13 პუნქტი, რასაც პოსტკოვიდ პერიოდში უნდა დავაკვირდეთ

13 პუნქტი, რასაც პოსტკოვიდ პერიოდში უნდა დავაკვირდეთ

COVID-19 შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ – ეს ფრაზა პერიოდულად მეც ძალიან მაღიზიანებს. რა დროს ხვალინდელი შესაძლებლობაა, როცა ჯერ მთავარია, ფიზიკურად გადავრჩეთ – პირველი ეს არის, რაც თავში მომდის, მაგრამ მერე, ემოციები რომ გადაივლის, მაინც იმას ვფიქრობ, რომ პრაგმატულად, ხვალისთვის უკვე დღეს უნდა ვიყოთ მზად, რადგან ხვალინდელი მსოფლიო უფრო ციფრული, უფრო ტექნოლოგიური იქნება და ჩვენი ყველა ჩამორჩენა გაცილებით შორს დაგვხევს უკან, ვიდრე აქამდე. ამიტომ: აქ გიზიარებთ ჩემს ჩამონათვალს – რისთვის შეიძლება ვემზადოთ.

[MAINPICTURE]

ვირუსის ბუნება ასეთია: ებრძვი და გებრძვის.

კოვიდ- 19-ს ვერაგი იარაღი აქვს – გაურკვევლობა. გაურკვევლობა, რომელიც ჩვენი ნებით არ დამდგარა და ალბათ ამიტომ ძალიან გვიჭირს, მივხვდეთ, როგორ გავართვათ თავი ისე, რომ არ ვიფიქროთ – ძალიან ბევრი რამ გვეზღუდება და ამას უნდა შევეგუოთ.

როდემდე? – აი, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მაინც ვხარობთ, როცა გვესმის, რომ პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები დამტკიცდა; გაერთიანებულ სამეფოში ვიღაც პირველად აიცრა; ახალმა ზელანდიამ ვირუსი წარმატებით მართა და ა.შ. და ა.შ.

ამ ქვეყნების ისტორია უარესიდან უკეთესისკენ სვლის მაგალითია.

ჩვენი კი – უფრო პირიქით.

მწვანე ქვეყნის სტატუსიდან ნიუ- იორკ- ტაიმსის კოვიდ- რეიტინგში ინფიცირების მიხედვით ლიდერობამდე მძიმე გზა გამოვიარეთ. ამ ახალ წელს ძალიან ბევრი ოჯახი უდიდესი დანაკარგით ხვდება და, სამწუხაროდ, ამას უკვე ვეღარავინ და ვერაფერი შეცვლის.

როდემდე? – როცა ეს კითხვა უპასუხოდ დიდხანს ყოველგვარი ორიენტირების გარეშე რჩება; როცა ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებს ისმენ; როცა პასუხისმგებელი გიყრუებს და პასუხებს სულ სხვაგან ეძებ – მერე ჩაკეტვის აზრს ვეღარ ხედავ; თავისუფლების შეგრძნების წყურვილი გიტევს; მერე ჯიუტდები; პირბადეს იხსნი; ხალხმრავალ ადგილებს თავს არ არიდებ და გავიწყდება, რომ ამით იზრდება არა მხოლოდ საკუთარი თავის დაინფიცირების რისკი, არამედ იმისაც, ვისთვისაც ეს არსაიდან მოსული ვირუსი შეიძლება უცებ სასიკვდილო აღმოჩნდეს.

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ადამიანები სულ მარტო კვდებიან. ამ საავტორო სვეტის წერის დროს (24 დეკემბერის მდგომარეობით) მსოფლიოში 1.73 მილიონი გარდაცვლილია, საქართველოში კი – 2,233. სამწუხაროდ, თქვენ რომ ჟურნალს გადაფურცლავთ, ეს რიცხვი კიდევ გაზრდილი იქნება.

მაგრამ ამ ფინალამდე ჯერ სიცოცხლეა – დროებითი ზავი ვირუსთან, თანაცხოვრება.

ფაქტია: ასეთი რამ ჯერ არ გამოგვივლია. პირველი გამოცდილება კი ყოველთვის იმაზე დიდხანს გვახსოვს, ვიდრე თავიდან გვგონია.

ამიტომ ამ სვეტით მინდა იმ მსოფლიოზე მოგიყვეთ, რომელიც დაიმახსოვრებს.

აქვე ვიტყვი: ეს საავტორო სვეტია, შესაბამისად, შესაძლოა საერთოდ არ დამეთანხმოთ და კარგი იქნება, თუ მომწერთ, რაში არ დამეთანხმეთ.

მეც ამით დავიწყებ.

პირველი – პოსტკოვიდ მსოფლიოში უკუკავშირი მნიშვნელოვანი იქნება იმის გასარკვევად, რამდენად ვუწყობთ ფეხს შეცვლილ რეალობას. დრო კიდევ უფრო მეტად აჩქარდება, კიდევ უფრო ხშირად გაგვიჩნდება მომწარო განცდა, რომ სადღაც ჩამოვრჩით, გვაგვიანდება – მაგრამ ამ ჩქარ ტემპში, ვფიქრობ, აუცილებლად უფრო მეტჯერ შევჩერდებით, ვიდრე აქამდე, რომ გავიაზროთ ერთადერთი რამ – ჯანმრთელად ვართ და თავისუფლად ვსუნთქავთ.

მეორე – სწავლა, ვაჭრობა – რაღაც ფორმით კიდევ დიდხანს დარჩება ონლაინ. განვითარებულ მსოფლიოში ციფრული სერვისების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად და ჩქარა გაიზრდება – ზოგს ფეხს ავუწყობთ, ზოგს – ვერ. მაგალითად: აქ შეიძლება მოვიაზროთ არჩევნები და ხმის ონლაინ მიცემა; საბანკო სერვისების აბსოლუტური უმრავლესობის გაციფრულება; სამედიცინო სერვისების ძალიან დიდი ნაწილის გაციფრულება – მაგალითად, უკვე ვხედავთ, რომ თურქეთმა სერიოზულად დაიწყო ტელემედიცინის განვითარება. აქ ჩამონათვალი სტაბილურად გაფართოვდება.

მესამე – ციფრულობაზე გაზრდილ მოთხოვნას, ვფიქრობ, გავლენა ექნება ერთი მხრივ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე და მეორე მხრივ – ციფრული სამყაროს განვითარება შეიძლება აღმოჩნდეს ის მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ ზედმეტი რეგულირება განვითარებას მხოლოდ აფერხებს – მგონია, რომ ეს სფერო იმდენად დიდი ნახტომებით განვითარდება და იმდენად სწრაფად, რომ რეგულირება რაღაც მომენტში უბრალოდ ვერ დაეწევა. ამან ბევრი მიდგომის გადაფასება შეიძლება გამოიწვიოს და პირველ რიგში, მგონია, რომ ეს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს ძალიან მწვავედ და მტკივნეულად გადააფასებს – მათ შორის, რეგულირების მოყვარულთათვისაც.

მეოთხე – უსაფრთხოება ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი. მაგალითად: პოსტკოვიდ მსოფლიოში კიდევ კარგა ხანს ვიმოგზაურებთ ცოტას, ძალიან შერჩევითად და ძალიან ფრთხილად. ან მაგალითად: მოვახდენთ ჩვენი უნარების და, შესაბამისად, ჩვენი შემოსავლის წყაროების მეტი ხარისხით დივერსიფიცირებას – ვისწავლით, როგორ ვაკეთოთ რამდენიმე საქმე პარალელურად და ხარისხიანად. ამასთან, პოსტკოვიდ მსოფლიო ჩვენგან სხვა ტიპის ჩვევებსაც მოითხოვს და მათ შორის აუცილებლად იქნება დაზოგვა, რუტინის სწორად მართვა, ზუსტი კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი.

მეხუთე – გაიზრდება მოთხოვნა მეცნიერებაზე. STEM-უნარები, განათლება და გამოცდილება პოსტკოვიდ მსოფლიოში უდიდესი კონკურენტული უპირატესობა იქნება. პოსტკოვიდ მსოფლიო აუცილებლად იქნება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური. კიდევ უფრო ჩქარა და მეტად გაიზრდება მოთხოვნა VR-სა და AI-ზე.

მეექვსე – მთავრობის ზომა გაიზრდება. დროებით გაიზრდება მიმღებლობაც „მზრუნველი მთავრობის“ მიმართ. თუმცა, როგორც 2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა – დიდი მთავრობის შენარჩუნება მსოფლიოს განვითარებული ნაწილისთვისაც კი კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. ისეთი მაგალითიც გვაქვს, როგორიც საბერძნეთია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გაკოტრდა, რომ ევროკავშირის წევრია და მულტიმილიარდიანი დახმარების პაკეტები ერგო. დღეს, პანდემიის გამო უპრეცედენტოდ მზარდი ვალის პირობებში, საბერძნეთის მაგალითი, ვფიქრობ, ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს.

მეშვიდე – პოსტკოვიდ მსოფლიო ბევრს და დიდხანს ილაპარაკებს კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე და მწვანე ეკონომიკაზე – დიდხანს არ გაარჩევს ერთმანეთისგან მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს და ერთიანი სტანდარტით შეეცდება ამ ღირებულებების დანერგვას, თუმცა რაღაც მომენტში მაინც მიხვდება მთავარს: (ა) პასუხისმგებლობას ცალკე იარლიყი არ სჭირდება და (ბ) მწვანე ეკონომიკა მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ ეკონომიკა გაიზრდება.

მერვე – ეკონომიკა არ ვიცი, მაგრამ მწვანე პარკებზე, სკვერებზე – ისეთ ადგილებზე, სადაც ისუნთქებ და ისეირნებ – მოთხოვნილება გაიზრდება – ჩემი აზრით, კიდევ კარგა ხანს ამ დიდ, ფართო, გამწვანებულ სივრცეებზე ის განცდა გვექნება, რომ პანდემიის დროს, სრულ კარჩაკეტილობაში, მხოლოდ ასე შეგვეძლო ერთმანეთთან თუნდაც დროებით, თუნდაც შორიდან – ოღონდ არა ვირტუალურად კონტაქტი. იგივე შეიძლება ითქვას მზარეულობაზეც – ვირტუალურ სივრცეში შინ მომზადებული კერძების ფოტოები თუ ვიდეოები კიდევ კარგა ხანს წაგვლეკავს.

მეცხრე – პოსტკოვიდ მსოფლიო უფრო პროაქტიური და ბევრად უფრო ემპათიური იქნება, ვიდრე აქამდე იყო. სამოქალაქო მობილიზება პრობლემების გადასაჭრელად უფრო გამოკვეთილ ტენდენციად ჩამოყალიბდება. დღეს ამის მაგალითი ჩვენთან – ჰელფებია – ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც სრულიად უანგაროდ და ძალიან ორგანიზებულად ეხმარებიან მათზე უფრო გაჭირვებულებს. მგონია, რომ ზოგადად მოხალისეობრივი აქტივობის გამოცდილება ნელ- ნელა CV-ის ერთ- ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტად ჩამოყალიბდება, მათ შორის – ახალი ტიპის დამსაქმებლებისთვის.

მეათე – მგონია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება დამსაქმებლის დამოკიდებულებაც დასაქმებასთან დაკავშირებით – გაიზრდება მოთხოვნა ენების ცოდნაზე; ეჯაილ უნარებსა და გუნდურობაზე; ბევრი ადამიანის სამუშაო აღწერილობაში გაჩნდება ალტერნატივა – იმუშაოს სახლიდან; შემცირდება მოთხოვნა დიდ საოფისე ფართებზე; გაიზრდება მოთხოვნა საქმის მიმართ პროაქტიურ მიდგომაზე და ტრანსფორმაციის მიმართ მუდმივ მზაობაზე.

