განახლებული სურნელი

განახლებული სურნელი

მდიდარ, კულტურულ ალქიმიაზე დაყრდნობით პარფიუმერების მიერ შექმნილი არაერთი ახალი და აღორძინებული სურნელი ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას გვიქადის.

“მშვენიერი ეპოქის” დროს მიღებული იყო კარადებში სურნელოვანი საშეების ჩადება. ამგვარად ტანისამოსი ნელ-ნელა იჟღინთებოდა სუნამოს სურნელით. პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგი მსახიობი ქალები სუნამოს ინიექციებს იკეთებდნენ კანში, რათა სასიამოვნო სურნელი რაც შეიძლება ღრმად ყოფილიყო გამჯდარი მათ სხეულში.

რამდენიმე წლის შემდეგ მოდური გახდა სუნამოს მისხურება შაქრის ნატეხებზე და შემდეგ ამ ნატეხების ენაზე მოთავსება. ამ გზით ქალბატონები თანდათანობით იჟღინთებოდნენ სუნამოს არომატით. 20-იან წლებში ე.წ. „ფლეპერებს” შორის მოდური იყო სუნამოს ფლაკონში ფუნჯის ამოვლება და მისი წასმა თუთუნის გასახვევ ქაღალდზე, რაც სიგარეტის ბოლს სასიამოვნო არომატს სძენდა.

სწრაფად გადავახვიოთ დრო წინ და დავინახავთ, რომ სუნამოებს დღესაც სრულიად ახალი ან განახლებული ტრადიციული ფორმით გვთავაზობენ. Cire Trudon-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სანთლების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სრულებით აცნობიერებს იმ უდიდეს სიამოვნებას, რომელიც თან ახლავს სანთლის მოკიდებას. ფრანგულმა სანთლების მწარმოებელმა შექმნა სურნელოვანი ასანთების კოლექცია, რომელიც ფერად, ლამაზად გაფორმებულ კოლოფებშია მოთავსებული. სპეციალურად სახლისათვის შექმნილ ხუთ არომატს შორის არის ფორთოხლის ყვავილის – ოდალისკის ჰიპნოზური და გასაოცრად თავბრუდამხვევი სურნელი. თუ კოლოფს ღიას დატოვებთ, შესაძლებელია მათი გამოყენება თეთრეულის უჯრებისა და ტანსაცმლის კარადების სურნელად. გარდერობისათვის დახვეწილი სურნელის მისანიჭებლად ასევე შესანიშნავია Acqua di Parma’-ს კოლექცია სახელად Murano. კოლექცია მოიცავს სამ განსხვავებულ სურნელს – კეკლუც, ზოლებიან მინის ჭურჭელში მოთავსებულს. აღმავლობას განიცდის ასევე საკმევლის უძველესი რიტუალიც. პარიზში მდებარე კერამიკის მწარმოებელმა სახლმა, Astier de Villatte-მა, გამოუშვა იაპონურ მოტივებზე დამზადებული საკმეველი, რომელიც ავაჯის კუნძულზე უძველესი ტრადიციული მეთოდით არის წარმოებული. მარადმწვანე დაფნის ხის ქერქისაგან დამზადებულ პასტას, სახელად machilus thunbergii-ს, ხელით ზელენ და ახვევენ ჯოხებად, რომელსაც შემდეგ ზღვის ჰაერზე გასაშრობად ტოვებენ.

ამ ეგზოტიკური სურნელების ბუნება მოგზაურობის ტოლფასია. მაგალითად, მონგოლური სტეპების ჯადოსნური სურნელი, თავისი საღეჭი თამბაქოთი და ტყავის ნიუანსებით, ულან-ბატორში მოგზაურობას წააგავს, ხოლო აიომას კვამლიანი გაიაკის ხე ჩრდილოეთ ტოკიოს ტრადიციულ ხის სახლებში მოგზაურობას გიქადით. საკმევლის ცისფერ ყუთებს ასევე სურვილისამებრ მოჰყვება სპეციალურად დამზადებული კერამიკული სათავსოები.

გერმანული სუნამოს სახლი Linari ასევე აწარმოებს სურნელოვან ნივთებს, როგორიც არის, მაგალითად, ალპებში Château de Sassenage-ში მოპოვებული კედარის ხისგან ამოჭრილი Albero di Natale. მისი სურნელის განახლება ადვილია ზუმფარას ქაღალდის ნაზი ხახუნით. პარიზში ძალზე პოპულარული Quintessence, რომლის შესახებაც ჩვენთან ბევრმა არ იცის, მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ კოლოფებს რეზინის მილებით. სპეციალურად გარდერობისათვის შექმნილი კოლოფები გაჟღენთილია კოჭას, ჯავზის, კედარისა და სანდალოზის ხის სურნელით.

Darasina-ს ბრენდით ცნობილი ბუტიკი მომხმარებელს სთავაზობს სახლისათვის განკუთვნილ არომატთა მთელ სპექტრს, რომელიც დამზადებულია ინგლისის მივიწყებული პარფიუმერული ისტორიიდან (მე-15 საუკუნიდან ვიქტორიანული ეპოქის ჩათვლით) მოძიებული რეცეპტებით. ბუტიკის დამაარსებელმა სტივენ ნელსონმა სურნელების წარმოება დაიწყო ინგლისის გარეუბნებში მდებარე დიდი სახლებისათვის, რომელთაც ნამდვილი, ავთენტური სურნელებისაკენ სწრაფვა ჰქონდათ. ამჟამად სტივენ ნელსონი აწარმოებს დაკვეთით დამზადებულ ყელსაბამებს სურნელოვანი მძივის მარცვლებით, კოლოფში ჩაწყობილ სურნელოვანი ნაფტალინის ბურთულებს და პატარა კოლოფებში მოთავსებულ გამხმარი ჟასმინის ფოთლებით ან მოხატული ოქროსფერი ფოთლებით გაფორმებულ ღია ვარდისფერ და მელასასფერ სურნელოვან კანფეტებს.

