ნავთობისა და გაზის მულტინაციონალური კომპანია British Petroleum- (BP)-ის ახალი კვლევის თანახმად, 2020 წელს პანდემიის შედეგად მსოფლიოში ზოგადადენერგიის მოხმარების შემცირებისა და ნავთობზე მოთხოვნის ისტორიული ვარდნის ფონზე, მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდული სიჩქარით გაიზარდა.
გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში მზის ენერგიის მოხმარება – 22%-ით, ხოლო ქარის ენერგიის 18%-ით გაიზარდა. მას შემდეგ, რაც BP-მ 70 წლის წინ მსოფლიო ენერგიის მოხმარების სტატისტიკური კვლევების გამოქვეყნება დაიწყო, წელს განახლებადი ენერგიის მოხმარების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა.
ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, განახლებადი ენერგიის, რომელიც მზისა და ქარის ენერგიის გარდა ბიომასისა და გეოთერმულ ენერგიასაც გულისხმობს, წილი მთლიანად ენერგიის მოხმარებაში მხოლოდ 6 %-ია. ამასთანავე, ნავთობის მოხმარების წილი 31%-ია, ქვანახშირის – 27% და ბუნებრივი აირის – 25%. დანარჩენი ჰიდროენერგიასა და ატომურ ენერგიაზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგიის მოხმარება ძირითადად ჩინეთის ხარჯზე გაიზარდა, რომელზეც მზისა და ქარის ენერგიის მოხმარების გლობალური ზრდის დაახლოებით ნახევარი მოდის.