მეთერთმეტე – ამ კრიზისმა ისიც გვაჩვენა, რომ სამუშაოები, რომლებიც ადრე სტაბილურად ითვლებოდა, მოულოდნელად გაჩერდა. პოსტკოვიდ პერიოდი ავტომატიზაციასაც დიდი დოზით მოიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი შეიძლება მხოლოდ დროებით აღდგეს, ხოლო მომავალში საერთოდ გაქრეს. Cedefop-ის უახლესი კვლევა, მაგალითად, ცალსახად აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ახალი სამუშაო ადგილების, სულ მცირე, მეხუთედი ავტომატიზაციას შეიძლება დაექვემდებაროს.

მეთორმეტე – ვფიქრობ, ბუნებრივად გაიზრდება მოთხოვნა გაჭვირვალობაზე. რაც, ჩვენს შემთხვევაში, სინამდვილეში, პირველი რეალური დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს საბჭოთა ღირებულებით სისტემაზე – მღვრიე (კორუფციულ) წყალში თევზის დაჭერა რომ უფრო ადვილია. მართლა მჯერა, თუკი აქამდე გამჭვირვალობას ბიზნესი კონკურენციის გამო რისკად აღიქვამდა, ახლა მოდის დრო, როდესაც ეფექტიანობის ზუსტი საზომები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პოსტკოვიდ მსოფლიო ინვესტორებზე ნადირობითაც იქნება გამორჩეული. ყველა თეთრი დაითვლება და ყულაბაში დაგროვდება. ამან შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა ფულის ალტერნატიული წყაროების – მათ შორის, ბირჟის განვითარებაზეც. ის, რაზეც ხშირად სრულიად ხელოვნურად ვწვალობთ, შეიძლება თავისით დადგეს დღის წესრიგში, არც ისე მალე, მაგრამ მაინც.

მეცამეტე – დღეს არსებული ყველა შეხედულების წინააღმდეგ, მე მაინც იმას ვიტყვი, რომ პოსტკოვიდ მსოფლიო აუცილებლად იქნება უფრო გლობალიზებული – არავითარი ჩაკეტვა თუ საკუთარ თავზე დამოკიდებულება, როგორც ამას ძალიან ბევრი ჩემთვის ავტორიტეტული გამოცემა თუ ექსპერტი წერს და ამბობს. ჩემთვის ლოგიკა მაინც სხვაა: თუ ვირუსის გავრცელების დროს ურთიერთდაკავშირებულობა დიდი გამოწვევა იყო, ეკონომიკური აღდგენისთვის ის უდიდესი შესაძლებლობა იქნება და ამას მსოფლიო ძალიან მალე თავად დაინახავს და დარწმუნდება.

ზუსტად 13 პუნქტი უხდება 2020 წელს და მეც აქ შევჩერდები.

დიახ, 2020 წელი გაურკვევლობის წელია. სწორად მონათლეს. თუმცა, არცთუ ბოლომდე. ვირუსის არ იყოს, ადამიანის ბუნებაც ასეთია – ებრძვი და გებრძვის და იქ პოულობს პატარ-პატარა გარკვეულობებს, სადაც საერთოდ არ ელოდები – მე, მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ არც ისეთი ინტროვერტი ვარ, აქამდე რომ მეგონა.

მინდა, თხილამურებით დიდველიდან ჩემს შვილთან ერთად დავეშვა.

მინდა, “ფორბსის“ გალა- მიღებებზე გნახოთ.

მინდა, ახალ წელს საყვარელ ადამიანებთან სიახლოვით დავტკბე.

მინდა, სტუდიაში თამამად გიმასპინძლოთ.

მინდა, პირბადე მოვიხსნა.

ოღონდ, ჯერ – არა.

ჯერ უნდა გადავრჩეთ, რომ ახალ მსოფლიოში გავიღვიძოთ!

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.