ფოტო: lonelyplanet.com
ავიაბილეთების ფასების ზრდის გათვალისწინებით, ევროპის მასშტაბით, მოკლე დისტანციაზე სამოგზაურო ტურები მიმდინარე ზაფხულს შედარებით მაღალი მოთხოვნის იქნება. ტენდენცია, რომ მოგზაურები ძვირადღირებულ და შორ მანძილზე ფრენებს უფრო იაფ, მარტივ და ხელმისაწვდომ დასვენებაზე ცვლიან, უკვე შეინიშნება და, სავარაუდოდ, მომავალშიც შენარჩუნდება.
Post Office Travel Money-ის ქალაქების ხარჯების ბარომეტრის უახლესმა კვლევამ სწორედ ის მიმართულებები გამოავლინა, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში მოგზაურობა ყველაზე ძვირი და, პირიქით, ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება. ყოველწლიურ ანგარიშში 12 ძირითადი ყოველდღიური ტურისტული ხარჯი ჯამში ევროპის 50 ქალაქში, ორი ადამიანისთვისაა დაანგარიშებული. რეალური სურათის შესაქმნელად კი ანგარიში ისეთ სტანდარტულ ხარჯებს მოიცავს, როგორებიცაა: ფინჯანი ყავა, ბოთლი ლუდი, ქილა Coca-Cola ან Pepsi, ჭიქა ღვინო და სამკერძიანი ვახშამი ორ ადამიანზე (სახლის ღვინოსთან ერთად) და ა.შ.
გარდა ამისა, ანგარიშში გათვალისწინებულია ტრანსპორტის ხარჯებიც, მათ შორის აეროპორტიდან ავტობუსით ან მატარებლით ტრანსფერი და 48-საათიანი სამგზავრო ბარათი. ასევე ქალაქის საექსკურსიო ავტობუსის ტური, ისტორიული ღირსშესანიშნაობის, მთავარი მუზეუმისა და ხელოვნების გალერეის ბილეთები და, ბოლოს, 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ორი ადამიანის განთავსების ღირებულება.
ანგარიშის თანახმად, რეიტინგში ნაკლებად მნიშნელოვანია ის, თუ რომელ ადგილზეა განთავსებული კონკრეტული ქალაქი სიაში. უფრო მეტად ყურადღება ისეთ ფაქტორებს ექცევა, თუ როგორია ფასები იქ ჩასვლის შემდეგ და რამდენის დახარჯვას აპირებთ გარკვეული პროდუქტისა ან/და სერვისისთვის.
Post Office Travel Money-ის შეფასებით, ზოგიერთ ევროპულ ქალაქში ადგილზე ჩასვლისთანავე იგრძნობთ შესამჩნევ სიიაფეს. გარეთ კვება იაფი ჯდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომია და კონკრეტული ღირსშესანიშნაობების მონახულება იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე მოელოდით. ამ მხრივ, ანგარიშის თანახმად, საუკეთესო ფასების მქონე ქალაქების რეიტინგში კვლავ აღმოსავლეთი ევროპა დომინირებს, ათეულიდან რვა ქალაქი სწორედ იქ მდებარეობს.
ასევე, ისტორიაში პირველად, ევროპის ყველაზე ბიუჯეტურ მიმართულებად სარაევო დასახელდა. 2026 წლისთვის, ბარომეტრის 12 პუნქტისთვის ამ ქალაქში მგზავრებს მხოლოდ 287 ევრო დასჭირდებათ. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქთან ერთად, ხუთეულში მოხვდნენ ბუქარესტი, ტირანა, ბელგრადი და ტრენჩინი.
„ხელმისაწვდომი საცხოვრებლით, იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარაევო იდეალურია მოგზაურებისთვის, რომლებიც მაღალი ფასების გარეშე მდიდარ კულტურას, ისტორიასა და კარგ სამზარეულოს ეძებენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ხუთეულის სხვა წევრებს: წელს ბიუჯეტურ მიმართულებებს შორისაა ბუქარესტიც – რუმინეთის დედაქალაქი დამსვენებელს მრავალფეროვანი აქტივობებითა და ხელმისაწვდომი საკვები ობიექტებით, ასევე სასტუმროებსა და ტრანსპორტზე შენარჩუნებული დაბალი ფასებით იზიდავს. ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტირანას „ყველაფერი აქვს, რაც კი გჭირდებათ“ მშვიდი დასვენებისთვის, ხოლო სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი „ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს“ ღამის ცხოვრების, კულინარიისა და მდინარის სანაპიროზე სეირნობის მოყვარულთათვის. ხუთეულს ასრულებს სლოვაკეთის ქალაქი ტრენჩინი, რომელიც შედარებით დიდ ქალაქებს შორის, „უფრო მშვიდ ალტერნატივად“ მიიჩნევა.
Post Office Travel Money-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წელს დასასვენებლად ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების სია ასე გამოიყურება:
- სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა: £248 / €287
- ბუქარესტი, რუმინეთი: £258 / €299
- ტირანა, ალბანეთი: £263 / €304.50
- ბელგრადი, სერბეთი: £265 / €307
- ტრენჩინი, სლოვაკეთი: £272 / €315
- რიგა, ლატვია: £278 / €322
- ლილი, საფრანგეთი: £289 / €334
- ვილნიუსი, ლიეტუვა: £289 / €334
- სტრასბურგი, საფრანგეთი: £319 / €369
- პოდგორიცა, მონტენეგრო: £332 / €384.50
რეიტინგის მეორე ბოლოში კი, ევროპის ყველაზე ძვირ მიმართულებებს სათავეში ოსლო უდგას. ნორვეგიის დედაქალაქში ბარომეტრის 12 პუნქტი €850 ჯდება. ყველაზე ძვირი ქალაქების ხუთეულში ოსლოსთან ერთად კოპენჰაგენი, ედინბურგი, ჟენევა და ბარსელონა მოხვდნენ.
2026 წელს დასავენებლად ყველაზე ძვირი ევროპული ქალაქების ათეულში მოხვდნენ:
- ოსლო, ნორვეგია: £734 / €850
- კოპენჰაგენი, დანია: £671 / €777
- ედინბურგი, შოტლანდია: £668 / €773.50
- ჟენევა, შვეიცარია: £644 / €746
- ბარსელონა, ესპანეთი: £641 / €742
- დუბლინი, ირლანდია: £611 / €707
- ამსტერდამი, ნიდერლანდები: £609 / €705
- კორკი, ირლანდია: £602 / €697
- ვენეცია, იტალია: £580 / €672
- მადრიდი, ესპანეთი: £580 / €672















