ნომერი ერთი, რომელიც ყოველთვის მეტად ცდილობს

“ელიტ ელექტრონიქსის”  ებრაელი ინვესტორის, შაულ ზილბერშტეინის შესახებ საქართველოში ცოტას თუ სმენია.

მართალია, ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნიკის მაღაზიების ქსელის, BRIMAG-ის პრეზიდენტი თბილისში ხშირად ჩამოდის, მაგრამ ძირითადად საქმეების გამო და ნაკლებად – მედიასთან ურთიერთობისთვის. მიუხედავად ამისა, ბოლო ვიზიტისას მან გამონაკლისი დაუშვა და Forbes-ს ესაუბრა.

საუბრის დასაწყისში ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა დეტალმა მიიქცია – მისმა ტელეფონმა, დიახ ტელეფონმა და არა სმარტფონმა – NOKIA 1800-მ, 2010 წელს გამოშვებულმა ჩვეულებრივმა მობილურმა ტელეფონმა. რატომ აქვს ასეთი ტელეფონი ტექნიკის მაღაზიების ქსელის მფლობელს? ამის გარკვევა ინტერვიუს ბოლოსთვის გადავდე.

BRIMAG-ი ისრაელში 70-მდე მაღაზიას ფლობს და მას ზილბერშტეინების უკვე მესამე თაობა მართავს. ჰოლდინგური კომპანია, რომელსაც ტექნიკის მაღაზიები ინდოეთშიც აქვს, ტელ–ავივის საფონდო ბირჟის ლისტინგშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფინანსური ანგარიშები საჯაროა. “შესაბამისად, ელიტ ელექტრონიქსისაც”, – ამბობს შაულ ზილბერშტეინი და ამას თავისი ქართული კომპანიის, “ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევს, თუმცა სანამ უპირატესობებზე ვისაუბრებთ, ვბრუნდებით იქ, საიდანაც დაიწყო – ეს თემა კი მისი და “ელიტ ელექტრონიქსის” ურთიერთობაა.

“TBC ბანკისგან მივიღე შემოთავაზება, რომ შემეძინა კომპანია, რომელსაც პრობლემები ჰქონდა”, – იხსენებს შაულ ზილბერშტეინი.

“საქართველოში მანამდე ნამყოფიც კი არ ვიყავი და როდესაც ბანკმა დამარწმუნა, სულ მცირე, გავცნობოდი მაინც მათ შემოთავაზებას, თბილისში ჩამოვედი. მენეჯმენტთან საუბრის შემდეგ, ერთადერთი, რაც ვითხოვე, ის იყო, რომ მოეცათ დრო, რათა კომპანია და მისი პოტენციალი შემესწავლა, გამეგო, ვინ ვის წინააღმდეგ იყო პრობლემურ კომპანიაში”.

სამდღიანი შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ კომპანიას ბანკის წინაშე არაერთი მილიონი ლარის დავალიანება ჰქონდა და სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთ თვეში, 2011 წლის ივლისში, კომპანია მის მფლობელობაში გადავიდა.

“2011 წელს ბიზნესი საქართველოში დაახლოებით იმ დონეზე იყო, როგორც ისრაელში 90-იან წლებში – იყო დიდი გამოწვევა და დიდი შესაძლებლობები, შეგექმნა რამე განსხვავებული”, – ასე ხსნის დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას ბიზნესმენი.

“ზოგადად, ქართული ბაზარი დასავლური ქვეყნების არც ერთ ბაზარს არ ჰგავს. მაგალითად, ტექნიკის მაღაზიების შემთხვევაში, დასავლურ ბაზრებზე არსებობენ დისტრიბუტორები და მაღაზიები მათგან ყიდულობენ ტექნიკას. საქართველოში იმპორტი ცოტა განსხვავებული, მე ვიტყოდი, არასწორი სქემით ხორციელდება: ტექნიკის მაღაზიათა ყველა ქსელს გარკვეული კავშირები აქვს კონკრეტული კომპანიების ფილიალებთან და ამის შედეგად ჩამოაქვთ ტექნიკა, მაგალითად, დუბაიდან. ეს ნიშნავს, რომ იმპორტიორებიც და გამსაღებლებიც თავად არიან, ანუ ყველაფერი ერთ ხელშია მოქცეული. ეს ავტომატურად იწვევს მაღალ ფასებს ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლისთვის და ამცირებს მოგების მარჟასაც, რომელიც საქართველოში ისედაც მცირეა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით“, – დასძენს ზილბერშტეინი.

მისი პროგნოზით, ეს ფაქტორი არაერთ ქართულ კომპანიას უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის და მათ გაკოტრების საფრთხის წინაშე დააყენებს.

“ასეთი სისტემით ვაჭრობა მაინცდამაინც პროფესიონალური არ არის. არადა, თუ გინდა, რომ ფული არ დაკარგო, ძალიან კარგი პროფესიონალი უნდა იყო”, – ამბობს ბიზნესმენი და “ელიტ ელექტრონიქსში” მისი მისვლის შემდეგ დაწყებულ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებმაც ქართული კომპანია ევროპულ სტანდარტებზე გადაიყვანა, თუმცა ჯერჯერობით არა იმ ხარისხით, როგორითაც თავად ისურვებდა.

“სერვისი, როგორია ის საქართველოში? – საერთოდ არ არის. მომხმარებელი ყიდულობს არც ისე იაფფასიან პროდუქტს და თუკი მას შემდგომი მომსახურება სჭირდება – ის უბრალოდ არ არსებობს, ან ძალიან განუვითარებელია. ამიტომ, ჩემი პირველი და უმთავრესი ინვესტიცია “ელიტ ელექტრონიქსში” სერვისის გაუმჯობესებაზე მოდის. ამას დრო სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სერვისი უკვე ათჯერ სჯობს კონკურენტებისას”, – ამბობს ზილბერშტეინი.

მეორე საკითხი, რომელიც აწუხებს და რომლის დახვეწაზეც არანაკლებ დროს, ენერგიასა და ფინანსებს ხარჯავს – მენეჯმენტია.

“თავიდან, როცა მოვედი, მენეჯმენტი გაუმართავი იყო, მე ვიტყოდი, ზედმეტად ქართულ სტილში – განსაკუთრებით გაყიდვების ნაწილში. დიდი დრო დასჭირდა გაყიდვების დეპარტამენტის კვალიფიკაციის ამაღლებას”, – ამბობს ზილბერშტეინი და დასძენს, რომ მენეჯმენტში, საბოლოო ჯამში, ბევრი რამ შეიცვალა, რისთვისაც კონსულტანტები თითოეული მიმართულებისთვის ცალ-ცალკე ისრაელიდან ჩამოჰყავდა. დღეს უკვე მიაჩნია, რომ მისი კომპანიის თითოეული მენეჯერი ძალიან კარგი მენეჯერია. ამის ინდიკატორად ზილბერშტეინი იმას მიიჩნევს, რომ, მაგალითად, ტოპმენეჯერს შეუძლია კომპანიაში მიუსვლელად, უბრალოდ მობილურისა და ინტერნეტის დახმარებით განკარგოს პროცესი იმის გამო, რომ მაქსიმალურად გარკვეულია მასში და ზუსტად იცის ყველა დეტალი. ზილბერშტეინს ეს მთავარ მიღწევად მიაჩნია იმ ცვლილებებს შორის, რაც 2011 წლის შემდეგ კომპანიაში განხორციელდა – და ეს კომპანიაზე სრული მენეჯერული კონტროლი გახლავთ.

