ბაიდენმა უკრაინის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა | გადაწყდა TikTok-ის აკრძალვის საკითხიც

ბაიდენმა უკრაინის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა | გადაწყდა TikTok-ის აკრძალვის საკითხიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების მრავალმილიარდიან პაკეტს ხელი მოაწერა. $61 მილიარდის მოცულობის დახმარება თვეების განმავლობაში ვერ მტკიცდებოდა, საბოლოოდ კი პაკეტი კონგრესსა და სენატში მხარდაჭერის შემდეგ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. დახმარების პაკეტი უკრაინისათვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის განცხადებით, $1-მილიარდიანი საწყისი დახმარების პაკეტი უკვე მზად იყო და შესაბამის ნებართვას ელოდებოდა. პირველ პარტიაში ჯავშანტრანსპორტიორები, Stinger-ის ტიპის საზენიტო დანადგარები, საარტილერიო სისტემების ჭურვები, TOW-ისა და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და სხვა სახის შეიარაღება შედის. ბაიდენის განმარტებით, აღნიშნული სამხედრო ტექნიკა უკრაინას უახლოეს საათებში მიეწოდება.

ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინიციატივა უკრაინის გარდა $26 მილიარდის მოცულობის დახმარებას ისრაელსაც გამოუყოფს, $8 მილიარდი კი ტაივანისთვისაა განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენი უკრაინისათვის დახმარების გამოყოფისთვის ნებართვას კონგრესისაგან თვეების განმავლობაში ითხოვდა. საკითხის საბოლოოდ დამტკიცებისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის სპიკერს, რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, რესპუბლიკელი პოლიტიკოსები დახმარების დამტკიცების წინააღმდეგნი იყვნენ. ბაიდენმა პირობა დადო, რომ საზღვრის უსაფრთხოების საკითხს უახლოეს პერიოდში მიუბრუნდება. ეს საკითხი რესპუბლიკელებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

უკრაინის დახმარების ინიციატივის გარდა, ჯო ბაიდენმა ხელი ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვის საკანონმდებლო ჩარჩოსაც მოაწერა. ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მიერ წარდგენილი კანონი პოპულარული სოცმედიაპლატფორმის, TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს აპლიკაციის გასხვისებას ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას განიხილავს. კომპანიის გასხვისებისთვის ამერიკელი პოლიტიკოსები ByteDance-ს 9-თვიან ვადას აძლევენ.