აბრეშუმის ახალი გზა

მხატვარმა გელა წულაძემ არა მხოლოდ საქართველოს ორ უდიდეს ქალაქს – თბილისსა და ბათუმს დააჩნია კვალი. მის ბოლო პროექტს, უძვირფასესი აბრეშუმის შარფების გამოფენას სედრიკ ბროშიე ჩამოჰყვა და ეს უბრალო სტუმრობა არ გახლავთ: შესაძლოა, სახელოვნებო ლანდშაფტზე დათესილმა პროექტმა ბიზნესსაც მისცეს ნაყოფი: ბროშიეს ფაბრიკა საქართველოში აბრეშუმის წარმოებით დაინტერესდა.

რაც უფრო ვუახლოვდებოდი ზღვის ნაპირს, მით უფრო მკვეთრად ვარჩევდი შავ კონტურებს რკინის ფიგურისა, მგონი, წყვილისა, რომლებსაც ხელში პრიალა, წითელი გული ეჭირათ. ნელ-ნელა ვუჩქარებდი ფეხს, რომ უფრო ახლოს მენახა, რა იყო ის, რის მიღმაც ზღვა ჩანდა. „აუ, ეს რა არის? რა არის ეს? როდის დადგეს? ვინ გააკეთა?“ – გზადაგზა ვეკითხებოდი მეგობარს, რომელიც გვერდით მომყვებოდა, სცხელოდა და ნაკლებად აინტერესებდა რკინის წყვილი გულით ხელში. მოკლედ, იმ დღეს ვერაფერი გავიგე იმ რკინის სკულპტურისა. მხოლოდ იმას დავჯერდი, რომ სხვების მსგავსად, მეც მივეყრდენი მას და ერთი მეტად ბანალური ფოტო გადავიღე. ეს იყო და ეს.

მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების მერე ინტერვიუს ჩაწერა მომიწევდა იმ ადამიანთან, რომლის ინიციატივითაც ეს რკინის ფიგურა და კიდევ სხვა, ბევრი უჩვეულო და საინტერესო სკულპტურა დაიდგა ბათუმის ბულვარში და არა მხოლოდ იქ. უჩვეულო კი იმიტომ, რომ ჩვენთვის, საბჭოთა არქიტექტურის პერიოდში დაბადებული და გაზრდილი ადამიანებისათვის, უცხო იყო, მაგალითად, უშველებელ კვერცხებზე შემოდებული ე.წ. „შლოპანცების“ სკულპტურა. ან თუნდაც გიგანტური რკინის ველოსიპედი დედაქალაქის ცენტრში. ჩვენთვის, სულ სხვა ესთეტიკის, მონუმენტურ სკულპტურებსა და კლასიკურ ფორმებს მიჩვეული ადამიანებისთვის, ვერ გამოდგა ადვილად მისაღები სხვადასხვა უცხოელი არტისტის მიერ შექმნილი რკინის, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი, ვიღაცისთვის არაფრის მთქმელი და ხშირად „შეურაცხმყოფელი“ სკულპტურებიც კი. რამდენიმე წლის წინ სოციალური ქსელები თუ ფორუმები, „მიჰქონდა“ გამოხმაურებებს ფრანგი სკულპტორის, ლილი ფანტოცის ნამუშევრის, კვერცხებზე შემოდებული „შლოპანცების“ შესახებ. წარსულში რომ არ გადავინაცვლოთ, დღემდე დისკუსიის თემადაა ქცეული ვარდების მოედანზე მდგარი კიდევ ერთი ფრანგი სკულპტორის ჟან დიუპის ნამუშევარი – გიგანტური ველოსიპედი. ეს სკულპტურები საქართველოში მხატვრის, გელა წულაძის მონდომებით დაიდგა.

თითქმის ორსაათიანი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ გელა წულაძეს თამამად შეიძლება უწოდო იდეების გენერატორი, იმიტომ რომ მისი არაორდინარული და ძალიან ფერადი იდეები მხოლოდ გალერეის კედლებისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მისი იდეები ქალაქების ქუჩებსა თუ ყრუ და უსახურ ბეტონის კედლებს ეკუთვნის. თუმცა ეს ყველაფერი არაა...

გელა წულაძე 1959 წელს, თბილისში, ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახში დაიბადა. გელას დედა ფრანგია. ის 94 წლისაა და დღეს პარიზში ცხოვრობს. მიუხედავად ფსიქოანალიტიკოსის წარმატებული კარიერისა, გელას მამა სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 1958 წელს მან ეს სურვილი აისრულა და ცოლთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. ერთ წელიწადში კი შვილიც შეეძინათ. როგორც გელა წულაძე ყვება, მამასთან ურთიერთობამ მას ხელოვნების საიდუმლო ამოახსნევინა და თავისუფლება აპოვნინა: „მამამ თავიდანვე შეამჩნია, რომ ხატვა მომწონდა. ხშირად დავყავდი სამსახურში და ერთ დღესაც მითხრა, იქნებ დამეხმარო და კედელზე ერთი წერტილი დამიხატოო. კიბე მიმიდგა კედელთან და მეც დიდი პასუხისმგებლობით დავსვი თეთრ კედელზე შავი წერტილი, რომელიც მას თურმე პაციენტების ჰიპნოზში შესაყვანად სჭირდებოდა. ერთგვარ კადრად მახსოვს ეს მომენტი. მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ როდესაც მამაჩემმა კედელზე შავი საღებავით წერტილი დამასმევინა, ამ წერტილის დახმარებით, ჩემი ქვეცნობიერის ფანჯარა გახსნა და მომცა გასაღები საიდუმლოსი. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ესაა, ყველანი რაღაც საიდუმლოს ამოხსნას ვცდილობთ, რომლის გასაღებიც, სინამდვილეში, შესაძლოა, ხელში გვეჭიროს. სწორედ ასე დამეხმარა ეს წერტილი, როგორც ერთ-ერთი გამხსნელი გასაღები ჩემი ფერწერისა და ჩემი შემოქმედების“, – მიყვება გელა წულაძე, რომელსაც შემოქმედების გზაზე არაერთი საიდუმლოს ამოხსნა მოუწია.

სკოლის დამთავრების შემდეგ გელა წულაძე სამხატვრო აკადემიაში აბარებს, თუმცა 1980 წელს ის პარიზში გადადის საცხოვრებლად და სწავლასაც პარიზის სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს. პარალელურად ფრანგ კონცეპტუალისტ კრისტიან ბოლტანსკისთან ასისტენტად იწყებს მუშაობას: „ყველგან ერთად დავდიოდით – გალერეებში, გამოფენებზე... ბევრს ვსაუბრობდით და ის სულ მეუბნებოდა, რომ მოვიდა დრო, რაღაც ახალი მეკეთებინა“.

უცნაურად დაიწყო 21 წლის გელა წულაძის სწავლა პარიზის სამხატვრო აკადემიაში. ისე მოხდა, რომ ჯგუფში, სადაც ის ჩაირიცხა, დასაჯდომი ადგილი აღარ იყო, ამიტომ ის დერეფანში აღმოჩნდა. ესეც არ იკმარა და ერთ-ერთი ფრანგი ხელოვანის რჩევით, ტილოსა და ქაღალდს თავი დაანება და ხატვა გაზეთებზე დაიწყო: „სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დარაჯი, რომელიც კუვეიტელი იყო, ყოველდღე მამარაგებდა კუვეიტური გაზეთებით, მეც ავდიოდი დერეფანში და გაუთავებლად ვხატავდი. ეს იყო ყოველდღიური პროცესი. ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე. როდესაც ახალგაზრდა ხარ, მუზებს არ უნდა ელოდო. ისე შემოგადნება დრო, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. და საერთოდ, ეს მუზების ლოდინი რაღაც გამოგონილი ამბავი და სისულელე მგონია“, – მეუბნება მხატვარი.

და ხატავდა გელა კუვეიტურ გაზეთებზე აბსტრაქციას. ამ ნახატებში ვდებდი ჩემს კულტურას, ჩემს გემოვნებას, ჩემს სამშობლოსო, მეუბნება ის. „შეიძლება ერთი ქართული ასო გამომერია ნახატში. ერთი ორნამენტი. იმდროინდელი ნამუშევრებიდან რამდენიმე ნახატი შემოვინახე“, – ამბობს გელა წულაძე, რომელიც იმ დროს იხსენებს, როდესაც პირველი ნახატი გაყიდა: „ის ერთმა ახალგაზრდა ქალმა, 3000 ფრანკად იყიდა. მე მისი მხოლოდ სახელი ვიცოდი, ფლორანსი. მეორე დღეს, როდესაც ნახატი სახლში მივუტანე, აღმოჩნდა, რომ მისი ბებია და ბაბუა ცნობილი გალერეის, „მაგის“ დამაარსებლები იყვნენ. ეს გალერეა წარმოადგენს ყველა იმ მხატვარს, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს და შთაგონებას მაძლევს. მათ შორის: მირო, კანდინსკი, კოლდერი, ბრაკი და ა.შ. იმ ფაქტმა, რომ მე მაგის შვილიშვილი ჩემი ნამუშევრით დაინტერესდა, მე გამბედაობა მომცა, ჩემი საქმე კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გამეგრძელებინა“.

ძალიან მალე გელა წულაძემ გაიცნო და დაუახლოვდა ფრანგი მხატვრების გაერთიანებას სახელწოდებით „თავისუფალი ფიგურაცია“, რომლებთან ერთადაც მისი ნახატები გალერეიდან გალერეაში ინაცვლებდა. გალერისტებს კი ჩვენში თავისუფლებაა მოსწონდათო, მეუბნება გელა. მათი მიზანი იყო გალერეებიდან გამოსვლა და ხელოვნების პირდაპირ ქუჩაში გატანა. ისინი ამაზე ოცნებობდნენ. ერთ დღესაც ოცნების ასრულების დრო მოვიდა: „ერთ-ერთმა ფრანგულმა სარეკლამო კომპანიამ დაგვიქირავა და პარიზის ცენტრში სარეკლამო პანოების მოხატვა დაგვიკვეთა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარიზში, დიდ პანოებზე, რეკლამის მაგივრად ნახატები გაჩნდა. ერთ ღამეში დახატული ნახატები. დაახლოებით 15 პანო მოვხატეთ. და ჩვენ მივხვდით, რომ ‘სტრიტ არტის’ ხანა დადგა“.

„სტრიტ არტის“ იდეას წლების შემდეგ გელა წულაძე საქართველოშიც ჩამოიტანს... თუმცა მანამდე მან იცხოვრა და იმუშავა ესპანეთში, შემდეგ – ნიუ-იორკში. და საქართველო სად იყო ამ დროს-მეთქი? ვკითხე. მან მიპასუხა: „On my mind“ და გააგრძელა: „მამაჩემის მშობლებმა მთელი ცხოვრება ჩემოდნებზე გაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. ისინი ვერ დაბრუნდნენ, სამაგიეროდ, შვილმა აუსრულა მათ ოცნება და ის დაბრუნდა. არადა, ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა მამას, რომ პარიზში დარჩენილიყო და იქ ყოფილიყო წარმატებული ადამიანი. მის მეგობრებს დღემდე უკვირთ, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ დაბრუნდა, მაგრამ სამშობლოს სიყვარული და იდეა დაბრუნებისა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფერმა დააკავა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. მე 80-იან წლებში ჩავედი პარიზში, მაგრამ არასდროს გამიწყვეტია საქართველოსთან კავშირი“, – მიყვება გელა წულაძე, რომელიც საქართველოში 18-წლიანი განშორების შემდეგ, 1998 წელს ჩამოვიდა. ჩამოვიდა ერთი ძალიან კონკრეტული იდეით.

თავისუფლების ქანდაკება შავ ზღვაში. აი, ასეთი ამბიციური პროექტით ჩამოვიდა გელა წულაძე საქართველოში:

„მე მივხვდი, რომ საქართველოს და საერთოდ კავკასიას სჭირდებოდა და სჭირდება თავისუფლების ქანდაკება. 1995 წელს ეს იდეა შევთავაზე ცნობილი ირლანდიელი მშენებელ-ინჟინრის, პიტერ რაისის მიერ დაარსებულ კომპანიას – იმ კომპანიას, რომელიც არის ავტორი ლუვრის პირამიდისა, სიდნეის ოპერისა, პარიზის სტადიონისა, პომპიდუს ცენტრისა... ისინი ამ იდეით მაშინვე დაინტერესდნენ. თბილისში რომ ჩამოვედი, გადაწყვეტილებების მიმღებ ყველა ადამიანს ველაპარაკე ამ პროექტის შესახებ, თუმცა მივხვდი, რომ იმ პერიოდისათვის საქართველოს ხელისუფლება ამ იდეის განსახორციელებლად მზად არ იყო. 2010 წელს ეს იდეა თავიდან შევთავაზე საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, მან მაშინვე აიტაცა ეს იდეა და პიტერ რაისის კომპანიასთან ერთად შეიქმნა უკვე კონკრეტული პროექტი. სავარაუდო ლოკაციებად განისაზღვრა ანაკლია და ბათუმი. პროექტის მიხედვით, ქანდაკება უჟანგავი მეტალით მზადდება, რადგან ის ზღვაში უნდა განთავსდეს. კონსტიტუციის ნაცვლად – გული, როგორც სიყვარულის სიმბოლო და ჩირაღდნის ნაცვლად – მტრედი, როგორც მშვიდობის სიმბოლო. ეს არის ქანდაკების მთავარი იდეა. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე გამზადებული პროექტი კვლავ თაროზე შემოიდო. ჯერჯერობით ისევ მაქვს იმედი, რომ თავისუფლების ქანდაკება საქართველოში აუცილებლად დაიდგმება. ქანდაკების ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა საინტერესოა თავად ამ თანხის შეგროვების იდეაც. თანხა შემოწირულობით უნდა შეგროვდეს, მთელი მსოფლიოდან. ეს არის ისეთი სიმბოლო, რომლის შექმნაშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ყველას სჭირდება. ეს ტურიზმის განვითარებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება“.

ბათუმს გელა წულაძის სხვა არაერთი, უკვე განხორციელებული პროექტი უკავშირდება. მათ შორის, წერილის თავში ნახსენები რკინის სკულპტურები „ვარიაციები სიყვარულზე“, „ლოკოკინა“. აღფრთოვანებით ლაპარაკობს მხატვარი იმ სკულპტურებზე, რომლებმაც, მისი თქმით, ბათუმის ზღვის ჰორიზონტს სხვა ელფერი შესძინა. მათ შორისაა ჟან დიუპის ლითონის კონსტრუქცია WHERE, რომლის ანალოგიც 2013 წელს პარიზში, ლუვრის ბაღში დაიდგა და სხვა.

გელა წულაძის სახელს უკავშირდება ბათუმში მოხატული ბეტონის კედლებიც. 2013 წელს ქართველი და უცხოელი მხატვრები სწორედ გელა წულაძის ინიციატივით გაერთიანდნენ და ბათუმის ქუჩებში კედლები მოხატეს. მან აისრულა ის სურვილი, რაზეც 30 წლის წინ, თავის ფრანგ კოლეგებთან ერთად ოცნებობდა – უსახური კედლების გაფერადება. ბათუმში სახლების ყრუ კედლები ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოიხატა.

თუმცა მხოლოდ ეს პროექტები არ უკავშირდება ბათუმში გელა წულაძის სახელს. მისი ინიციატივით გაიხსნა ბათუმში, „სილქ როუდის“ შენობაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, გალერეა „41/41“, რომელიც, მისი თქმით, უკავშირდება 100 წლის წინ ძმები ზდანევიჩების მიერ შექმნილ პირველ ავანგარდულ ჯგუფს „41 გრადუსს“.

ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი კი, რომელიც გელა წულაძის ინიციატივით განხორციელდა ჯერ ბათუმსა და შემდეგ თბილისში, აბრეშუმის შარფებს უკავშირდება. ანუ „მაგის“ აბრეშუმის შარფებს. მარგარეტ და ემე მაგების ფონდი დაფუძნდა გასული საუკუნის 50-იან წლებში, მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად. მუზეუმი მოიცავს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურისა და გრაფიკის კოლექციას. ერთ-ერთ კოლექციას კი წარმოადგენს აბრეშუმის შარფები. თითოეული მათგანი ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი. მათ შორის ისეთი მხატვრების მიერ, როგორებიც არიან: ჟორჟ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნან ლეჟე, ერიკ დიტმანი, ანტონი ტაპიესი და სხვა. მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც ამ შარფების უნიკალურობას განაპირობებს. სწორედ ამ უნიკალური შარფების 50-მდე ექსპონატი გამოიფინა გასულ ზაფხულს ბათუმში, მიმდინარე წლის თებერვალში კი – თბილისში. გამოფენის მსვლელობისას თბილისში სტუმრობდა როგორც მაგების ოჯახის წარმომადგენელი, ისე ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე.

როგორც გელა წულაძე მიხსნის, ექსპოზიცია, რომელიც ბათუმსა და თბილისში გამოიფინა, ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მხატვარი თბილისში სედრიკ ბროშიეს სტუმრობას. „როგორც ირკვევა, ევროპაში მაღალი ხარისხის აბრეშუმის დეფიციტი იქმნება. ევროპაში აბრეშუმი ჩინეთიდან შედის, თუმცა აღმოჩნდა, რომ მომდევნო წლებში საკმარისი მარაგის არარსებობის შედეგად, ევროპას ხარისხიანი აბრეშუმის მიღების პრობლემა შეექმნება. სწორედ სედრიკ ბროშიეს ფაბრიკა მუშაობს შანელისთვის, ერმესისთვის და ა.შ. ამიტომ მათ უკვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეძიონ ხარისხიანი აბრეშუმის წარმოების ალტერნატიული გზები. ასეთ ალტერნატიულ ქვეყნებად განიხილებოდა ბულგარეთი და რუმინეთი, თუმცა სედრიკ ბროშიეს მე საქართველო შევთავაზე, რომელსაც აბრეშუმის წარმოების დიდი ისტორია აქვს. მოვუყევი მათ თბილისის აბრეშუმის მუზეუმის შესახებ, რომელიც თავის დროზე დაკავშირებული იყო ლიონის აბრეშუმის მუზეუმთან და სედრიკს გაუჩნდა სურვილი, საქართველოში ჩამოსულიყო და არსებული პერსპექტივები შეესწავლა. შევხვდით ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, დავდიოდით აბრეშუმის მუზეუმში, სადაც მან არქივში ბაბუის მისამართიც აღმოაჩინა. ინტერესი გამოითქვა როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების, ისე თავად სედრიკის მხრიდან, რომ განხორციელდეს ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში აბრეშუმის წარმოებასა და ამ მიმათულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში პროექტზე მუშაობა უკვე ინტენსიურად დაიწყება. რაც მთავარია, როდესაც სედრიკს საქართველოდან ვაცილებდი, მან მითხრა, რომ, მგონი, იპოვა ის, რასაც ეძებდა და ივლისში კვლავ დაბრუნდება საქართველოში“.

გელა წულაძე დღესდღეობით ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩადის პარიზში, სადაც მისი ოჯახი, 94 წლის დედა და მისი შვილები ცხოვრობენ. გელას სამომავლო გეგმები ისევ ბათუმს უკავშირდება, ამჯერად უკვე ბოტანიკურ ბაღს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებთან ერთად „ხმელთაშუა ზღვის ხეივნის“ გაკეთებას გეგმავს. ხეივნის პროექტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები თითო სკამს გააკეთებენ.

გელა წულაძეს ახლა იშვიათად ნახავს ადამიანი მოლბერტთან. ის ძირითადად აიპადში აკეთებს ჩანახატებს და ინახავს. თუმცა, მეუბნება, რომ მოვა დრო, როდესაც ისევ დაუბრუნდება საღებავებსა და ფუნჯებს და აიპადში დამახსოვრებულ ჩანახატებს ტილოზე გადაიტანს.

მანამდე, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი საინტერესო, არაორდინარული და ამბიციური პროექტის იდეა მოუვა თავში. მით უმეტეს, რომ მისი არც ერთი პროექტი, რომელიც აქამდე განუხორციელებია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მათზე დღემდე საუბრობენ. დღემდე მოსწონთ. დღემდე არ მოსწონთ. დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ხელოვნება არ არის. დღემდე ფიქრობენ, რომ სწორედ ესაა თანამედროვე ხელოვნება... „ჩემი საქმეც ხომ ესაა, დავსვა წერტილი, წერტილი თუ არა, მძიმე მაინც, რომელიც საქმის გაგრძელების საშუალებას მომცემს“...

 

წინა სტატია

ბრიუსელის ტერაქტებით გამოწვეული ზარალი მინიმუმ 4 მილიარდი ევროა
23 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

ნავთობის მსოფლიო ფასის კლების მიზეზები
25 მარტი, 2016
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა