რატომ არ მუშაობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები?

წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედეს. ეს სანქციები დღესაც ძალაშია და მსოფლიოს მრავალი მკვლევრისა თუ პოლიტიკოსის ყურადღებას იქცევს. მთავარი კითხვა, როგორც წესი, ის გახლავთ, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული საგარეო პოლიტიკის ეს ინსტრუმენტები და რა შედეგების იმედი უნდა გვქონდეს მომავალში.

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთისადმი სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის – ყირიმის ნახევარკუნძულის – ანექსია მოახდინა.

აშშ-ის სანქციები პრეზიდენტ ობამას მიერ 2014 წლის მარტში გამოცემული სამი აღმასრულებელი ორდერიდან იღებს სათავეს. დროთა განმავლობაში სანქციების მასშტაბები, სახეობები და სამიზნეთა რაოდენობა იზრდებოდა. აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების არასრული სია ასე გამოიყურება:

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ზოგიერთი რუსული ბანკის, ენერგეტიკასა და სამხედრო მრეწველობაში ჩართული კომპანიების ფინანსური აქტივების გაყინვა და მათთან ფინანსური ურთიერთობების აკრძალვა;

ნავთობის მოსაპოვებლად საჭირო მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და ორმხრივი დანიშნულების ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვაზე ემბარგო;

ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ზოგიერთი პირის აშშ- ში არსებული ფინანსური აქტივების გაყინვა და მათთან საქმიანი ურთიერთობის აკრძალვა.

რაც შეეხება ევროკავშირის მიერ მიღებულ ზომებს, უშუალოდ რუსეთს ევროპულმა გაერთიანებამ სანქციები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე მფრენი „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, კერძოდ, 2014 წლის 31 ივლისს დაუწესა, რაც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ხუთი რუსული ბანკისთვის ევროპულ სასესხო კაპიტალზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში გამოიხატა. გარდა ამისა, ევროკავშირმა ზოგიერთი სახეობის იარაღზე რუსეთს საექსპორტო და საიმპორტო ემბარგო დაუწესა, ასევე უარი უთხრა ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური დანადგარების მიყიდვაზე. მოგვიანებით, სანქციების სამიზნე სუბიექტების რაოდენობა ევროკავშირმა რამდენჯერმე გაზარდა, სანქციების მოქმედების ვადა კი 2016 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

როდესაც ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობაზე არის საუბარი, როგორც წესი, ორ კითხვას სვამენ ხოლმე: პირველი – მნიშვნელოვნად ზიანდება თუ არა სამიზნე მისთვის დაწესებული სანქციების შედეგად? და მეორე – მიყენებული ზიანი რა გავლენას ახდენს სამიზნის სამომავლო გადაწყვეტილებებზე?

სანქციების ეფექტიანობის გასაზომად მთავარი მეორე კითხვაა, რადგანაც, შესაძლოა, ქვეყანას მის წინააღმდეგ გატარებული ზომების გამო სერიოზული დანაკარგები ჰქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალოს და კვლავ გააგრძელოს ის ქმედებები, რაც სანქციების გამგზავნი მხარისთვის მიუღებელია.

რუსეთის შემთხვევაში ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს იძლევა სიუზან ოქსენშტირნასა და პერ ოლსონის კვლევა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ნავთობის ფასის კლებისა და მასზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგა და საშუალოვადიან პერსპექტივაშიც მისი ეკონომიკის მომავალი მუქ ფერებში მოჩანს. მიუხედავად დიდი ზიანისა, ჯერჯერობით ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ რუსეთს უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეეცვალა.

პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრისას ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა ექნა ან რისგან შეეკავებინა თავი რუსეთს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები წარმატებულად რომ მიჩნეულიყო. ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა რთულია, რადგანაც არავინ იცის, ზუსტად რა მიზნებს ისახავდა და ისახავს რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით. უფრო რეალისტურად მოჩანს მოსაზრება, რომ რუსეთს სურდა, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიის – ყირიმის – ანექსირება მოეხდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული კერები გაეჩაღებინა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული დესტაბილიზაციის ბერკეტისა და გავლენის ფლობას ნიშნავს. ასევე, ამ ქმედებით დასავლეთისკენ ძლიერი სიგნალი გაიგზავნებოდა, რომ უკრაინა რუსეთის ექსკლუზიური ინტერესის სფეროა და ამ ინტერესის დასაცავად ომისთვისაც კი მზად არის. თუ მართლაც ეს არის რუსეთის მიზანი, მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ჯერჯერობით არ მუშაობს, რადგანაც ყირიმი კვლავ ანექსირებულია, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დიდ ნაწილს კი, რუსეთის დახმარებით, სეპარატისტები აკონტროლებენ.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სანქციების ეფექტიანობის შესახებ მრავალი განსხვავებული დასკვნა დადებულა, იყო პერიოდი, როდესაც ეკონომიკური სანქციები სრულიად არაეფექტიან საშუალებად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოსაზრება ბოლომდე მართებული არ არის და ეკონომიკური სანქციები გარკვეულ პირობებში კარგად მუშაობს, გარკვეულ პირობებში კი – არა.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს რომ დავუბრუნდეთ, ოქსენშტირნამ და ოლსონმა სცადეს, სწორედ სანქციების ლიტერატურაში გაბატონებული თეორიებით აეხსნათ ამ სანქციების წარუმატებლობის მიზეზები. მათი აზრით, შემდეგი ძირითადი ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დასახულ მიზანს ვერ აღწევს:

ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა, როგორც წესი, ნაკლებად მგრძნობიარეა სანქციების მიმართ და უფრო ადვილად შეუძლია წარმოქმნილ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ელიტების დაცვით და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით;

მედიაწყაროების კონტროლითა და მანიპულირებით რუსეთის ხელისუფლება კარგად ახერხებს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ დასავლეთი მათი ქვეყნის საქმეებში ერევა და რეჟიმის შეცვლა სურს, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების თვალში უკრაინაში კრემლის მოქმედებების ლეგიტიმაციას ახდენს;

რადგანაც რუსეთსა და დასავლეთს შორის სამომავლო კონფლიქტის მოლოდინი ძალიან მაღალია, ორივე მხარე ცდილობს მცირედიც კი არ დაუთმოს ოპონენტს, რათა მომავალი მოლაპარაკებებისას არ დაკარგოს სახე და ძლიერის პოზიციიდან საუბრით მოწინააღმდეგე უფრო მეტ დათმობაზე დაითანხმოს.

ეს უკანასკნელი გარემოება, სანქციების ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დასაბუთებულ და ემპირიულად გამყარებულ მოსაზრებებს ეყრდნობა. ეს თეორია თავის დროზე ყველაზე სრულყოფილად ჩამოაყალიბა დენიელ დრეზნერმა, რომელმაც საკუთარ წიგნში წარმოადგინა კონფლიქტის მოლოდინების მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, თუკი სანქციის დამწესებელი და სანქციის სამიზნე მხარეები ერთმანეთში ხშირ კონფლიქტს მოელიან, როგორც წესი, ასეთ დროს ეკონომიკური სანქციები არ მუშაობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამიზნე ქვეყნის ეკონომიკა დიდ ზიანს განიცდის, იგი მხოლოდ უმნიშვნელო დათმობაზე მიდის ხოლმე, რადგანაც ამ პროცესს, ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად აღიქვამს, რომლის დროსაც მცირე დათმობაც კი შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემების მომტანი იყოს.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს, რადგანაც კრემლის მიერ დასავლეთის ქვეყნები მთავარ მოწინააღმდეგედ არის აღქმული და მხარეებს შორის სამომავლო კონფლიქტების მოლოდინი ძალიან მაღალია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ უკრაინასა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს (ბალტიის ზღვის ქვეყნების გარდა) რუსეთი საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ აღიქვამს, სადაც დასავლეთის გავლენის გავრცელებას იგი მთელი ძალით ეწინააღმდეგება. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში კრემლის მიერ ყველაზე დიდი აქცენტი ამ სივრცეში ნატოს გაფართოების არდაშვებაზე კეთდება. ამაზე მეტყველებს როგორც შესაბამისი ოფიციალური სახელმწიფო აქტები (რუსეთის სამხედრო დოქტრინა, რუსეთის საზღვაო დოქტრინა), ისე ფაქტობრივად გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებისთვის დამატებითი დატვირთვაც აქვს, რამაც კიდევ უფრო გარდაუვალი გახადა რუსეთის სამხედრო აგრესია. იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან რევოლუციური მეთოდებით ჩამოშორება გადამდები და ძალიან სახიფათო მაგალითი შეიძლება ყოფილიყო თავად რუსეთისთვის, შესაბამისად, ამ პროცესის შემოქმედთა დასჯა არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, არამედ, სავარაუდოდ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსული საზოგადოებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნასაც ისახავდა მიზნად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები წარუმატებლობისთვის განწირულად მოჩანს. ამასთანავე, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ პროცესების კიდევ უფრო მეტად გამწვავების შემთხვევაშიც კი, დასავლეთი, განსაკუთრებით, ევროპა, მხოლოდ სანქციების დამძიმებას თუ მოახერხებს და სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად არ არის. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და ასუსტებს სანქციების ეფექტიანობას.

წინა სტატია

რომელი ქვეყნების ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად 2015 წელს
13 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

რატომ არ ვზოგავთ ფულს ?
14 იანვარი, 2016
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა