ახლახან სემეკში დავასრულეთ მუშაობა ენერგეტიკისა და სასმელი წყლის სექტორების 2020 წლის მდგომარეობის ანალიზსა და სემეკის საქმიანობის ანგარიშზე. მალე გამოქვეყნდება სრული დოკუმენტი და შეგეძლებათ, დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას, თუმცა მანამდე რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას. ისევე როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისათვის, 2020 წელი მძიმე იყო უშუალოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვისაც. როგორც სემეკს, ასევე სხვა ორგანიზაციებს გაასმაგებული ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ მოსახლეობას ნაკლებად ეგრძნო პანდემიის ძლიერი გავლენა კომუნალურ მომსახურებებზე და ამავდროულად უნდა მოვმზადებულიყავით ახალი ენერგობაზრისთვის. ახალი ენერგეტიკული რეალობისთვის საკანონმდებლო ბაზა სრულ მზადყოფნაშია.
შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი. რეალურად, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ბაზა გასულ წელს ჩამოყალიბდა, რამაც საფუძველი მოამზადა იმ დაგეგმილი ცვლილებებისათვის, რომელთა მიხედვითაც ენერგეტიკული ბირჟა სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.
2020-მა წელმა ბევრ სირთულესთან ერთად დაგვანახვა, რომ ენერგეტიკაში გუნდური, თანამიმდევრული მუშაობის პრინციპი ბევრს ნიშნავს სექტორის გამართულად ფუნქციონირებისათვის; მნიშვნელოვანი იყო ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, რათა სწრაფი და დროული გადაწყვეტილებები მიგვეღო; სემეკი გახდა უფრო მოქნილი და არსებულ საერთაშორისო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ორგანიზაცია.
COVID-19-ის ნეგატიური გავლენა, რა თქმა უნდა, აისახა როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე. რეალურად, საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით, ფაქტობრივი მონაცემების მხრივ სერიოზული ჩამორჩენა გამოიკვეთა, მათ შორის – მოხმარების ნაწილში. მაგალითად, ზოგად ჭრილში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 4.6%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 2.86%-ით შემცირდა. მონაცემები დეტალურად ასე გამოიყურება: ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2019 წელთან შედარებით – 8.7%-ით, 2018 წელთან შედარებით კი 19.3%-ით შემცირდა, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2019 წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა. ზრდა გამოწვეულია საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებით და ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე მსხვილი მომხმარებლების გამოსვლით.
2020 წელს შემცირდა ელექტროენერგიის წარმოება, ე.წ. სალტეზე გაცემა, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით შემცირდა 5.8%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით – 8.2%-ით. 2020 წელი, ისევე როგორც 2019 წელი, არ იყო წყალუხვი, რამაც, ქვეყნის გენერაციული სიმძლავრეების სტრუქტურიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოების დეფიციტი განაპირობა. კლება 2019 წელთან შედარებით – 7.7%, ხოლო 2018 წელთან შედარებით 17.1% იყო. კერძოდ, მარეგულირებელ ჰიდროსადგურებზე 2019 წელთან შედარებით კლება 17.4% იყო, ხოლო სეზონურ და მცირე ჰიდროელექტროსადგურებზე – 4.1%.
ბოლო წლების მონაცემებით, ზრდის დინამიკა აქვს ბაზრის გახსნის მაჩვენებელს (ბაზარზე შესყიდული ენერგიის თანაფარდობა მთლიან მოხმარებასთან). ეს მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელი – 12.02%, 2018 წელი – 14.1%, 2019 წელი – 22.1% და 2020 წელი -19.7%. ტრენდი მზარდია, მიუხედავად 2020 წელს განვითარებული ნეგატიური მოვლენებისა.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ე.წ. ნეტო აღრიცხვის პროგრამა განვავითაროთ ბაზარზე არსებული და, ამავდროულად, საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. განახლებადი ენერგიების უფრო ფართო გამოყენების მიზნით მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გავზარდეთ. ეს ცვლილება შეეხო როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის.
გავაუქმეთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას თითოეულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური, ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად გაექვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას გამანაწილებელი კომპანია შეისყიდის.
რაც შეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება, ძირითადად, ავტოგასამართი სადგურებისა და თბოსადგურების მოხმარებას შეეხო. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2020 წელს 1,116 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,366 მლნ კუბ.მ, საიდანაც 614 მლნ კუბ.მ. თბოსადგურების მოხმარება იყო.
ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანი, 91%-ით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა გათბობის გრადუს-დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2020 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო.
წყალმომარაგების ნაწილში სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ქსელზე მიერთების საფასურები საშუალოდ 100-200 ლარით შემცირდა.
სემეკში განვაახლეთ დავების განხილვის პრაქტიკა. კერძოდ, სადავო საკითხების უმეტესობას განვიხილავთ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ ცვლილებამ შეამცირა საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები. ეს ეხება ისეთი ტიპის დავებს, როგორიც არის, მაგალითად, ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა ან სხვა საკითხი, რომელიც შესაძლებელია, სხდომაზე განხილვის გარეშე გადაწყდეს. ამ წესის მიზანია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაადგინოს კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი.
სასამართლოში გასაჩივრებული სემეკის გადაწყვეტილებების უმრავლესობა დარჩა ძალაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სემეკი იყენებს დავების გადაწყვეტის სამართლიან მიდგომებს.