Galt & Taggart-ის მიერ სისტემური დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, კვლევაში მონაწილეთა მიერ 2024 წლის I კვარტალში გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.7%-ით შემცირდა.
ამასთანავე, ანგარიშიდან ირკვევა, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს. მათ მოსდევს რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეები, 4-4%-იანი წილით. დარჩენილი 7% კი სხვა ქვეყნებზე მოდის.
რადიკალურად განსხვავებული სურათია აჭარის რეგიონში, სადაც 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენენ. პირველ ადგილზე, 24%-იანი წილით, რუსეთის მოქალაქეები არიან წარმოდგენილნი. ისრაელის მოქალაქეებს კი ბაზარზე 6%-იანი წილი უჭირავთ.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023-24 წლებში თბილისში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულად არის გაყიდული. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების მხოლოდ 18% არის გასაყიდი.