ყვავილის ფურცლების, არომატული ფისებისა და ფხვნილებისაგან შემდგარი სურნელების ზოგიერთი ინგრედიენტი, როგორიც არის, მაგალითად, პაჩული და ვარდი, ესექსის გარეუბანში, ნელსონის კუთვნილ მიწებზე არის მოყვანილი. ნელსონის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული ერთ-ერთი ფორმულის რეცეპტი მე-15 საუკუნის ხელნაწერებში იქნა აღმოჩენილი. ეს არის ანისულისა და იის ძირისაგან დამზადებული სურნელოვანი ფხვნილი, რომელიც თავდაპირველად მეფე ედვარდ IV-ის გარდერობისათვის შეიქმნა.

რა თქმა უნდა, კვლავ აქტუალურია ფლაკონებში ჩამოსხმული სუნამოები. საყვარელი ადამიანისათვის სუნამოს შერჩევა ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სულ უფრო და უფრო მეტი პარფიუმერული სახლი მომხმარებელს სთავაზობს ლამაზად შეფუთულ ყუთებში მოთავსებული სუნამოების ნაკრებს, რაც მათ ამ რთული არჩევანის გაკეთებას უადვილებს. მეისონ ფრანსის კურკდჯიანმა (Maison Francis Kurkdjian) სპეციალურად გარდერობისათვის გამოუშვა რვა სხვადასხვა არომატისაგან შემდგარი 11-მილიგრამიან პატარა ფლაკონებში ჩასხმული თანამედროვე კლასიკური ტუალეტის წყალი. ნაკრებში შედის თანამედროვე კლასიკური ტუალეტის წყალი Aqua Universalis-ი, რომელიც უკვალოდ აქრობს ნაბახუსევის შედეგებს და ასევე Creed-ის მატონიზირებელი და ძალის აღმდგენი სუნამო სახელად ახალი Royal Mayfair. ეს უკანასკნელი აერთიანებს ფიჭვის, ჯინის, ცაცხვისა და ევკალიპტის არომატებს. მისი შესხურება ქეიფის შემდეგ ტყეში გასეირნების ტოლფასია.

ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს Ex Nihilo-ს „სპეციალური ყუთი”, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა. ეს ე.წ. „სპეციალური ყუთი” ატაშე-კეისს ჰგავს, რომელიც ჯაშუშებზე გადაღებულ ტრილერებში გინახავთ. ყუთში მოთავსებულ ოთხ ფლაკონში თქვენ მიერ შერჩეული პარიზის პარფიუმერული სახლების ნებისმიერი სუნამოა მოთავსებული. ეწვიეთ Ex Nihilo-ს ბუტიკს – Har­rods Salon de Parfums-ს და თქვენ თავად შეძლებთ ექსპერიმენტების ჩატარებას მათი „სურნელების მიქსერის” გამოყენებით, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შტრიხი შემატოთ სასურველ სურნელს. თუმცა ზოგჯერ უცვლელი კლასიკური სურნელი უფრო მეტზე მეტყველებს და, შესაბამისად, რაიმე ახალი სურნელის ძიებას სჯობს არჩევანი შეაჩეროთ პარფიუმერული მემკვიდრეობის საგანძურზე, რომელიც ათწლეულების მანძილზეა გამოცდილი და რომელსაც ბევრი დღემდე ეთაყვანება. წელს Guerlain-ის ცნობილი სუნამო Habit Rouge, რომელიც მონადირის ქურთუკის პატივსაცემად ატარებს ამ სახელს, 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ნამდვილი დენდის შექმნილი, აღმოსავლელი მამაკაცის შესაფერი კონცენტრირებული სუნამოს შეძენა ახლა უკვე შესაძლებელია ექსკლუზიურად Guerlain-ის მაღაზია Champs-Élysées-ში. სუნამოს შეკვეთის შემთხვევაში, მაღაზია თავად მოგიტანთ მას სახლში.

და, რაღა თქმა უნდა, Christian Dior-ის ქალებისათვის განკუთვნილი გრაციოზული და ჰაეროვანი Diorissimo. შროშანას არომატზე დაფუძნებული სუნამო 1956 წელს შეიქმნა და ახლა მისი შეძენა შესაძლებელია ახალი სახელწოდებით Les Amphores Dior, რომელიც მისი პირვანდელი სახით, ბაკარას ფლაკონში ჩამოსხმული იყიდება. სუნამოს ბოთლი დამზადებულია Lorraine-ის მინის საწარმოში, ხოლო მისი ქალური ფორმები დიორის 40-იანი და 50-იანი წლების ე.წ. ახალ მოდურ იერს ეხმიანება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ სუნამოთი გაჟღენთილ შაქრის ნატეხებს აღარ ვიყენებთ, არსებობს სხვა მრავალი გზა იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება სურნელოვანი გავხადოთ. თუკი პარფიუმერიისადმი ისტორიულ სწრაფვას ავუბამთ ფეხს, მაშინ არანაირი შეზღუდვები ჩვენზე არ გავრცელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *