საქართველოს სამარკო ბრენდის მზადება გლობალური ექსპანსიისთვის

საქართველოს სამარკო ბრენდის მზადება გლობალური ექსპანსიისთვის

11 წლის წინ საქართველოში შექმნილი ბრენდი Rooms Hotels-ი, რომელშიც 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია არის განხორციელებული, პორტფელში ოთხ სასტუმროს აერთიანებს. აღნიშნულ ჯგუფს ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა ხელმძღვანელობენ.

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე Rooms Hotels-ის უახლესი სასტუმროს გახსნის შემდეგ, კომპანიის დირექტორები Forbes Infrastructure-სთვის ბრენდის 11-წლიან საქმიანობას აჯამებენ და მკითხველს ამბიციურ გეგმებსაც უზიარებენ.

და­ვიწყოთ უახ­ლე­სი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამბით.  „რუმსის“ ბრენ­დი ამ­ჯე­რად ბა­თუმ­შია — ეს თქვენს პორ­ტ­ფელ­ში პირ­ვე­ლი საზღ­ვაო ქა­ლა­ქი­ა. რო­გორ ვითარ­დე­ბო­და სას­ტუმ­როს კონ­ცეფ­ცია და რა გან­მას­ხ­ვავე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბი დახ­ვ­დე­ბათ სტუმ­რებს თქვენ­თან ვი­ზი­ტი­სას?

ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ა, Rooms Hotels-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: თამამად ვიტყვი, რომ ბათუმის „რუმსი“ ჩვენი ბრენდის განვითარების ახალი ეტაპია და ყველაზე მეტად ეხმიანება ჩვენს სამომავლო ხედვას. სასტუმროს განვითარების ამგვარი კონცეფცია, თემურ უგულავას ხედვით და ხელმძღვანელობით, Collective Development-მა Rooms Studio-სთან თანამშრომლობით შექმნა.

თეთრი, გამწვანებული და სახასიათო შენობა ულამაზესი ატრიუმით ბათუმის პორტს გადაჰყურებს. დარწმუნებული ვარ, ბათუმისთვის დამახასიათებელი ელემენტებისა და დეტალების ერთობლიობა და სასტუმროს ჩვენეული კონცეფცია ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცევა.

ლე­ვან ბე­რუ­ლა­ვა, Rooms Hotels-ის მმარ­თ­ვე­ლი დირექ­ტო­რი: მე და ვალერი საქართველოში ორწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში დავბრუნდით. პანდემიის შემდეგ როგორც ჯგუფისთვის, ისე ჩვენთვის Rooms Batumi პირველი გახსნა იყო, შესაბამისად, ეს გარკვეულწილად დიდ მოლოდინთან იყო დაკავშირებული. 15 სექტემბერს Rooms Batumi-ის კარები გავხსენით და პირველი სტუმრებიც მივიღეთ. მოლოდინი პოზიტიურია და, პრინციპში, ამგვარ საფუძველს ქმნის სტუმრების ის ნაკადი და მათი უკუკავშირი, ვისაც სატესტო გახსნიდან ერთ თვეში ვუმასპინძლეთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ საკმაოდ განსხვავებული პროდუქტი წარმოვადგინეთ აჭარაში. როდესაც სასტუმროში შედიხართ, ხვდებით, რომ აქ ყველა დეტალზეა ნაფიქრი.

ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ა: სასტუმრო ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და სრული დატვირთვის მხოლოდ 70% არის ხელმისაწვდომი. გაზაფხულზე ხელმისაწვდომი იქნება 120-ვე ნომერი, რომლებიც ყველა ტიპის სტუმარზე იქნება გათვლილი. ინფრასტრუქტურა აერთიანებს ორ რესტორანს, ბარს, საკონფერენციო დარბაზებს და აუზს სასტუმროს სახურავზე.

ლე­ვან ბე­რუ­ლა­ვა: ზოგადად, „რუმსის“ ხედვაა, მისი ბრენდის ყველა პროექტი ითვალისწინებდეს ადგილობრივ კონტექსტს როგორც დიზაინით, ისე კონცეფციით. საერთაშორისო და ქართველი ვიზიტორებისთვის ჩვენი სასტუმროები უნდა იყოს ავთენტური და სთავაზობდეს მათ ისეთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ სასტუმროში იქნება წარმოდგენილი.

ავთენტურობას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რესტორნების კონცეფციის შემუშავების დროსაც. ჩვენი ყველაზე აქტიური და ყოველდღიური სტუმრები ადგილობრივი მცხოვრებლები და საქართველოში მცხოვრები ექსპატები არიან. ბათუმის „რუმსში“ წარმოდგენილი ორი რესტორნიდან ერთი – ამერიკული დაინერია, სადაც ქართული და ამერიკული გასტრონომიის მიქსი არის წარმოდგენილი. ხოლო მეორე – შენობის სახურავზე განლაგებული „რუმს ქიჩენის“ სეზონური რესტორანია, რომელიც სეზონური მენიუთი იქნება წარმოდგენილი.

ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ა: ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ბათუმელები მიიღებენ Rooms-ის ბრენდის ქალაქში გამოჩენით. სასტუმრო 200-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს, მათი 90% კი ადგილობრივებისგან შედგება. Rooms Hotels-ი აქტიურად მუშაობს ასევე ფერმერებთან, რაც შესაძლებელს ხდის, ჩვენი სამზარეულო მოვამარაგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტით და, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას.

ერთობლიობაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე Rooms Batumi ქართველი და საერთაშორისო ვიზიტორების საყვარელ ადგილად იქცევა.

„რუმსის“ სას­ტუმ­რო­ე­ბის ბრენ­დი 11 წლის წინ გა­მოჩ­ნ­და და დღეს პორ­ტ­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­როს აერ­თი­ანებს. რო­გო­რია Rooms Hotels-ის ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ლე­ვან ბე­რუ­ლა­ვა: „რუმსის“ ბრენდის პირველი სასტუმრო 2012 წელს ყაზბეგში გაიხსნა. ბრენდის განვითარების თერთმეტწლიანი ისტორია ალბათ ყველაზე საინტერესო რამ იყო, რისი ნაწილიც შესაძლოა, ვყოფილიყავით. მახსოვს, როდესაც ყაზბეგში პირველად ჩავედით, ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა გახსნილიყო, იმდენად რთულად მისადგომი იყო, რომ ბოლომდე ასვლაც კი გაგვიჭირდა. არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვი, რომ ღრმად მიძინებული ულამაზესი ხეობა „რუმსის“ გახსნამ გამოაცოცხლა. 2012 წლის შემდეგ ბევრი ადგილობრივი დაბრუნდა, გაძლიერდნენ ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები, ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად გაიზარდა ეკონომიკური აქტივობაც და დღეს „რუმსთან“ ერთად ბევრი სასტუმრო, რესტორანი თუ ახალი ბიზნესია წარმოდგენილი.

„რუმსი“ სრულიად ქართული ბრენდია და ძალიან საამაყოა, რომ მისი ისტორია Rooms Kazbegi-ით იწყება. ჩვენმა პირველმა სასტუმრომ საქართველო მალევე მონიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. Rooms Hotels-ის ოთხივე სასტუმრო იზიდავს როგორც დიზაინის, ასევე გასტრონომიის და მაღალი ხარისხის სტუმარმასპინძლობით დაინტერესებულ სტუმრებს. დღემდე მაღალია საერთაშორისო მედიის დაინტერესება ჩვენი კონცეფციით, რომელიც ძალიან საინტერესოდ და ჰარმონიულად აერთიანებს ქართულ თანამედროვე სტუმარმასპინძლობას და საინტერესო, უნიკალურ დიზაინს. ეს გამოცდილება იმდენად განსხვავებულია საერთაშორისო ბრენდების გამოცდილებისგან, რომ მოგზაურები ავთენტური გამოცდილების მიღების მიზნით ხშირად გვსტუმრობენ.

მახარებს ისიც, რომ Rooms Hotels-ი დღემდე მიჰყვება თავდაპირველ ჩანაფიქრს და არც იგეგმება იმ მთავარი ღირებულებების გადახედვა, რაზეც ბრენდი იდგა. რაც იცვლება – გარემოებები და გამოწვევებია, რომელთაც, ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტიანად ვუმკლავდებით.

„ჩვენთან ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მთელი საქართველო შემოიარონ, ROOMS HOTELS-ის სასტუმროებში გაჩერდნენ და მიიღონ უნიკალური და ავთენტური ქართული სტუმარმასპინძლობის გამოცდილება“.

ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ა: Rooms Hotels-ის თერთმეტწლიანმა თავგადასავალმა, მიმდინარე წლის სტრატეგიული გადაწყვეტილებით, სრულებით ახალი ფორმა მიიღო. ჯგუფის მფლობელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ „რუმსის“ ბრენდი ცალკე გამოგვეყო.

ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კი ბრენდის ცნობადობა, რეპუტაცია და პოტენციალი იყო. დღეს Rooms Hotels-ს აქვს პოტენციალი, გავიდეს საერთაშორისო მასშტაბზე და პორტფელში არსებულ ოთხ სასტუმროს – ყაზბეგს, თბილისს, ბათუმსა და კოხტას უახლოეს რამდენიმე წელიწადში საზღვრებს გარეთ გახსნილი სასტუმროებიც შემატოს.

ბრენდის გლობალური ექსპანსია მრავალი მიმართულებით განვიხილეთ. გვაქვს ძალიან ბევრი შემოთავაზება განსხვავებულ ლოკაციასა და პარტნიორობის ფორმატზე. გვთხოვენ, შევიმუშაოთ ფრენჩაიზი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ იმ სულისკვეთებას, რაც „რუმსის“ სასტუმროებს ახლავს თან, სხვებს ფრენჩაიზით ვერ გაუზიარებ. ამიტომაც პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, ბრენდი თავად გავიტანოთ საზღვრებს გარეთ.

ვამუშავებთ რამდენიმე მიმართულებას, თუმცა გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავიწყოთ ევროპით. ევროპის იმ ქალაქებით, რომელთაც ახლოს ვიცნობთ და სადაც შეგვიძლია, სრულიად უნიკალური და ახალი ნიში დავიკავოთ. საბოლოო გადაწყვეტილება ქალაქებ­თან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიღებული არ გვაქვს, თუმცა გვსურს, ექსპანსიის სტრატეგია მომდევნო ორ წელიწადში ჩამოყალიბებული გვქონდეს.

ჩვენი პორტფელის გაფართოებისთვის, ცხადია, ფინანსური რესურსის მობილიზებაა საჭირო. ამ მიმართულებითაც მივიღეთ რიგი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. 2019 წლიდან ვმუშაობთ DFC-სთან ფინანსების მოზიდვის მიმართულებით და შარშან გაფორმდა შეთანხმება, რომლის შედეგადაც DFC-თან პარტნიორობით დაფინანსდება Rooms Abastumani-ის პროექტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ბანკებთანაც. ასევე ვაკვირდებით დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს. სწორედ ამ მიზნით, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს Rooms Hotels-ის ფასიანი ქაღალდების გამოშვება – ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ „თიბისი კაპიტალსა“ და „გალტ ენდ თაგარტთან“ ერთად. ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტები საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ „რუმსის“ ბრენდი.

ლე­ვან ბე­რუ­ლა­ვა: მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა გლობალური ექსპანსიისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი პორტფელის გაფართოებაზეც. როგორც ვალერიმ ახსენა, აბასთუმანში „რუმსის“ სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ მიმართულებით 1924 წელს აშენებული სანატორიუმ „არაზინდოს“ შენობის რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ. ადგილობრივი გარემოს გათვალისწინებით, აბასთუმნის „რუმსის“ კონცეფცია ჰოლისტიკურ გამაჯანსაღებელ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული. კონცეფციასა და სასტუმროს დიზაინზე აქტიურად ვმუშაობთ ჯგუფის მფლობელთან ერთად. ვგეგმავთ, სასტუმრომ პირველი სტუმრები 2024 წლის ბოლოს მიიღოს.

ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ა: ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, „რუმსის“ აპლიკაციაა, რომელიც ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს გააერთიანებს. მობილური აპლიკაციის დახმარებით, ჩვენს ერთგულ სტუმრებს ექნებათ წვდომა ჩვენს ყველა სერვისზე სპეციალური ფასით, იქნება ეს სასტუმროს ნომერი, ღონისძიებებისა და საკონფერენციო მომსახურება, ჰოლდინგში შემავალი საერთო სამუშაო სივრცეები, ელექტროველოსიპედები თუ სკუტერები და სხვა სერვისები. ასევე შეეძლებათ, ჩაერთონ ჩვენ მიერ დაგეგმილ სპეციალურ პროგრამებსა და ღონისძიებებში, მათ შორის ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და ჰოლდინგში შემავალი ევროპაში ყველაზე დიდი რეგენერაციული „უდაბნოს“ ფერმის ჯანსაღი პროდუქტი გამოიწერონ. აპლიკაციის მომხმარებლები ამავდროულად შეძლებენ მნიშვნელოვანი ბენეფიტებით სარგებლობას ჩვენს მეგობარ/პარტნიორ უცხოურ სასტუმროებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც „რუმსის“ კონცეფციას, ფასეულობასა და ესთეტიკას შეესაბამება. ამ მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარებაში ჩვენი პარტნიორი კომპანია, Visa გვეხმარება, რომელიც პროდუქტის განვითარების კვლევით ეტაპს აფინანსებს.

და­ბო­ლოს, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, მინდა ერ­თი კითხ­ვაც და­გის­ვათ. თქვენ ხში­რად ამ­ბობთ, რომ „რუმსი“ აუცი­ლებ­ლად გა­იხ­ს­ნე­ბა სო­ხუმ­ში. გი­ფიქრი­ათ, რო­გო­რი უნ­და იყოს „რუმსი“ აფხა­ზეთ­ში?

ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ა: სოხუმში „რუმსის“ გახსნა ნამდვილად ჩემი ოცნებაა… მე მჯერა, რომ ამ ოცნების ახდენა შესაძლებელია. „რუმსი“ სოხუმში იქნება ისეთი, როგორიც არის აფხაზეთი – განსხვავებული და სახასიათო არქიტექტურა, ავთენტური სილამაზე და ბუნება, და ის სურნელი, რაც ბავშვობიდან ალბათ ყველას, ვინც აფხაზეთშია ნამყოფი, ახსოვს. „რუმსი“ სოხუმში იქნება ის, რასაც მომავლის საქართველო ჰქვია.