12 მიზეზი იმისა, თუ რატომაა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალი

12 მიზეზი იმისა, თუ რატომაა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალი

უკრაინის საზღვრებთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რუსი სამხედროებისა და რუსული შეიარაღების რაოდენობა ყოველ საათში იზრდება, რაც სიტუაციის განმუხტვისაკენ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ამის ფონზე, დასავლური სახელმწიფოების მეთაურები განცხადებებს ავრცელებენ, რომელთა მიხედვითაც რუსეთი უკრაინაში ზამთრის ოლიმპიადის დამთავრებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიჭრას. ქვეყნის დატოვებას სთხოვენ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებსაც. უკან იხმობენ სამხედრო ინსტრუქტორებსაც. კონფლიქტის ზონა ეუთოს წარმომადგენლებმაც დატოვეს. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის  სურვილს  სადაზვერვო ინფორმაციაც ადასტურებს.

ყველა ინდიკატორი კონფლიქტის გარდაუვალობაზე მიუთითებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ჰგავს. რამდენიმე დღის წინ მსგავსი შინაარსის განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმაც გაავრცელა. მისი განმარტებით, თურქეთის წყაროების ცნობით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

საერთაშორისო საზოგადოება კი თანხმდება, რომ რუსეთის მიერ მორიგ აგრესიულ ნაბიჯს მალევე უნდა ველოდოთ. ამის არგუმენტს კი საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევრებსა თუ კონფლიქტების ექსპერტებს არაერთი გარემოება აძლევს. ამ სტატიაში იხილავთ მათ მიერ დასახელებულ 12 კონკრეტულ მიზეზს იმისა, თუ რატომ შეიძლება იყოს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალი. თუმცა უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მიუხედავად ქვემოთ მოყვანილი მიზეზებისა, შესაძლოა, სცენარი ამგვარად არ განვითარდეს, რაც, როგორც უკრაინის, ისე  ჩვენს ინტერესებშიც შედის.

  1. დიპლომატიური ძალისხმევა კვლავ წარუმატებელია

სამწუხაროდ, იანვრიდან მოყოლებული, ყველა დიპლომატიური ძალისხმევა, რომლებშიც სახელმწიფოთა უმაღლესი პირები იყვნენ ჩართულნი, წარუმატებლად დამთავრდა. ვლადიმირ პუტინის მოთხოვნების გრძელი ჩამონათვალის გარანტიას ნატო არ იძლევა, შესაბამისად, სანაცვლო გარანტიას თავდაუსხმელობის შესახებ არც პუტინი გასცემს.

  1. რუსული პარლამენტი კენჭს უყრის უკრაინის ტერიტორიაზე პრორუსი სეპარატისტების ოფიციალურად აღიარებას

მიუხედავად უკრაინის სამთავრობო ძალებსა და აღმოსავლეთ უკრაინაში გამაგრებულ პრორუს სეპარატისტებს შორის უწყვეტი დაპირისპირებისა, უკრაინული ჯარი მუდამ სიტუაციის დეესკალაციას ცდილობდა, რათა რუსეთისათვის ინტერვენციის არგუმენტი არ გაეჩინა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მცდელობამაც არ გაამართლა.

რუსული დუმა მიმდინარე კვირაში საპარლამენტო კენჭისყრას აპირებს თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების აღიარების მიზნით. ეს კი ნამდვილად შეიძლება, ახალი ლეგალური არგუმენტი აღმოჩნდეს რუსეთისათვის ინტერვენციის გასამართლებლად.

  1. მოსკოვი კიევში საკუთარი საელჩოს ევაკუაციას იწყებს

ოფიციალურმა მოსკოვმა კიევში საკუთარი საელჩოს თანამშრომლებს ქალაქის დატოვებისაკენ მოუწოდა. მარია ზახაროვას განმარტებით, შესაძლო პროვოკაციების გამო მოსკოვი სიფრთხილეს იჩენს და უკრაინაში რუსული საგარეო მისიების წევრებს კიევის დატოვებისაკენ მოუწოდებს.

  1. რუსეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით ნახევარი უკრაინის საზღვრებთანაა განლაგებული

მოსკოვმა საკუთარი მექანიზებული ქვედანაყოფები, რომლებიც ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების სახელითაა ცნობილი, რკინიგზის დახმარებით ბელარუსში გადაისროლა, რათა უკრაინის გარშემო განლაგებული რუსული ჯარები კიდევ უფრო გააძლიეროს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული შეიარაღებული ძალების ნახევარია მობილიზებული.

  1. ხდება შეიარაღების მართვისათვის აუცილებელი პერსონალის მობილიზება

განსხვავებით სამხედრო ეკიპირებისა და შეიარაღებისაგან, რომლებსაც რკინიგზის საშუალებით გადაადგილებენ, სამხედრო პერსონალის მობილიზება საჰაერო გზით ხდება. სამოქმედო ადგილებზე განლაგებულ შეიარაღებასთან ერთად მოსკოვს შესაბამისი პერსონალიც ჩაჰყავს, რათა მათი მოქმედებაში მოყვანა მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს.

  1. რუსული ჯარები უკრაინასთან ახლოს მდებარე ბაზებიდან უკრაინის საზღვრებისაკენ გადაადგილდებიან

ბოლო დრომდე რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებიდან ათეულობით კილომეტრის დაშორებით იყო განლაგებული. თუმცა თებერვალში ეს რეალობა მკვეთრად შეიცვალა. მაგალითად, 41-ე არმია, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 250 კილომეტრის მოშორებით იდგა, ბოლო დროს სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დაიძრა.

  1. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები პოზიციებისაკენ დაიძრა

განსხვავებით რუსეთის სახმელეთო ძალებისაგან, რუსეთის 4 ელიტური საჰაერო-სადესანტო დანაყოფების მოძრაობა არ შეინიშნებოდა. ამას კი ერთი მარტივი მიზეზი აქვს, მათი მოქმედებაში ჩართვა ძალიან მცირე დროის ამბავია. თუმცა იანვარში ეს რეალობაც შეიცვალა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში რუსული საბრძოლო ვერტმფრენების: Mi-28N-ისა და Ka-52-ის მობილიზებაც შეიმჩნევა.

  1. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა პორტი „წვრთნების“ მიზეზით დატოვა

რუსეთის ბალტიის, წყნარი ოკეანისა და ჩრდილოურმა ფლოტებმა ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში სადესანტო და საბრძოლო ხომალდები გაგზავნა. ხმელთაშუა ზღვაში რუსეთმა ორი Slava-ს კლასის სარაკეტო კრეისერი, ორი Udaloy-ს კლასის წყალქვეშა გამანადგურებელი, ორი ფრეგატი და სამი წყალქვეშა გემი განათავსა.

  1. რუსული საკმაოდ მძლავრი არტილერია სასროლო პოზიციებისაკენ მიიწევს

რუსეთის მძიმე სარაკეტო საარტილერიო ბრიგადები 24 მძლავრ BM-30 Smerch-ის  მრავალჯერად სარაკეტო გამშვებ სისტემას ითვლის, რომელთა სამოქმედო მანძილიც 90 კილომეტრს უტოლდება. ბელარუსში და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს  კი უკვე მრავალი BM-30-სისტემა ფიქსირდება.

  1. პოზიციებს იცვლის რუსეთის სამხედრო პოლიციაც

გადაადგილებები შეინიშნება ეროვნულ გვარდიაში, იმავე როსგვარდიაშიც. ცნობისათვის, ეს დანაყოფი რუსეთის შიდა უსაფრთხოების ჯარების 300 000-კაციანი კორპუსია. ბოლო დროს კი უკრაინის საზღვართან მათი მობილიზებაც შესამჩნევია. შეგახსენებთ, რომ ეროვნული გვარდია მშვიდობიანი მოსახლეობის გასაკონტროლებლადაა გაწვრთნილი, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მას  ახალი ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად გამოიყენებენ.

  1. ლოგისტიკური გადაადგილებები ომის გარდაუვალობაზე მიუთითებს

სამხედრო ანალიტიკოსებს ყველაზე მეტად ლოგისტიკური გარემოებები აღელვებთ. ლოგისტიკური სამზადისი სამედიცინო მარაგების მხრივაც დასრულებულია. მწყობრშია მოყვანილი სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებიც.

  1. რუსეთის საჰაერო ძალები დასავლეთისაკენ მიიწევს

განსხვავებით რუსეთის სახმელეთო ძალებისა, ქვეყნის ტაქტიკური საჰაერო ძალების ფართომასშტაბიანი დისლოკაცია არ დაწყებულა. და, რასაკვირველია, ამასაც მსგავსი მიზეზი აქვს. მისი გამოყენება მცირე დროშია შესაძლებელი.  თუმცა  გარკვეული გადაადგილებები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაინც შეინიშნება. მაგალითად, ბელარუსში გაგზავნილ რუს სამხედროებს SU-25 და SU-35S-ტიპის თვითმფრინავებიც გააყოლეს.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ყველა გარემოება ომის გარდაუვალობაზე მიუთითებს. თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რადგან პოტენციური კონფლიქტი დიდი პრობლემაა საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *