ამერიკის 36 შტატი Google-ის App Store-ს მონოპოლიურობის ბრალდებით უჩივის

ამერიკის 36 შტატი Google-ის App Store-ს მონოპოლიურობის ბრალდებით უჩივის

ამერიკის 36 შტატმა Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური  სამართალწარმოების დაწყება მოითხოვა. მოჩივართა განცხადებით, კომპანია მობილურთა app store-ზე სამართლიან კონკურენციას არ უზრუნველყოფს.

36-მა შტატმა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპანია მაღალ გადასახადს აწესებს  ანდროიდის აპლიკაციების შესაძენ პლატფორმა Play store-ში. ამასთანავე, მომჩივნები ამტკიცებენ, რომ Google-მა გაართულა ანდროიდის მფლობელებისთვის Play store-ის ალტერნატივის გამოყენება. ის ფაქტი, რომ აკრძალულია აპლიკაციების უმრავლესობის  სხვა სივრციდან ჩამოტვირთვა, სტიმულს უკარგავს მწარმოებლებს, რომლებიც ანდროიდის საოპერაციო სისტემას იყენებენ, შევიდნენ Play store-თან კონკურენციაში.

Google-მა სარჩელის პასუხად განაცხადა, რომ ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აპლიკაციები app store-დან ან უშუალოდ დეველოპერის ვებგვერდიდან გადმოწერონ. კომპანიის განმარტებით, Play store-ის გადასახადი იმდენივეა, რამდენიც კონკურენტ კომპანიებს აქვთ დაწესებული.

Google-სა და Apple-ს ხშირად აკრიტიკებენ, როგორც აპლიკაციის მიწოდების შუამავალ რგოლს, რადგან ეს კომპანიები მაღალ პროცენტს იღებენ მწარმოებელთა შემოსავლიდან. ზოგიერთი იურისტი და დეველოპერი კომპანიათა მსგავს მიდგომას მონოპოლისტურ პრაქტიკასაც უწოდებს. თავის მხრივ,  Google-ისა და Apple-ის განმარტებით, გადასახადი საჭიროა მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად. რამდენიმე თვის წინ ორივე კომპანიამ საკომისიო გადასახადი 15%-მდე შეამცირა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *