რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და გაკვეთილი საქართველოსთვის

ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, აშშ- მა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა რამდენიმე სახელმწიფომ 2014 წელს რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. Forbes-ის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული სანქციების ეფექტიანობა იყო გაანალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, უკრაინის მიმართ ამ ქვეყნის პოლიტიკა არ შეცვლილა და დიდი ალბათობით არსებული სანქციები არც მომავალში იქნება შედეგიანი. წარმოგიდგენთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს საქართველომ ამ პროცესიდან და რა სახის სტრატეგია უნდა აირჩიოს.

ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უპირველესი საგარეო პოლიტიკური მიზანი სხვა ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხის ნეიტრალიზება და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება უნდა იყოს. რუსეთთან 2008 წლის ომმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და არსებული ოკუპაციის პირობებში საფრთხეს მუდმივად უნდა ველოდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევების გადაჭარბებულად აღქმაც არ არის საჭირო, რათა ყველა საკითხში საკუთარი თავი ზედმეტად არ შევიზღუდოთ.

საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დიდი ხნის წინ გააკეთა საგარეო პოლიტიკური არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, შესაბამისად, ამ ვექტორის შეცვლა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში დანაშაულის ტოლფასი იქნება. თუმცა იმაზე კი ბევრი გვაქვს საფიქრალი, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს გეგმები ისე, რომ შუა გზაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა არ დავკარგოთ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

თუ იმას გავიაზრებთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად დასავლეთს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა თვალნათელი გახდება. ფაქტია, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ აღიქვამს და მაქსიმალურად ცდილობს რეგიონის ქვეყნებზე დასავლეთის გავლენის შეზღუდვას. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კრემლს, როგორც ჩანს, ყველა ქვეყნის მიმართ საერთო ხედვა არა აქვს და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უდგება. მაგალითად, მოსკოვმა სომხეთის ხელისუფლება აიძულა, ევროპასთან პოლიტიკურ დაახლოებაზეც კი უარი ეთქვა, იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც, როდესაც იანუკოვიჩს სხვა გზა არ დაუტოვა, რომ არ მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე, იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ კი სამხედრო ავანტიურაზე წავიდა. თუმცა სიტუაცია განსხვავებული იყო მოლდოვასა და საქართველოს შემთხვევებში და რუსეთს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თავიდან ასაცილებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია. ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოსა და მოლდოვას გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად მოსკოვს არასამხედრო ბერკეტები ფაქტობრივად არ გააჩნია, ძალის გამოყენება კი, როგორც ჩანს, მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით კრემლი სხვადასხვაგვარად მოიქცა და ზოგიერთ შემთხვევაში ევროკავშირთან პოლიტიკურ- ეკონომიკური დაახლოების აღსაკვეთად ვა-ბანკზე არ წავიდა, იგივე არ უნდა ვივარაუდოთ სამხედრო დაახლოებაზე. როგორც ყველა გარემოებიდან ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს გაფართოება კრემლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდ წითელ ხაზს წარმოადგენს, რომლის გადმოკვეთის შემთხვევაში რუსეთი თითქმის ყველაფერზე არის წამსვლელი, მათ შორის – ომის დაწყებაზეც. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში ომის გაჩაღების მთავარი მიზანი, ჩემი ღრმა რწმენით, დასავლეთისთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნა გახლდათ, რომ მოსკოვი არ დაუშვებდა საქართველოს ნატოში გაწევრებას და ამისთვის ის სამხედრო ძალასაც კი გამოიყენებდა. ეს იყო პასუხი ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის იმ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა აუცილებლად უნდა გამხდარიყვნენ ნატოს წევრები. ვფიქრობ, რუსეთის მსგავსი სამხედრო კამპანია გარდაუვალი იყო, თუნდაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP) მიეცათ. შეცდომაა ამ საკითხში დასავლეთის დადანაშაულება და იმის მტკიცება, რომ ე.წ. “მაპ”-ის მიღების შემთხვევაში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა.

ამ პროცესებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს, არის ის, რომ ბევრმა დასავლურმა, განსაკუთრებით კი ევროპულმა ქვეყნებმა, როგორც ჩანს, ძალიან ცხადად დაინახა მოსკოვის სიგნალი, რაც აუცილებლად აისახებოდა ნატოში გაწევრების ჩვენს პერსპექტივაზე. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ალიანსში საქართველოს მიღებას დასავლეთი აღიქვამს როგორც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების რეალურ საფრთხეს, ბოლო 7-8 წლის ისტორია კი გვაჩვენებს, რომ უკრაინასა და საქართველოს გამო რუსეთთან ომისთვის დასავლეთი მზად არ არის. ეკონომიკური სანქციები და სხვა არასამხედრო ბერკეტები კი ამ საკითხში დიდი ეფექტის მომტანი ვერ იქნება.

რაც ყველაზე ცუდია, აღნიშნული საკითხი საქართველოში კარგად არ არის გაანალიზებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ საკითხზე დისკუსია თითქმის არ მიმდინარეობს არც პოლიტიკურ და არც აკადემიურ წრეებში. ამ თემაზე ჯანსაღი მსჯელობა ხშირ შემთხვევაში რთულია თანამდევი ემოციური ფონის გამო, რომელიც რადიკალურად განწყობილ პოლიტიკოსებსა თუ ჯგუფებს შემოაქვთ. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ გარკვეული სკეპტიციზმის გამოხატვის შემთხვევაშიც კი შეიძლება მყისიერად აგაკრან “სამშობლოს გამყიდველის”, “რუსეთუმეს”, “რუსეთიდან დაფინანსებულის” ან რაიმე მსგავსი იარლიყი. ამ პროცესს კიდევ უფრო ამწვავებენ ქვეყანაში მოღვაწე გარკვეული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მართლაც ფინანსდებიან რუსეთიდან და დაუფარავად აცხადებენ, რომ დასავლეთზე უარი უნდა ვთქვათ და “მოძმე” რუსებს დავუახლოვდეთ. არ არის გასაკვირი, რომ ამ ჯგუფებთან აფილირება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს არ სურთ.

სავარაუდოდ, მსგავსი შიშის გამო, საქართველოს ხელისუფლებასაც ხშირად უჭირს საკუთარი პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება. კოალიცია “ქართული ოცნების” სიჭრელე კიდევ უფრო ართულებს ერთიანი გზავნილის ჩამოყალიბებას. შედეგად, ვიღებთ არათანამიმდევრულ განცხადებებსა თუ ქმედებებს, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, კატეგორიული ტონით, ფაქტობრივად, მოითხოვს დასავლეთისგან “მაპ”-ის მოცემას, მეორე მხრივ კი, ხელისუფლები ერიდებიან ისეთი რამის თქმას, რამაც შეიძლება რუსეთის მცირე გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, როგორც ჩანს, რუსეთი ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს და ამ პროცესის შეფერხება მესამე მხარის მიერ ნაკლებად სავარაუდოა. მთავარი კითხვა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა იფიქროს, არის ის, თუ რა უნდა ვქნათ ნატოსთან მიმართებით. ხელისუფლების გარეთ მყოფ ადამიანებსა და ჯგუფებში, როგორც უკვე ითქვა, ძირითადად ორი რადიკალური მოსაზრება დომინირებს: ა) უცილობლად ნატოში გაწევრება და რუსეთის ინტერესების იგნორირება და ბ) ნატოზე უარის თქმა და რუსეთთან დაახლოება (პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები).

რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ ნატოში გაწევრება და რუსეთთან კარგი ურთიერთობების ქონა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ორივეს ერთდროულად მიღწევა შესაძლებელია. რეალობაში ეს, რა თქმა უნდა, უტოპიური მიზანია, თუმცა გარე კომუნიკაციისთვის სწორი სტრატეგიაა.

ერთი მხრივ, ცხადია, რომ მოსკოვისთვის ეს საკითხი ყველაზე მტკივნეული თემაა და სამხედრო ალიანსის ჩვენს რეგიონში გაფართოებას მთელი ძალით, მათ შორის სამხედრო ქმედებებით, შეეწინააღმდეგება. ეს კი საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის ძალიან სარისკოა. მეორე მხრივ კი, სიმხდალე და ნატოზე ღიად უარის თქმა არ შეიძლება თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის #1 მტერია და ასეთ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლა მომავალ მოლაპარაკებებსა თუ კონფლიქტებში ჩვენს პოზიციებს საგრძნობლად შეარყევს. აშკარა დათმობებმა რუსეთი შეიძლება კიდევ უფრო გაათამამოს და უფრო მკვეთრად ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში.

აქედან გამომდინარე, შემდეგი სტრატეგიის არჩევა მიმაჩნია სწორად:

1. ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს არსებული დეკლარირებული პოზიცია ნატოში გაწევრიანებისა და რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების სურვილის შესახებ;

2. ნატოსთან თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში ეტაპობრივად უნდა გაღრმავდეს, თუმცა დაუშვებელია ალიანსში გაწევრების შესახებ ხისტი განცხადებების გაკეთება და ულტიმატუმის ენით საუბარი. უნდა გავიაზროთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არარეალისტურია, რადგანაც დასავლეთი, განსაკუთრებით ზოგიერთი წამყვანი ევროპული სახელმწიფო, მზად არ არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფრონტაციისთვის. სხვა არასამხედრო ბერკეტები კი, მათ შორის სანქციები, ვერ იქნება სასურველი შედეგის მომტანი;

3. შესაბამისად, მოსახლეობისთვის არარეალისტური მოლოდინის შექმნისგან ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს, რათა უფრო მეტად არ მოხდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაცია;

4. ძალიან რთული იქნება, თუმცა ნატოსთან თანამშრომლობის პარალელურად, საქართველოს მთავრობამ უნდა სცადოს ინდივიდუალურად იმუშაოს აშშ- თან ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსის მისაღებად, რითაც აშშ ფაქტობრივად პასუხისმგებლობას აიღებს სამხედრო აგრესიისგან საქართველოს დაცვაზე;

5. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება, რათა კიდევ ერთხელ არ გავხდეთ რუსული ეკონომიკური სანქციების მსუყე სამიზნე. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა “გაზპრომთან” მოლაპარაკებების გარშემო არსებული ბოლო პერიპეტიები.

წინა სტატია

იოკო – ჯონის გარეშე
09 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

განახლებული სურნელი
10 თებერვალი, 2016
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა