რა ღირს თამაში?

- ტოტალიზატორით გამდიდრებული ადამიანი გინახავს სადმე?

- კი, მაკაოში.

- საად? არ ვიცი, რას ამბობ, მაგრამ “ტრუხა” იქნება ეგ ამბავი, ვინ მოგაგებინებს...

ტაქსი თავის გზაზე წავიდა, მე კი ჩემი მეგობრის სახლთან ვიდექი. საათი მატყობინებდა, რომ დროზე უნდა მემოქმედა, ვინაიდან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის გახსნამდე 15 წუთი იყო დარჩენილი. დღეს უკვე მარტივი ამბავია: ფულს ვირტუალურ ანგარიშზე რიცხავ, შემდეგ სასურველ ოფციას ნახულობ და ფსონს აკეთებ. ჩემი არჩევანი ამჯერად მასპინძელი საფრანგეთი იყო, რომელმაც გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე შეძლო და რუმინელებისგან განსხვავებით ჩემი ხასიათი საგრძნობლად გამოაკეთა.

მსოფლიოს პირველი ფსონი ჩინეთში, ქრისტეს შობამდე 2300 წელს გაკეთდა და იმპერატორ იაოს უკავშირდება. ამ მრავალმხრივ ნიჭიერ და გონებამახვილ ადამიანს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია და მის სახელს ასევე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და გლობალური ამბავი უკავშირდება. იმპერატორი არის ავტორი თამაშისა, რომელიც დღეს “გო”-ს სახელით არის ცნობილი და ერთ- ერთ ყველაზე ინტელექტუალურ სპორტად ითვლება. საიმპერატორო კარზე გამართული თამაშების დროს მაყურებელი ორი მეტოქიდან ერთის სასარგებლოდ აკეთებდა ფსონს. ასე დაიწყო ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი, რომლის უკანაც დღეს მილიარდობით დოლარი ტრიალებს და ჩვენ სათამაშო ბიზნესის სახელით ვიცნობთ.

ოცდამეერთე საუკუნე გემბლინგის ხელახალი დაბადების პერიოდია. გლობალიზაციამ და ინტერნეტმა მისი საზღვრები უკიდეგანოდ გაშალა და, ფაქტობრივად, ყოვლისმომცველი გახადა. კაზინო, ბინგო, სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორი ის ძირითადი სახეობებია, რაზეც მომხმარებლების დიდი უმრავლესობა საკუთარ არჩევანს აკეთებს. 2016 წლის აპრილის მონაცემებით, წელს პირველი ათი ქვეყნის ბაზარზე გემბლინგიდან მიღებულმა შემოსავალმა $80 მილიარდს მიაღწია. სიის ლიდერები ჩინეთი ($24,3 მილიარდი), აშშ ($23,8 მილიარდი) და იაპონია ($12,4 მილიარდი) არიან. ჩვენი კონტინენტის ლიდერი ქვეყანა კი გერმანიაა ($4 მილიარდი), რომელიც მთლიან ათეულში მეოთხე ადგილს იკავებს. აღნიშნულ მონაცემებში ასახული არ არის ონლაინ-გემბლინგიდან შემოსული თანხები. წინასწარი პროგნოზით, 2016 წელს ვირტუალური სივრციდან შემოსულმა მთლიანმა თანხამ $46 მილიარდს უნდა გადააჭარბოს. საერთო მონაცემებით, მსოფლიო აზარტული თამაშების ბიზნესის მთლიანი წმინდა მოგება დაახლოებით $305 მილიარდს უდრის.

კოლოსალური რიცხვები მხოლოდ მოგების ნაწილში არ ფიქსირდება, ამიტომ დროა, საპირისპირო მხარეს არსებული სიტუაციაც მიმოვიხილოთ. 2014 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში ყველაზე მეტს ავსტრალიელი აგებს ($1,317), შემდეგ მოდის სინგაპური ($1,189), ფინეთი ($780), აშშ ($627), იტალია ($590). წაგებული თანხის ჯამური რაოდენობის მხრივ კი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: აშშ ($119 მილიარდი), ჩინეთი ($76 მილიარდი), იაპონია ($31,4 მილიარდი), იტალია ($23,9 მილიარდი), დიდი ბრიტანეთი ($19,8 მილიარდი).

სამწუხაროდ, ჰეპი-ენდით არ დასრულებულა უგანდელი ჰენრი დაბასინის ისტორია, რომელმაც ერთ დღეს “არსენალის” გამარჯვებაზე სახლი, ტოიოტას მარკის ავტომობილი და სამიდან ერთ- ერთი მეუღლე დადო. ლონდონელების დამარცხებამ იგი ქუჩაში ორი ცოლის ამარა დატოვა. ბეთინგი დღეს ინტერნაციონალური მოვლენაა, რომელსაც ბაზარზე მსოფლიო სათამაშო ინდუსტრიის მეხუთედი უჭირავს და სტაბილურ პროგრესს განიცდის. Gallup-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ამერიკელი წელიწადში, როგორც მინიმუმ. ერთ ბეთს მაინც აკეთებს. ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია, თუმცა statista.com-ის ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, ბეთინგის მსოფლიო ბაზრის საერთო ღირებულება $700 მილიარდს აღწევს. ფსონების 65% ფეხბურთზე კეთდება, რითაც ის მომხმარებლებში ყველაზე მოთხოვნილი სპორტული სახეობაა. შემდეგი ადგილები ჩოგბურთმა და კრიკეტმა დაიკავა. ბეთერებს განსაკუთრებული სიყვარული დიდი სპორტული ღონისძიებების მიმართ გააჩნიათ, რაც ციფრებში კარგად აისახება. ამ მხრივ ყველაზე მიმზიდველი დაპირისპირება ამერიკულ ფეხბურთს უკავშირდება. Super Bowl-ი ყველაზე მოთხოვნილი მატჩია ბეთერებისთვის. 2014 წელს, მხოლოდ ნევადაში ამ თამაშზე $120 მილიონის ფსონი გაკეთდა. მეორე ადგილზე ამერიკის კოლეჯების საკალათბურთო ლიგაა (March Madness), რომლის მიმდინარეობისას ჯამში დაახლოებით $100 მილიონის ფსონი კეთდება, თუმცა, ექსპერტების აზრით, “მიწისქვეშეთში” გაკეთებული ბეთების წყალობით, ეს რიცხვი ორ მილიარდ დოლარამდე ადის. ყურადღება არ აკლია მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ტურნირის განმავლობაში მომხმარებლების მიერ დადებული თანხის საერთო რაოდენობა 300-600 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ბევრისთვის მოულოდნელად, სიაში სოლიდური ადგილი უკავია კრიკეტს, რომლის მსოფლიო ჩემპიონატიც დაახლოებით 200 ქვეყანაში გადაიცემა, რითაც ბეთერების გული დიდი ხნის წინ მოიგო.

გაინტერესებთ, რომელ სპორტზე გაქვთ ფსონის გაკეთების შემთხვევაში მოგების ყველაზე დიდი შანსი? არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც ყველაზე “გამოცნობადი” სპორტის დასახელება შეიძლება, მაგრამ ზოგადი მაჩვენებელი გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ფულის გაფლანგვა ყველაზე მარტივად ფეხბურთზე ბეთის გაკეთებისას შეგიძლიათ, ვინაიდან მოგების, წაგებისა და თამაშის ფრედ დამთავრების გამო სასურველი შედეგის გამოცნობის 33 %-იანი ალბათობა არსებობს. გასათვალისწინებელია გარიგებული თამაშების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, რაც მოგებას კიდევ უფრო ართულებს. საპირისპიროს თქმა შეიძლება ჩოგბურთზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე “გამოცნობად” სპორტად არის მიჩნეული. მოგების 50%-იანი შესაძლებლობისა და კორუფციის მინიმალური მაჩვენებლის გამო, აქ ფულის დაკარგვის შანსები ნაკლებია.

მომხმარებლების ურიცხვი არმიის პარალელურად, სათამაშო ბიზნესს მსოფლიოში უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. მათი არგუმენტების დიდი უმეტესობა მორალურ და სოციალურ საკითხებს ეფუძნება. საინტერესოა, როგორ გამოიყურება აღნიშნული არგუმენტები ციფრებში. ამისთვის ჩინეთში დაბრუნება მოგვიწევს.

საკანონმდებლო დონეზე სათამაშო ბიზნესის აკრძალვისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, წითელი დრაკონის ქვეყანა ამ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. გაინტერესებთ, როგორ შეძლეს ამხელა შემოსავლის მიღება მაშინ, როდესაც კანონით გემბლინგი დაშვებული არ არის? პასუხი მარტივია – არსებობს ერთი “მაგრამ”, რომელიც ათეულობით მილიარდ დოლარს უდრის. სახელმწიფო ლატარიის გარდა, კანონმდებლობა სათამაშო ბიზნესისთვის ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ითვალისწინებს. ასეთები კი ჰონკონგი და მაკაოა. მათგან უკანასკნელი ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ 1999 წელს შევიდა და დღეს მეორენაირად “აღმოსავლეთის მონტე-კარლოს” უწოდებენ. გემბლინგ-ტურიზმი აქ შემოსავლის ყველაზე დიდი წყაროა და საერთო ეკონომიკის 50%–ს შეადგენს. მაკაოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $91,376 ათასია, რითაც 15-ჯერ აღემატება ჩინეთის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2014 წელს სათამაშო ბიზნესიდან შემოსულმა მოგებამ $44 მილიარდს, დაუსაქმებელთა რაოდენობამ კი 1.8 %-ს მიაღწია. სათამაშო ბიზნესის წყალობით, მაკაო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა.

ახლა კი დროა, დავტოვოთ აზია და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავინაცვლოთ. ჩინეთის მსგავსად საკანონმდებლო შეზღუდვები აქაც მოქმედებს. გემბლინგის სხვადასხვა სახეობა 20 შტატში გვხვდება, თუმცა კაზინოს ტიპის სათამაშო ბიზნესი მხოლოდ ნევადასა და ლუიზიანაშია ნებადართული. ლას- ვეგასი უკვე დიდი ხანია, რაც სათამაშო ბიზნესის ბრწყინვალებას გამოხატავს, თუმცა გაგორებული კამათლისა და ჭიქა ვისკის უკან ბევრი საინტერესო რამ იმალება. საუბარი სოციალურ ასპექტებზე მექნება, რაც სწორედ შეერთებულ შტატებშია განსაკუთრებით თვალსაჩინო. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 740 ათასი ამერიკელის დასაქმების წყაროს სწორედ გემბლინგ- ბიზნესი წარმოადგენს. დიდ ბრიტანეთში ეს ციფრი 100 ათასს აღემატება. ამას დავამატოთ სხვადასხვა ბიზნესი, რაც გემბლინგის წყალობით იქმნება და ვითარდება, განსაკუთრებით – ტურიზმის მიმართულებით. თამაშისა და გართობის გარდა, ეს ინდუსტრია ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, რაც ხშირად ბევრს ავიწყდება.

სათამაშო ბიზნესის კრიტიკას ხშირად საქართველოშიც გაიგონებთ, თუმცა ინტენსივობა პიკს წინასაარჩევნო პერიოდში აღწევს. აქამდე არაერთ პოლიტიკოსს გამოუთქვამს საჯაროდ გემბლინგის შეზღუდვის, ან საერთოდ აკრძალვის სურვილი, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება, საბედნიეროდ, არავის უცდია. რატომ საბედნიეროდ? პასუხის გაცემა კვლავ ციფრების გამოყენებით მომიწევს. აზარტული თამაშების ბიზნესი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. გასულ წელს, 2010 წელთან შედარებით, გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდან შემოსული მაჩვენებელი გაორმაგდა და 180 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს საქართველოს ექვსი დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი, საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტატისტიკა დინამიკაში მზარდია. ხშირად გსმენიათ ალბათ იმის შესახებ, რომ თამაშით “მთელი საქართველოა” დაკავებული, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, აზარტული თამაშებით გამოკითხულთა 6% არის დაკავებული, ფინანსური პრობლემები კი მხოლოდ 2%-ს შეჰქმნია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არ არსებობს რაიმე სახის სტატისტიკა, საიდანაც მოთამაშეთა რაოდენობისა და წაგებული თანხების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეგვიძლია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე ხატავენ კრიტიკოსები (ძირითადად, პოლიტიკოსები) ტრაგიკულ სურათს.

საკანონმდებლო ბაზის მხრივ, საქართველო რეგიონში (და არამხოლოდ) ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა სათამაშო ბიზნესის მიმართულებით. საბიუჯეტო გადასახადებთან ერთად, ამ ინდუსტრიის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობაც უნდა გავითვალისწინოთ, რაც დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესების უმეტესობამ უარი გვითხრა სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებაზე, ამიტომ ეროვნული სათამაშო ბაზრის სრულად გაანალიზება ვერ შევძელით.

არალეგალური გემბლინგი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალვა ან მკაცრად რეგულირება სულელურ იდეად მივიჩნიოთ. შავ ბაზარზე არსებული მრავალფეროვნების საილუსტრაციოდ კალიფორნია გამოგვადგება, სადაც წელიწადში დაახლოებით 100 ადამიანს იჭერენ მამლების ბრძოლის ორგანიზებისა და ფსონების მიღების გამო. NBA-ს კომისარი, ადამ სილვერი, კონგრესს ბეთინგის ლეგალიზაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აკრძალვის მოხსნის შემთხვევაში აშშ-ის შავ ბაზარზე არსებული $400 მილიარდი მზის სინათლეზე ამოვა. სილვერის აზრით, უშედეგო რეგულაციას ფულის დაბეგვრა და კონკრეტული სარგებლის მიღება სჯობს. ფინანსური დანაკარგების გარდა, არალეგალურ გემბლინგს კიდევ ერთი მინუსი – კრიმინალთან მეგობრობა ახასიათებს. 2015 წელს დოჰაში გაეროს ეგიდით ჩატარებულ კრიმინალის პრევენციის კონფერენციაზე არალეგალური თამაში ერთ- ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად დაასახელეს. ამ მხრივ შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო. ე.წ. “ხელზე გამაზვა”, რაც ფსონის კერძო პირთან დადებას გულისხმობს, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე მასშტაბურ აქტივობას წარმოადგენდა. ტოტალიზატორებისგან განსხვავებით, “ხელზე თამაშის” დროს ფულის დადება ვირტუალურად ხდება, მოგების ან წაგების შემთხვევაში კი ეს თანხა რეალური ხდება. ფსონების დადება ძირითადად ტელეფონით, ან ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება და წაგებული თანხის დაგვიანების შემთხვევაში საქმეში კრიმინალი ერთვება. თანხის ამოღების ყველაზე ხშირ და ეფექტიან საშუალებად ე.წ “ქურდული გარჩევა” გვევლინებოდა, რასაც არაერთი ადამიანი შეეწირა. ანალოგიური ტიპის “აქტივობები” თითქმის ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.

კრიმინალი ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც გემბლინგს ახასიათებს. თამაშის გამო ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში სუიციდი ყოველ ორმოც წამში ერთხელ ხდება, წელიწადის განმავლობაში კი ეს რიცხვი დაახლოებით მილიონს შეადგენს. World Health Organization-ის კვლევის მიხედვით, სუიციდის საერთო მაჩვენებლის 5% გემბლინგით არის გამოწვეული, რაც დაახლოებით 50,000-ს შეადგენს. კვლევის ფარგლებში, ლუდომანიით (აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება) შეპყრობილი პაციენტების 40%-მა განაცხადა, რომ თვითმკვლელობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უცდია. ამ მხრივ, თავის დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება მოტყუება იქნება, ვინაიდან უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში თვითმკვლელობების რაოდენობა დინამიკაში ზრდადია.

როგორც ძველი ჩინური ანდაზა გვეუბნება – თამაშის დაწყების შემთხვევაში ყურადღება წესებს, კაპიტალს და დროულად დამთავრებას უნდა მივაქციოთ. მეც დავუჯერებ ბრძენ წითელ დრაკონს და წერტილს აქ დავსვამ. გირჩევთ, რომ თქვენც გაითვალისწინოთ ეს რჩევა.

წინა სტატია

Forbes-ის სტანდარტით ახალ ეტაპზე
07 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

კომპანია SES-მა RR MEDIA-იისა და SES PLATFORM SERVICES-ის გაერთიანებაზე განაცხადა
08 ივლისი, 2016
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა