ფოტო: Michael Nagle/Bloomberg
Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ რისკზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტექნოლოგიისთვის სახელმწიფო რეგულაციების დაწესება აუცილებელია. მისი თქმით, AI-ის ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებამ შესაძლოა უკიდურესად მძიმე შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის მილიარდობით ადამიანის დაღუპვა.
გეიტსმა აღნიშნული განცხადებები NBC-ის გადაცემის, „Meet the Press“-ის წამყვან კრისტენ უელკერთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, AI-ის რეგულირების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა შესაძლოა ცივი ომის პერიოდში ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებზე უფრო რთული აღმოჩნდეს.
ინტერვიუში გეიტსს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზეც ჰკითხეს, რომლის თანახმად AI-ის რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებული შეშფოთება „გამოგონილია“. მილიარდერი ამ შეფასებას არ დაეთანხმა და თქვა: „ეს გამოგონილი არ არის“. ამასთან, გეიტსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ტრამპმა მომავალში მისი პოზიცია გაიზიაროს.
გეიტსის განცხადებით, ის AI-ის განვითარების შეჩერებას ან შენელებას არ ითხოვს. მისი თქმით, აშშ-ში მოქმედ ყველა AI-სისტემაზე გარკვეული მოთხოვნების დაწესებაა აუცილებელი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ჩინეთთან, რათა ტექნოლოგია ბიოტერორიზმისა და სხვა მასშტაბური თავდასხმებისთვის არ გამოიყენონ.
„ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს ხელოვნური ინტელექტის ბოროტი განზრახვით გამოყენება წარმოადგენს“, – განაცხადა გეიტსმა. მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მცირე ჯგუფებს უკვე შეუძლიათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ადრე მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ.
ბილ გეიტსმა ასევე აღნიშნა, რომ AI ამ ეტაპზე სრულად კონტროლიდან არ გასულა. მისი შეფასებით, ტექნოლოგია ჯერ არ მართავს „მილიონობით რობოტს“ და კომპიუტერის გამორთვა კვლავ შესაძლებელია. თუმცა, მისივე თქმით, AI-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც სახელმწიფო რეგულაციები, ისე ინდუსტრიის თვითრეგულირებაა საჭირო.
AI-ის რეგულირების საკითხზე პოზიცია ბოლო პერიოდში რამდენიმე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ და მათმა ხელმძღვანელებმაც დააფიქსირეს. სახელმწიფო ზედამხედველობის აუცილებლობაზე, სხვადასხვა ფორმით, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი, Anthropic-ის თანადამფუძნებელი დარიო ამოდეი და xAI-ის დამფუძნებელი ილონ მასკი საუბრობდნენ.
ცნობისთვის, Forbes-ის შეფასებით, ბილ გეიტსის ქონება $115 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-17 ადგილს ანიჭებს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი











