2020 წელს თურქეთმა ტურიზმიდან $12 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

2020 წელს თურქეთმა ტურიზმიდან $12 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

თურქეთმა ტურიზმიდან, 2020 წელს, US$ 12 059 320 000 მოცულობის შემოსავალი მიიღო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი US$ 34 520 332 000-ს შეადგენდა. ტურისტთა უმრავლესობა – კერძოდ, 66% – ქვეყანაში მოგზაურობის, გართობის, სპორტული და კულტურული აქტივობების მიზნით სტუმრობდა.

თურქეთმა გასულ წელს ტურიზმიდან 65.1%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მიღებული შემოსავლიდან US$ 9 998 320 000 ინდივიდუალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო US$ 2 060 999 000 – ტურისტულ პაკეტებზე, ნათქვამია თურქსტატის ბოლო განცხადებაში.

2020 წლის მე-4 კვარტალში ქვეყნის ტურისტული შემოსავალი 50.4%-ით შემცირდა და US$ 3 913 758 000 შეადგინა. აღნიშნული შემოსავლის 75.4% უცხოელი ვიზიტორებისგან იქნა მიღებული, ხოლო დარჩენილი 24.6% – საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისგან.

ვიზიტორთა მიერ მოგზაურობის ორგანიზება ინდივიდუალურად, ან ტურისტული პაკეტების მეშვეობით ხდებოდა. მე-4 კვარტალის ტურისტული შემოსავლის ჯამური მაჩვენებლიდან, ინდივიდუალურად დაგეგმილი მოგზაურობების ხარჯებმა US$ 3 335 869 000 შეადგინა, ხოლო ტურისტული პაკეტების ხარჯების მოცულობა US$ 577 890 000 იყო.

2020 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, კლება ყველა ტიპის ხარჯებში შეინიშნებოდა. ტურისტულ პაკეტებზე გაღებულმა ხარჯებმა 72.2%-იანი ვარდნა აჩვენა, 68.4%-ით იკლო ტურისტულ სერვისებზე გაღებულმა ხარჯებმა, ხოლო სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებზე დახარჯული თანხა 67.3%-ით შემცირდა.  2020 წლის განმავლობაში, წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კლება ტურისტულ სერვისებზე მოდიოდა.

გასული წლის ბოლო კვარტალში უცხოელთა მიერ ერთ ღამეში დახარჯულმა საშუალო თანხამ US$ 67 შეადგინა, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების საშუალო ბიუჯეტი  US$ 35 იყო.

წლიურ კონტექსტში, ვიზიტორთა საშუალო ბიუჯეტი ერთ ღამეზე US$ 61-ს შეადგენდა. უცხოელთა საშუალო ხარჯი ღამეზე US$ 70 იყო, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების – US$ 44.

მაშინ როდესაც უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა – კერძოდ, 66.1% – თურქეთში მოგზაურობის, გართობის, სპორტულ და კულტურულ აქტივობებზე დასწრების მიზნით სტუმრობდა, საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეთა უმრავლესობის, ანუ 66.2%-ის მიზანი ნათესავებისა და მეგობრების მონახულება იყო.

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეთა ვიზიტებს საზღვარგარეთ, 2020 წელს ეს რიცხვი 76.8%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით და 2 242 864 შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო ხარჯი US$ 492 იყო.