საქართველოს დანიელი მასპინძელი

“საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა” – ამ სიტყვებს ორმაგი ფასი აქვს, თუ მათი ავტორი უცხოელია. შარლოტა ემბორგი 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ის ტურიზმის სექტორის განვითარებაშია ჩართული.

At rejse er at leveეს ფრაზა ჰანს კრისტიან ანდერსენს ეკუთვნის. მოგზაურობა რომ ცხოვრებაა, ცნობილი დანიელი მწერლის მსგავსად, ჩემმა სტუმარმაც კარგად იცის. შარლოტა ემბორგმა მშობლიური კოპენჰაგენი ოცი წლის წინ დატოვა. უმაღლესი განათლების ლონდონში მიღების შემდეგ დანიელი ექსპატი ერევანსა და ბაქოში მუშაობდა, თუმცა ამბობს, რომ მისი სახლი საქართველოა.

ჩვენს ქვეყანას, რომელზეც რესპონდენტმა არჩევანი გააკეთა, მსოფლიო რუკაზე მხოლოდ ერთი პატარა წერტილია. თუმცა თავისი უძველესი ისტორიითა და ულამაზესი ბუნებით განთქმულ საქართველოს, როგორც ამას თავად სტუმრები აღნიშნავენ, მხოლოდ მიმდინარე წლის 11 თვეში თითქმის 5.5 მილიონი ვიზიტორი ეწვია. ქვეყანაში შემოსული უცხოელების რაოდენობა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, რომლის 7%-ს ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები წარმოადგენს. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ მოცულობას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა $1.019 მილიარდი შეადგინა.

ტურისტები და ინვესტორები ჩამოდიან საქართველოში და ხარჯავენ ფულს, რაც მოკლე- ან საშუალოვადიან სარგებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა არიან ისინიც, ვინც ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად რჩებიან და ეს პირდაპირი გაგებით გრძელვადიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა ეკონომიკაში. ეს ადამიანები ექსპატები არიან. ერთ-ერთი მათგანი Forbes-ის ახალი რუბრიკის პირველი სტუმარია. საქართველოს დანიელი მასპინძელი, როგორც შარლოტა თავს თავად უწოდებს, Georgian Hospitality Group-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელია. ჰოლდინგი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ისეთი წამყვანი კომპანიების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, როგორებიცაა: Caucasus Travel Explore Georgia, CT Auto Georgian Events-ი, AMEX-ი, Carlson Wagenlit-ი და Georgian Event-ი. ამ უკანასკნელში ჩემი სტუმარი კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვაზე მუშაობს. ახალ რუბრიკაში სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგიყვებით – მათზე, ვინც მუშაობს საქართველოში საქართველოსთვის.

შარლოტა ემბორგი გადამდები, ამავდროულად არადამღლელი, ენერგიულობით გამოირჩევა. მის სამუშაო ოთახში ცოცხალი, საქმიანი გარემოა. ის კაბინეტში განმარტოებით არ ზის, აქტიურად არის ჩართული თანამშრომლებთან უშუალო კომუნიკაციაში. როდესაც შარლოტა გავიცანი, იგი ბათუმის ნავთობტერმინალში მუშაობდა. ჩვენ ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდით. სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” კონფერენციაში მონაწილე კომპანიებს თავიანთი სტენდები ჰქონდათ წარმოდგენილი. შარლოტას მასპინძლური განწყობა დამთვალიერებლების ყურადღებას იქცევდა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩერდებოდა ტერმინალის ბანერთან, ნავთობკომპანიის წარმომადგენელი კი მათ ინფორმაციული და სამახსოვრო სუვენირებით ასაჩუქრებდა. შარლოტა ემბორგი საქართველოში სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, თუმცა მისი მთავარი საქმიანობა ყოველთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციები იყო. დღეს კი საქართველოს შესახებ მსოფლიოს ინფორმირება მისი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენი ინტერვიუც, გასაკვირი არაა, რომ სწორედ ტურიზმზე საუბრით დაიწყო. სტუმრის თქმით, საქართველოში ამ კუთხით ბევრი კეთდება, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება. შარლოტა ემბორგი ხაზს უსვამს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიურობას და აღნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად მონაწილეობს. აუთვისებელ პოტენციალზე საუბრისას კი რაჭას ახსენებს და ამბობს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში მეტი ტურისტის მოსაზიდად შესაბამისი ინფრასტრუქტურაა შესაქმნელი. “რეგიონებში ტურიზმის განვითარება ადგილობრივ მოსახლეობაზე დადებითად აისახება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად დაეხმარება ეკონომიკას”, – აღნიშნავს იგი და ამასთან დასძენს, რომ ამ კუთხითაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ტურიზმის გავითარებისთვის, ჩემი რესპონდენტის თქმით, ასევე აუცილებელი პირობაა განათლება და კვალიფიკაცია. მისი შეფასებით, მომსახურების სფერო საქართველოში ვითარდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ დარგის წარმატებისთვის. “განვითარება აშკარაა. ავიღოთ ბათუმი, აქ დამსვენებლები მხოლოდ ზაფხულში ჩადიოდნენ, დღეს კი საქართველოს სამხრეთით მდებარე ეს საპორტო ქალაქი ყველა სეზონზე იზიდავს ტურისტებს. წარმატებულია ამ კუთხით კახეთიც”. შარლოტა ემბორგი კმაყოფილია იმითაც, რომ ტურისტებთან ერთად იზრდება ბიზნესვიზიტორების რაოდენობაც. “2015 მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოსთვის, ჩატარდა EBRD-ის გრანდიოზული კონფერენცია, Silk Road-ის ფორუმი. Georgian Event-ის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა საერთაშორისო ღონისძიებების რეგიონალური ცენტრი ხდება”, – სიამაყით განაგრძობს იგი. მისი თქმით, ამისთვის საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრირებული განთავსების საშუალებების საერთო რაოდენობამ 1,443 შეადგინა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობამ – 50,286.

ემბორგების სახლიმშვიდი აურით გამოირჩევა. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახი საღამოობით სასტუმრო ოთახში სავახშმოდ იკრიბება. შარლოტა მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ოჯახს კიდევ ორი წევრი ჰყავს: ცეცხლოვანი გოგონები – ჯინჯერი და ჩილი. ინგლისური კოკერ-სპანიელი ჯინჯერი ოჯახში ყველაზე უმცროსია, უყვარს ჭამა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატრონები გაახალისოს და დამატებით გემრიელი ლუკმა დაიმსახუროს. რუსული კოკერ-სპანიელი ჩილი კი უფრო მშვიდი ჩანს. Spice Girls – ასე გამაცნო მასპინძელმა თავისი ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც კართან პირველები შემეგებნენ. პატარა ჯინჯერისა და ჩილის ყველაზე დიდი მეგობრები კი სებასტიანი და იზაბელა არიან. ემბორგების 11 წლის ვაჟი და 9 წლის ქალიშვილი საქართველოში თავს სახლში გრძნობენ, თუმცა ასევე ძალიან უხარიათ, როცა დანიაში მიემგზავრებიან. პატარა ემბორგები თბილისის კერძო სკოლაში სწავლობენ. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმარს წლების წინ წარმოუდგენლად მოეჩვენებოდა. შარლოტა 90-იანების მიწურულს თბილისის აეროპორტში მიღებულ პირველ გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ ძნელად თუ იფიქრებდა საქართველოში ცხოვრებას – ქვეყანაში, სადაც ელექტროენერგიაც კი ფუფუნება იყო.

ის, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გრძნობენ, ამ კედლებში ცხადად არის გამოხატული. ჩემი ყურადღება სასტუმრო ოთახის კედელზე გამოსაჩენ ადგილას გამოფენილმა ერთმა მოზრდილმა ტილომ მიიპყრო, რომელზე გამოსახული დიდი წითელი ლაქებიც შეუძლებელი იყო, თვალში არ მოგხვედროდა. ეს ქართველი მხატვრის, მიხეილ მახარაძის “9 აპრილია”, რომელზეც ესბენ ემბორგი აღფრთოვანებით საუბრობს. დანიის საპატიო კონსული ამბობს, რომ საქართველომ მძიმე გამოცდებს გაუძლო და 2003 წელს რეფორმირების გზას დაადგა, განვითარების პროცესი კი შეუქცევადია.

ნახტომი ახალ წელში – ამ ფრაზას, დიახ, პირდაპირი გაგებით ვამბობ. როგორც ჩემი სტუმარი მიყვება, სკანდინავიის სამხრეთულ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს, რომლის თანახმადაც დანიელები სკამებსა და მაგიდებზე დგებიან და საათი რომ თორმეტს ჩამოჰკრავს, ყველა ერთად ‘ახალ წელში ხტება’. შარლოტამ ერთი ნახტომი უკვე გააკეთა: საქმიანი დეკემბრის გადამკიდემ, საშობაო სამზადისი ნოემბერში დაასრულა: “დეკემბერი, როგორც წესი, ღონისძიებებით დატვირთული თვეა, ამიტომ ყველაფერი წინასწარ მოვამზადე, შევიძინე საჩუქრები და ბილეთები ევროპის მიმართულებით”. ამბობს, რომ ადრეული საშობაო შოპინგი არ გასჭირვებია, რადგან უამრავი კარგი მაღაზიაა თბილისში, გარდა ამისა, არსებობს ინტერნეტი, საიდანაც ნებისმიერ ნივთს უპრობლემოდ გამოიწერ წელიწადის ნებისმიერ დროს. შობის ღამეს შარლოტა ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ხვდება, ჟენევის ტბასთან ახლოს, ბატონი ემბორგის ძმის სახლში რამდენიმე დღეს რჩებიან, ახალ წელს კი დანიაში შარლოტასთან აღნიშნავენ. “თუმცა იყო გამონაკლისი წელი, როდესაც შობას საქართველოში დავრჩით, ეს ოთხი წლის წინ მოხდა, წვეულება სახლში მოვაწყვეთ, დავპატიჟეთ ჩვენი უცხოელი და ქართველი მეგობრები. ყველაფერი დანიური საშობაო ტრადიციების მიხედვით გავაკეთეთ, მოვრთეთ ნაძვის ხე, რომელიც აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში ხელოვნური, მოვამზადეთ ტრადიცული ღორის ხორცი და ბატი. სტუმრებს დანიური კერძები ძალიან მოეწონათ. ასევე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საშობაო სანთლების ტრადიციამაც, რომლის მიხედვითაც, ოთახიდან გადის ყველა, მხოლოდ უხუცესი რჩება ნაძვის ხესთან და ანთებს მასზე მიმაგრებულ სანთლებს, შემდეგ კი წვეულების მონაწილენი ასაკის მიხედვით ჩამწკრივებულები ბრუნდებიან ანთებულ ნაძვთან. ეს ყველაფერი მართლაც რომ ჯადოსნური სანახაობაა. ამის შემდეგ იწყება ნაძვის ხის გარშემო ცეკვა და სიმღერა, რაც კალორიული ვახშმის შემდეგ ჯანსაღი გადაწყვეტილებაა. ბოლოს ვხსნით საჩუქრებს”, – ნოსტალგიური ღიმილით იხსენებს დანიური შობის ქართულ ღამეს. ქალბატონი ემბორგის მიერ მოთხრობილმა ერთმა ისტორიამ კი ქართული სააღდგომო ტრადიცია გამახსენა. შობის დღესასწაულის სუფრას დანიაში ბრინჯის პუდინგი ამშვენებს, რომელიც ნუშით მზადდება, თუმცა მხოლოდ ერთ პუდინგშია მთელი ნუში და ვისაც ის შეხვდება, ამბობენ, იღბლიანი წელი ექნება. გამარჯვებული პრიზსაც იღებს – მარციპანის გოჭს, თუმცა რატომ, ეს არც ჩემმა სტუმარმა იცის. გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანია დანიელებისთვის, რომ ისინი სხვადასხვა ხრიკსაც კი მიმართავენ, მაგალითად, ჩუმად აპარებენ წინასწარ მომზადებულ, საგულდაგულოდ დამალულ მთელ ნუშს, ზუსტად ისე, როგორც სააღდგომო კვერცხების დაჭიდებისას ვაპარებთ ხოლმე ქართველები ხის კვერცხს.

დაბოლოს, გზას ემბორგებამდე 10 წუთის ნაცვლად საათსა და 10 წუთს მოვუნდი. მწკრივებში გადანაწილებული უამრავი მანქანა, ნელი სვლით, პერიოდულად ხანგრძლივი დამუხრუჭებით, თუმცა მაინც მიიწევდა წინ. გადაკეტილი გაგარინის ქუჩის გამო, ორმაგი მანძილის დაფარვა მომიწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწიე დანიშნულების ადგილს და მივადექი ჩვენი დანიელი მეგობრების ევროპულ ჭიშკარს, რომლის მიღმაც მელოდნენ და კეთილგანწყობილად დამხვდნენ. გაგარინმა თავისი ოცნება აიხდინა, ჩვენ კი ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისთვის, რომ, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყველა ერთად, თუნდაც ნელი სვლით, ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად მივუახლოვდეთ უფრო ფართო ევროპულ ჭიშკარს, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია და რომლის კარს მიღმაც ასეთივე კეთილგანწყობით გველიან.

წინა სტატია

მთავრობის საშინაო ვალზე პროცენტი კვლავ გაიზარდა
27 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

საახალწლო მირაჟი
28 იანვარი, 2016
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა