი („ვივიან პელასის საავადმყოფო“), სადაც ყველა სექტორის გაყიდვებით მიღებული მთლიანი თანხა წელიწადში 1,2 მილიარდ დოლარს აღწევს.

სტენფორდში განათლებამიღებული Grupo Pellas-ის („ჯგუფი პელასი“) პრეზიდენტი ამ კონგლომერატს 5 მილიარდი დოლარის აქტივებით მართავს. მაგრამ ნიკარაგუაში მის დიდ გავლენას მხოლოდ მისი კორპორაციული ცხოვრება არ განაპირობებს. ის ასევე INCAE-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია, რომელიც დაფუძნდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და მას América Economía-ს მიერ, ლათინური ამერიკის საუკეთესო ბიზნესსკოლის რეიტინგი მიენიჭა. ის ასევე მსახურობს არასამთავრობო ფონდის American Nicaraguan Foundation-ის („ამერიკა-ნიკარაგუის ფონდი“) დირექტორთა საბჭოში, რომელიც ხელს უწყობს ნიკარაგუის მოსახლეობის უღატაკეს ჯგუფებს და მონაწილეობას იღებს დღეში 100 000 კაცის დაპურებაში. ის ასევე საკუთარ მეუღლესთან, ვივიანთან ერთად Nicaraguan Burned Children Care Foundation-ის („დამწვრობების მქონე ნიკარაგუელ ბავშვებზე ზრუნვის ფონდი“) თანადამფუძნებელია. ეს ფონდი 1991 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ ძლიერი დამწვრობები მიიღეს მცირე ზომის თვითმფრინავით ფრენისას ავიაკატასტროფაში მოყოლის შედეგად. დაარსების დღიდან ფონდი 128 000 ბავშვს დაეხმარა.

პელასს მიაჩნია, რომ ის 130 მილიონი დოლარი, რომელიც მან აქამდე კურორტ მუკულის მშენებლობაში დააბანდა – გოლფის სათამაშო მოედნები და ბინების მშენებლობა – ნიკარაგუელების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება. „ჩვენ მუკულს და გუაკალიტოს განვიხილავთ – ტერიტორიას, სადაც კურორტები შენდება და რომლის ერთ-ერთი კურორტი მუკულია, როგორც გრძელვადიან პროექტს – მის განაშენიანებას 10-15 წელი დასჭირდება. ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“.

ჯერჯერობით კი ის ამაყობს ერთი ნაწილის განაშენიანების დასრულებით. ამჟამად მომსახურე პერსონალი, ისევე როგორც 1500 მუშა, რომლებმაც სამი წელი იმუშავეს კურორტის მშენებლობაზე, ახლომდებარე დასახლებებიდან არიან. „როდესაც დავიწყეთ, პრაქტიკულად, რეალური დასაქმება ამ არეალში არ არსებობდა. ხალხის უმეტესობას არაოფიციალური სამსახურები ჰქონდა“, – იხსენებს ის. ამიტომ მან, იქვე ახლოს მდებარე სოფელში, სასტუმროს საქმის სკოლა გახსნა. – ყოველდღიური სწავლება კვლავ ტარდება. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ სკოლებს, გავაშენეთ პარკები და გავხსენით საავადმყოფო. ამასთანავე, მცირე სესხებს ვთავაზობთ ადგილობრივ კომპანიებს“. ცენტრიდან 4 მილის დაშორებით აეროპორტიც შენდება, რომელიც მომავალი წლიდან შესძლებს კერძო თვითმფრინავების მიღებას, ასევე დაინიშნება სეზონური ფრენები მანაგუიდან, ლიბერიიდან და კოსტა-რიკიდან, რაც მეტ დამსვენებელს მოიზიდავს. (ახლა კურორტი მანქანით ორი საათის სავალზეა მანაგუიდან, თუმცა, ასევე შესაძლებელია ვერტმფრენით ტრანსფერების ორგანიზება).

„მუკული და გუაკალიტო მდგრადობის ჭეშმარიტი მაგალითებია, – აღნიშნავს პელასი, – რადგან ადგილობრივი დასახლებების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს კურორტის ზრდასა და წარმატებას“.

ის ფაქტი, რომ გამოცდილება, რასაც ამერიკელი სტუმრების უმრავლესობა მუკულში დასვენებისას იღებს, საქველმოქმედო პროექტის შთაბეჭდილებას ტოვებს, არანაირ ცუდ გავლენას არ ახდენს ტურისტებზე. ეს კურორტი თავისი არქიტექტურითა და მომსახურებით მეტოქეობას უწევს მექსიკისა და კოსტა-რიკის საუკეთესო კურორტებს. Cocina NiKul-ის („ნიკულის სამზარეულო“) ვრცელი მენიუები, რომლებიც ადგილობრივი ინგრედიენტების ერთობლიობას წარმოადგენს, ლათინური და ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოების აქცენტებს ატარებს და ძალიან გემრიელი კერძებით გამოირჩევა. კურორტის გასართობები მოიცავს როგორც სერფინგის კერძო გაკვეთილებსა და ადგილობრივ რეინჯერებთან ერთად საფეხმავლო ტურების ჩატარებას, ასევე სათევზაო ჩარტერებსა და ერთდღიან ვერტმფრენის ტურებს გრანადაში, სერო-ნეგროს ვულკანზე და Flor de Caсa-ს არყის სახდელ ქარხანაში.

ამ კურორტზე შეხვდებით შედარებით მცირე ზომის საცხოვრებელ ფართებს – ფერდობებზე მდებარე „bohio“-ებს – 600 კვადრატულ ფუტზე მეტი ფართობით, რომლებიც „ხეზე-სახლების“ შთაბეჭდილებას ტოვებენ; მათი უზარმაზარი ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ზღვის ხედები იშლება. შთაბეჭდილებას ახდენს ისეთი მცირე დეტალები, როგორიცაა კედელში ჩაშენებული ყინულის გასაკეთებელი აპარატები (ასე რომ სტუმრებს სასტუმროს მომსახურე პერსონალის გამოძახება არ მოუწევთ მათ მენიუში დამატებით შემავალი Flor de Caсa-ს რომის ყინულით გასაგრილებლად). შედარებით მოზრდილი, ერთ- და ორსაძინებლიანი პლაჟის ვილები, თავიანთი მასშტაბებით საცხოვრებელი სახლის კატეგორიას მიეკუთვნებიან. მათ საკუთარი აუზები, ბაღები და ეზოს საშხაპეები აქვთ. ხოლო ექვსსაძინებლიანი, 20 000 კვადრატული ფუტის ფართობზე გაშენებული Casona Don Carlos-ი – სადაც პელასის ოჯახი ჩერდება, როდესაც აქ იმყოფება და რაც საკმაოდ ხშირად ხდება – ნამდვილად მდიდრულად გამოიყურება. მას აგვირგვინებს 80 ფუტის სიმაღლის palapa-ს ჭერი და მისი შიდა და გარე დიზაინის დიდი სივრცე.

კურორტზე ყოფნისას პელასი საკუთარი ვილის კედლებში არ იმალება, არამედ სტუმრებთან შეხვედრას და მათთან ერთად ნიკარაგუის საგანძურის გაზიარებას ამჯობინებს. „ამ ჯადოსნური საპლაჟო კურორტის შექმნა ნაკარნახევია ჩემი სურვილით, რომ დავტოვო მემკვიდრეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ნიკარაგუის გარდაქმნას ტურისტულ ქვეყნად, რითაც ჩვენი შვილები და ჩვენი შვილების შვილები იამაყებენ, – აცხადებს ის. – ამ ავთენტური და საპასუხისმგებლო ტურისტული განვითარების მეშვეობით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ქვეყნის გარდასაქმნელად, რომელმაც ამდენი მისცა ჩვენს ოჯახს ბოლო 140 წლის განმავლობაში“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *