@illustration by Alice Lagarde for Forbes
2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისს საფინალო მატჩით დასრულდება. ტურნირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ფარგლებში, ჯამში 48 ეროვნული ნაკრები სამი მასპინძელი ქვეყნის — ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის — 16 სხვადასხვა ქალაქში მდებარე სტადიონებზე გამართავს შეხვედრებს.
მოახლოებულ მუნდიალთან დაკავშირებით, ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ შემთხვევაში გამოცემამ, სიმბოლურად, „სასტარტო თერთმეტეული“ წარმოგვიდგინა, რომელსაც Forbes-ის მილიარდერთა სიის ორი ახალწვეული, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და მოქმედი ჩემპიონი, არგენტინელი ლიონელ მესი ლიდერობენ.
საერთო ჯამში, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თერთმეტმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა, უდიდეს საფეხბურთო ტურნირამდე, ბოლო 12 თვის განმავლობაში, კოლექტიურად $950 მილიონი გამოიმუშავა.
41 წლის რონალდუ არა მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, არამედ, ყველა სპორტის სახეობას შორის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენიცაა. „ალ-ნასარის“ მოქმედმა ფეხბურთელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე 12-თვიან პერიოდში $300 მილიონი გამოიმუშავა — აქედან $235 მილიონი უშუალოდ სტადიონზე და $65 მილიონიც მოედანს მიღმა საქმიანობებიდან. ამავდროულად, პორტუგალიელთა კაპიტანი ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც კარიერის განმავლობაში $2 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. ამჟამად ამერიკული Forbes-ი კრიშტიანუს ქონებას $1.2 მილიარდად აფასებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში რონალდუს 38 წლის არგენტინელი, ლიონელ მესი მოჰყვება. „ინტერ-მაიამის“ ფეხბურთელმა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში $140 მილიონი გამოიმუშავა — $72 მილიონი მოედანზე და $70 მილიონიც სტადიონს მიღმა საქმიანობებიდან. Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში ლიონელ მესი, ისევე როგორც რონალდუ, გასული თვიდან ირიცხება, უშუალოდ არგენტინელის სიმდიდრე კი $1.1 მილიარდადაა შეფასებული.
Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზე საფრანგეთისა და მადრიდის „რეალის“ 27 წლის თავდამსხმელი, კილიან მბაპეა წარმოდგენილი — უკანასკნელ 12 თვეში გამომუშავებული $95 მილიონით, ხოლო ხუთეულს 25 წლის ნორვეგიელი, ერლინგ ჰაალანდი ($80 მილიონი) და 25 წლის ბრაზილიელი, ვინისიუს ჟუნიორი ($60 მილიონი) ასრულებენ.
ცნობისთვის, 2026 წლის მუნდიალის თერთმეტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიდან ორი ბრაზილიის ნაკრებში — ვინისიუს ჟუნიორი და ნეიმარი ($38 მილიონი) — და ორიც ინგლისის ნაკრებში — ჯუდ ბელინგემი ($44 მილიონი) და ჰარი კეინი ($41 მილიონი) — ირიცხება. რეიტინგში ყველაზე ასაკოვანი კრიშტიანუ რონალდუა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი — „ბარსელონის“ ესპანელი გარემარბი, ლამინ იამალი ($43 მილიონი).
შეგახსენებთ, FIFA-ს სანაკრებო ჩემპიონატი 11 ივნისს, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებით გაიხსნება. საფინალო მატჩი კი 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ გაიმართება. FIFA-ს ინფორმაციით, საფინალო მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება $2,030-დან დაიწყება, ხოლო პრემიუმ-ადგილების ფასი დაახლოებით $32,970 იქნება. ეს უკანასკნელი აპრილის თვის ფასთან შედარებით გასამმაგებულია, ხოლო 2022 წლის კატარის ფინალის ეკვივალენტურ ბილეთზე 20-ჯერ ძვირია.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე თერთმეტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
#1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) — $300 მილიონი ასაკი: 41 წლის
შემოსავალი მოედანზე: $235 მლნ | მოედნის გარეთ: $65 მლნ

#2. ლიონელ მესი (არგენტინა) — $140 მილიონი ასაკი: 38 წლის
შემოსავალი მოედანზე: $70 მლნ | მოედნის გარეთ: $70 მლნ

#3. კილიან მბაპე (საფრანგეთი) — $95 მილიონი ასაკი: 27 წლის
შემოსავალი მოედანზე: $70 მლნ | მოედნის გარეთ: $25 მლნ

#4. ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია) — $80 მილიონი ასაკი: 25 წლის
შემოსავალი მოედანზე: $60 მლნ | მოედნის გარეთ: $20 მლნ

#5. ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) — $60 მილიონი ასაკი: 25 წლის
შემოსავალი მოედანზე: $40 მლნ | მოედნის გარეთ: $20 მლნ

#6. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) — $55 მილიონი ასაკი: 33 წლის
შემოსავალი მოედანზე: $35 მლნ | მოედნის გარეთ: $20 მლნ

#7. სადიო მანე (სენეგალი) — $54 მილიონი ასაკი: 34 წლის
შემოსავალი მოედანზე: $50 მლნ | მოედნის გარეთ: $4 მლნ

#8. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) — $44 მილიონი ასაკი: 22 წლის
შემოსავალი მოედანზე: $29 მლნ | მოედნის გარეთ: $15 მლნ

#9. ლამინ იამალი (ესპანეთი) — $43 მილიონი ასაკი: 18 წლის
შემოსავალი მოედანზე: $33 მლნ | მოედნის გარეთ: $10 მლნ

#10. ჰარი კეინი (ინგლისი) — $41 მილიონი ასაკი: 32 წლის
შემოსავალი მოედანზე: $29 მლნ | მოედნის გარეთ: $12 მლნ

#11. ნეიმარი (ბრაზილია) — $38 მილიონი ასაკი: 34 წლის
შემოსავალი მოედანზე: $10 მლნ | მოედნის გარეთ: $28 მლნ
.jpg?auto=webp&format=pjpg&width=3840&quality=60)













