რატომ იზრდება სწრაფად საქართველოს სახელმწიფო ვალი?

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფო ვალის საკითხი, რადგან ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ვალის აღების ტენდენცია მზარდია. ზოგიერთი ქვეყნის დავალიანება სცდება ზღვარს, რომლის მიღმა ვალის აღება ქვეყნისთვის სახიფათოდ არის მიჩნეული. მათ შორის, ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა აშშ და იაპონია მაღალი დავალიანების მქონე ქვეყნები არიან. თუმცა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ დიდ ვალს მოემსახურონ და, ამავე დროს, სხვა ქვეყნებსაც გაუწიონ ფინანსური დახმარება. მსოფლიო მასშტაბით საქართველო საშუალო დავალიანების მქონე ქვეყანაა და არ დგას გადახდისუუნარობის წინაშე, მაგრამ საკითხი აქტუალურია ორი მიზეზის გამო: ვალი წლიდან წლამდე იზრდება და ვალის მომსახურება (ძირისა და პროცენტის დაფარვა) ძვირი გვიჯდება. მაგალითად, 2016 წელს სახელმწიფო ვალის მომსახურებაში უნდა გადავიხადოთ 900 მლნ ლარი. 900 მილიონი ლარი უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი (670 მლნ ლარი) ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი (595 მლნ ლარი).

როდესაც სახელმწიფო ვალის სიდიდესა და მის ტვირთზე ვსაუბრობთ, მიზანშეწონილია, მისი ფარდობითი მონაცემები (ვალის პროცენტული შეფარდება მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ) და არა ვალის ნომინალური მოცულობა ვნახოთ. რაც უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ქვეყანას, მით მეტი ვალის მომსახურება შეუძლია. საქართველოში კანონით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს ვალი 60%-იან ნიშნულამდე არ მისულა, თუმცა შიდა ვალის ზრდისა და ლარის გაუფასურების გამო მას სწრაფად მზარდი ტენდენცია აქვს.

დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო ვალიდან საგარეო ვალზე 78% (10 მილიარდი ლარი), ხოლო საშინაო ვალზე 22% (2.9 მილიარდი ლარი) მოდის.

2014-2015 წლებში ვალის მნიშვნელოვნად ზრდა ლარის გაუფასურებამ და შიდა ვალის ზრდამ გამოიწვია. რადგან საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, როდესაც ლარის კურსი ეცემა, ლარში გამოხატული საგარეო ვალი იზრდება. თუ ბოლო სამ წელიწადში აშშ დოლარში გამოხატული საგარეო ვალის ცვლილებას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ 2012 წლის 30 სექ ტემბერს საგარეო ვალი $4.3 მილიარდი იყო, ხოლო მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, $4.2 მილიარდი შეადგინა. ვალის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი ვალის მნიშვნელოვნად დაფარვამ გამოიწვია. 2012 წლის სექტემბერში ეროვნულ ბანკს $429 მილიონის საგარეო ვალი ჰქონდა, ახლა კი $28 მილიონის ვალი აქვს. მთავრობის საგარეო ვალი ბოლო სამ წელიწადში $240 მილიონით გაიზარდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო კი ლარში გამოსახული საგარეო ვალი $2.6 მილიარდით გაიზარდა.

საშინაო ვალის შემთხვევაში მატებას ახალი ვალის აღება იწვევს. 2013 წლიდან ახალმა მთავრობამ საშინაო ვალის აღების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი ახალი ვალი აიღო.

ხელისუფლება საშინაო ვალის აღების ზრდას საგარეო დაფინანსებაზე თანდათანობით დამოკიდებულების შემცირებით ხსნის. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეფიციტური ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ეს მიდ გომა ეკონომიკურ თეორიაში კეინზიანიზმის სახელით არის ცნობილი, რაც სახელმწიფო ხარჯების ზრდით ქვეყნის შიდა მოთხოვნის ხელოვნურ ზრდასა და, აქედან გამომდინარე, წარმოების წახალისებაში გამოიხატება. თუმცა ასევე ცნობილია, რომ ასეთი მაკროეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია ეფექტიანი, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას ინვესტიციების ზრდა, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება იწვევს. ამასთან, საშინაო ვალის აღება ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას უწყობს ხელს და ნეგატიურ გავლენას ახდენს პროდუქციის ფასებსა და ვალუტის კურსზე. ასევე, საშინაო ვალის აღება ზრდის მოთხოვნას საკრედიტო რესურსზე, რაც სხვა თანაბარ პირობებში, საპროცენტო განაკვეთებს ზრდის და კერძო სექტორს სესხის აღების საშუალებას უზღუდავს. სწორედ ეს ეფექტი გამოიკვეთა ბოლო თვეებში, როდესაც საშიანო ვალზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 476 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან 305 მლნ ლარი (64%) სახელმწიფომ ისესხა.

თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობამ გაიზიარა ის პოზიცია, რომ საშინაო ვალის აღებას ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. შედეგად, მიმდინარე წელს ასაღები ვალის მოცულობა 100 მლნ ლარით შეამცირა (600-ის ნაცვლად 500-ს ისესხებს), ხოლო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს 200 მლნ ლარის საშინაო ვალის აღებას გეგმავს.

წინა სტატია

ყველაზე მაღალანაზღაურებადი დი-ჯეები
11 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

მსოფლიოს უძვირფასესი ერთალაოიანი ვისკიები
12 ნოემბერი, 2015
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა