2020-2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

2020-2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

მიმდინარე წლის ციფრულმა ტრანსფორმაციამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების აუცილებლობა წინა პლანზე მეტად წამოსწია. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა გარდაუვალი გახდა 2020 წელს, მაშინ როდესაც ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო სექტორის სფეროს სპეციალისტების პოპულარობამ იკლო. 2020 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სია ასეთია: პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ჯანდაცვის სპეციალისტი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, Cloud ტექნოლოგიების ინჟინერი და კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი.

„2021 წელს, ქართულ შრომით ბაზარზე, პროფესიების კუთხით, რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამგვარად, მონაცემთა ანალიტიკოსი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ციფრული მარკეტინგის მცოდნე, კვლავაც დარჩება წამყვან პროფესიებად. ამასთან, მოთხოვნა გაიზრდება ადამიანური რესურსების სპეციალისტებზეც, რაც განპირობებული იქნება, დისტანციური მუშაობის დროს, კადრების შენარჩუნებისა და ორგანიზაციული კულტურის მხარდაჭერის საქმიანობით,“ – განაცხადა myjobs.ge-ს ადამიანური რესურსების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქრისტინე ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსმა მკვეთრი ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ქრისტინე ჩიქოვანი განმარტავს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა და ლოქდაუნმა, მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა შრომის ბაზარზე.

„თუკი მსოფლიოში დასაქმების ტენდენციებს შევხედავთ, დავინახავთ, რამდენად შემცირდა დაქირავებულთა რიცხვი და სამუშაო საათები, შესაბამისად, როგორ გაიზარდა უმუშევრობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, 2020 წლის 1 კვარტალში, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მსოფლიო მასშტაბით სამუშაო საათები 5.4%-ით შემცირდა, რაც 155 მილიონ სამუშაო ადგილს უტოლდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, სამუშაო საათების 4.9%-ით შემცირება იყო პროგნოზირებული, ანუ 140 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა.“

ჩიქოვანის თქმით, პანდემიის დროს, თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენციები ისეთ სექტორებში დომინირებდა, როგორიც იყო სტუმარ-მასპინძლობა, კვებისა და მომსახურების სექტორი. მიმტანები, მზარეულები, ბარისტები, კაზინოსა და სასტუმროს თანამშრომელები უმუშევრები დარჩნენ, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. საკმაოდ შემცირდა ოფისის თანამშრომელთა რიცხვიც. „მაგალითისთვის, მნიშვნელოვნად იკლო ოფის-მენეჯერის თანამშრომელთა რიცხვმა, ან ამ პოზიციაზე დაქირავებულთა მოვალეობები შეიცვალა, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში არამხოლოდ ოფისის თანამშრომლების საქმიანობაში დადგა, არამედ ზოგადად კომპანიის ბიზნეს-მოდელში, რადგან ნაწილმა ფუნქცია საერთოდ დაკარგა, ხოლო დანარჩენებს დისტანციურ მუშაოებაზე მოუწია გადაწყობა. სავსებით ბუნებრივია, რომ ახალმა გარემოებამ მოთხოვნა გააჩინა ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, მონაცემთა ადმინისტრატორი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ვებ-დიზაინერი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინჟინერი, მიტანის მომსახურების მძღოლები, გაყიდვების მენეჯერი და ჯანდაცვის სპეციალისტი.“

მიმდინარე წელს, დასაქმების ონლაინ პორტალმა myjobs.ge-მ, ვაკანსიების რიცხვის ყველაზე დიდი კლება სტუმარ-მასპინძლობის, სოფლის-მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში ნახა. საკმაოდ მწირი იყო ხელოვნებასთან, გართობასა და რეკრეაციასთან დაკავშირებული ვაკანსიები.

ვაკანსიების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი myjobs.ge-ზე აპრილის თვეში იყო. ამ დროს პორტალზე მხოლოდ 9 ვაკანსია გამოქვეყნდა. ვითარების შეცვლა ივნისიდან დაიწყო. ყველაზე აქტიური თვე, გამოცხადებული ვაკანსიების კუთხით, სექტემბერი იყო და გამოცხადებული ვაკანსიების რიცხვი თითქმის გაორმაგებულიც კი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.