მართალია, არ ამჟღავნებს, ზუსტად რამდენია საერთო ინვესტიცია, რაც კომპანიაში შესვლის დღიდან დღემდე განახორციელა და ამბობს, რომ ეს თანხა რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ გატაცებით საუბრობს სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ძირითადად კვლავ სერვისის გაუმჯობესებას ეხება. სერვისი და დეტალები ზილბერშტეინისთვის აშკარად ყველაზე მნიშვნელოვანია.

“ვგეგმავთ ჩვენს შოურუმებში წარვადგინოთ მთლიანი სამზარეულოები, ჩამონტაჟებული ტექნიკით. ქართველი მომხმარებელი დღეს სამზარეულოს ტექნიკას ცალ-ცალკე ყიდულობს, რაც კარგია, თუმცა უკვე წარსულია, მომავალი მთლიან კონცეფციებშია”, – ამბობს ზილბერშტეინი.

რაც შეეხება დეტალებს, “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიებში მალე გაჩნდება ყავის კუთხეები. ამ თემაზე ზილბერშტეინი განსაკუთრებული გატაცებით საუბრობს.

“ეს თითქოს არაფერია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, მალე ყავის აპარატები სრულად ჩაანაცვლებს იმ არაელექტრონულ მოწყობილობებს, რომლებსაც სახლში ყავის მოსადუღებლად ვიყენებთ. ჩვენს მაღაზიებში საუკეთესო ყავის შეთავაზება მომხმარებლისთვის ძალიან იაფად ან საერთოდ უფასოდ და იმ ფორმით, რაც მომავლის ფორმაა, ძალიან მნიშნელოვანია”, – ამბობს ზილბერშტეინი.

მიიჩნევს, რომ დღეს ქართულ ბაზარზე “ელიტ ელექტრონიქსი” უკონკურენტოა, თუმცა აუცილებლად მიაჩნია თავად კონკურენციის არსებობა და თითოეულ კონკურენტს ძალიან აფასებს.

“ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას, Avis–ს, ასეთი დევიზი აქვს: “ჩვენ მხოლოდ #2 ვართ, ამიტომ მეტად ვცდილობთ”. ჩვენს შემთხვევაში სიტუაცია ასეთია: #1 ვართ, მაგრამ მაინც მუდმივად მეტად ვცდილობთ”, – ამბობს ზილბერშტეინი და დასძენს, რომ ქართველი მომხმარებლების გემოვნება და ცნობიერება სულ უფრო უმჯობესდება: ისინი ნელ-ნელა სწავლობენ, რომ უკეთესია იყიდო ხარისხი შესაბამის ფასად, ვიდრე დაზოგო ფული დაბალი ხარისხის ხარჯზე.

სწორედ ამ მომენტში ჩემი კითხვა Nokia-ს შესახებ აქტუალობას იძენს და მეც არ დავაყოვნე: “შეიძლება გკითხოთ, რატომ გაქვთ ტელეფონი, რომელიც თანამედროვეობას არანაირად არ პასუხობს?” კითხვა მოულოდნელი იყო, თუმცა რეაქცია – მხიარული, ხოლო პასუხი უსიტყვო – პიჯაკის ჯიბიდან ამოღებული iPhone 5S-ი. როგორც გაირკვა, Nokia-ს ადრეული ხანის მობილური მხოლოდ ქართული ნომრისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც საქართველოში ყოფნისას ზარების განსახორციელებლად იყენებს. აქვე გაირკვა ისიც, რომ თბილისი ძალიან მოსწონს, იმდენად, რომ ბინაც შეიძინა ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში და შენაძენით ძალიან კმაყოფილია: “ეს ნიშნავს, რომ წასვლას არ ვაპირებ, ვრჩები და სხვა სფეროებშიც ვგეგმავ ინვესტირებას”, – გამიმხილა შაულ ზილბერშტეინმა ინტერვიუს ბოლოს.

წინა სტატია

ქართული დემოკრატიის გენერალური რეპეტიცია
13 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

ფსონი მილიარდერებზე და არა ბუშტებზე
19 ივნისი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა