ფოტო: Forbes
Forbes 250-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა აშშ-ის მოქალაქეობის მქონე ყველაზე წარმატებული იმიგრანტების სია გამოაქვეყნა. Immigrant 250-ის სიაში, ჯამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები და მომუშავე 250 პირი მოხვდა, რომელთა შორის არიან მეწარმეები, ინოვატორები, წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და მათ შორის, შოუბიზნესის წარმომადგენლები. სიის მიზანი აშშ-ზე წარმატებული იმიგრანტების გავლენის განსაზღვრა და იმ ფაქტის ხაზგასმაა, რომ ისინი ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.
Immigrant 250-ის წლევანდელ სიაში შემავალ წარმატებულ იმიგრანტთა შორის ძირითადად მეწარმეები და ბიზნესლიდერები არიან. მათ შორისაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, Alphabet-ის დამფუძნებელი სერგეი ბრინი, Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი, ავსტრალიაში დაბადებული ინვესტორი და ბიზნესმაგნატი რუპერტ მერდოკი, Advanced Micro Devices-ის CEO და პრეზიდენტი ლიზა სუ და სხვები. სიას კი სათავეში ავსტრიაში დაბადებული მსახიობი და ბიზნესმენი, არნოლდ შვარცენეგერი უდგას.
ცნობისთვის, 78 წლის შვარცენეგერი უკვე ჩემპიონი ბოდიბილდერი იყო მაშინ, როდესაც 1968 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. შვარცენეგერი, რომელიც $1.2 მილიარდის ქონებით ამერიკული Forbes-ის შეფასებით უმდიდრეს ადამიანთა შორისაა, უძრავი ქონების მაგნატი და კინოვარსკვლავია, ამავდროულად კი, ორი ვადით, კალიფორნიის შტატის გუბერნატორად მსახურობდა.
აქვე საინტერესოა, რომ Immigrant 250-ის სიაში მეორე ადგილზე მყოფი იყო მასკი, რომელიც სამხრეთ აფრიკის პრეტორიაში გაიზარდა, სადაც კოდირება დამოუკიდებლად ისწავლა. Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 2002 წელს გახდა — ზუსტად მაშინ, როდესაც კოსმოსური კომპანია დააარსა.
მასკს Forbes-ის წარმატებულ იმიგრანტთა სიაში Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი მოსდევს. ბრინი აშშ-ში ოჯახთან ერთად ექვსი წლის ასაკში ჩავიდა, რათა, როგორც საბჭოთა ლტოლვილებს, ებრაელთა დევნისგან თავი დაეღწიათ.
Forbes-ის Immigrant 250-ის სიის ათეულში ძირითადად მილიარდერები, მსხვილი მეწარმეები და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები გვხვდებიან. მათ შორის, ამერიკულმა გამოცემამ აშშ-ის მეოთხე ყველაზე წარმატებულ იმიგრანტად Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი დაასახელა.
მეხუთე ადგილზე რუპერტ მერდოკია — მედიამაგნატი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1973 წელს ჩავიდა და ამერიკულ ბიზნესზე, კულტურასა და პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენაც მოახდინა. მის საკუთრებაშია ისეთი გამოცემები, როგორებიცაა Wall Street Journal-ი, New York Post-ი და Fox News-ი.
Immigrant 250-ის სიაში ასევე არიან გავლენიანი ინოვატორები და თავიანთი ინდუსტრიის ლიდერები — მაგალითად, ჯონი აივი, რომლის დიზაინერულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო iPhone-ისა და თანამედროვე სამომხმარებლო ტექნოლოგიების ჩამოყალიბებას. ასევე კატალინ კარიკო, რომლის ინოვაციური კვლევაც COVID-19-ის ვაქცინის შექმნას დაედო საფუძვლად. მათთან ერთად კი, რეიტინგში აშშ-ის სენატორები ბერნი მორენო და მაზი ჰირონოც გვხვდებიან.
Immigrant 250-ის წლევანდელ სიაშია აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, რომელიც სლოვენიაში დაიბადა და ამავდროულად, ის პირველი ნატურალიზებული მოქალაქეა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა.
აშშ-ის ყველაზე წარმატებული იმიგრანტების ათეული:
#1. არნოლდ შვარცნეგერი, 78 წლის • ავსტრია – ჩემპიონი ბოდიბილდერი, მსახიობი, კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი
#2. ილონ მასკი, 54 წლის • სამხრეთი აფრიკა – Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი
#3. სერგეი ბრინი, 52 წლის • რუსეთი – Alphabet-ის დამფუძნებელი
#4. იენსენ ჰუანგი, 63 წლის • ტაივანი – Nvidia-ს დამფუძნებელი
#5. რუპერტ მერდოკი, 95 წლის • ავსტრალია – News Corp-ის მფლობელი
#6. პიტერ ტილი, 58 წლის • გერმანია – PayPal-ის თანადამფუძნებელი
#7. თომას პეტერფი, 81 წლის • უნგრეთი – Interactive Brokers-ის დამფუძნებელი
#8. ლიზა სუ, 56 წლის • ტაივანი – Advanced Micro Devices-ის CEO და პრეზიდენტი
#9. ვლად ტენევი, 39 წლის • ბულგარეთი – Robinhood-ის თანადამფუძნებელი
#10. ვოლფგან პაქი, 76 წლის • ავსტრია – შეფ-მზარეული და რესტორატორი















