კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 9 ათასით შემცირდა და 745 ათასი შეადგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს „მაგთისატის“ მომსახურების გათიშვამ განაპირობა.
ComCom-ის ინფორმაციით, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე 67.1% შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. „საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2023 წლისა, აბონენტების კუთხით მაუწყებლობის ტრანზიტს ზრდადი ტენდენცია ახასიათებდა. 2019 წლის შემდეგ კი, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2%-ს შეადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ირკვევა, გასულ წელს მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებული საშუალება კვლავ IPTV-ტექნოლოგია იყო. მისი აბონენტების რაოდენობა წლიურ ჭრილში 31.1 ათასით გაიზარდა და 645 ათასი შეადგინა. 400 აბონენტით გაიზარდა DVBT-ტექნოლოგიის მომხმარებლებიც და 44.3 ათასს გაუტოლდა. თუმცა თანამგზავრულ ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა 34.8 ათასით შემცირდა და სულ რაღაც 200 შეადგინა.
2023 წელს შემცირდა ინტერნეტ ტელევიზიის წილიც, რომლის აბონენტების რაოდენობამ 12.8 ათასი შეადგინა, 2022 წელთან შედარებით 2.2 ათასით ნაკლები. 2.3 ათასით შემცირდა კოაქსიალური ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა და 16.1 ათასი შეადგინა. რადიოსიხშირული ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა კი 25.8 ათასს გაუტოლდა, რაც 2022 წლის მონაცემთან შედარებით, 3.1 ათასით ნაკლებია.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2023 წელს მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 144.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8 მილიონი ლარით მეტია. ტექნოლოგიების მიხედვით შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:
- IPTV-ტექნოლოგია – 131.2 მილიონი ლარი (გაიზარდა 9.6 მილიონი ლარით)
- DVBT-ტექნოლოგია – 5.1 მილიონი ლარი (გაიზარდა 4.7 მილიონი ლარით)
- რადიოსიხშირული ტექნოლოგია – 4.6 მილიონი ლარი (გაიზარდა 4.2 მილიონი ლარით)
- კოაქსიალური ტექნოლოგია – 2.7 მილიონი ლარი (გაიზარდა 2.5 მილიონი ლარით)
- ინტერნეტ ტელევიზია – 0.55 მილიონი ლარი (გაიზარდა 0.52 მილიონი ლარით)
- თანამგზავრული ტექნოლოგია – 0.2 მილიონი ლარი (უცვლელი დარჩა)