ფოტო: marketwise.com
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI აქციების საჯაროდ განთავსებისთვის (IPO) ემზადება. გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სემ ალტმანის კომპანია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) IPO-ზე ოფიციალურ განაცხადს უახლოეს დღეებში წარადგენს. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება AI-სტარტაპისთვის, რომელიც 2015 წელს, დაარსების დროს, არაკომერციულ კვლევით ორგანიზაციად დარეგისტრირდა და საწყისი შეთანხმების პირობებით, ოპერირება მომავალშიც იმავე სტატუსით უნდა გაეგრძელებინა.
Euronews-მა შემოგვთავაზა ხუთი ძირითადი საკითხი, რაც OpenAI-ის პოტენციურად რეკორდული IPO-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ.
- OpenAI-ის პოტენციური IPO შესაძლოა რეკორდული იყოს
დაუდასტურებელი ცნობებით, საფონდო ბირჟაზე დებიუტისას, სემ ალტმანის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. Deutsche Bank Research-ის მონაცემებით, ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში OpenAI საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს შედეგს გააუმჯობესებს. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა და ერ-რიადის საფონდო ბირჟაზე განთავსებისას $25.6 მილიარდი მოიზიდა.
თუმცა, OpenAI-ის რეკორდული IPO-ს გეგმებისთვის შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის ამბიციები. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ IPO-ზე განაცხადი SEC-ში ოფიციალურად მიმდინარე თვეში წარადგინა. წინასწარი შეფასებებით, SpaceX-ი აქციების საჯაროდ დალისტვას $75 მილიარდის მოზიდვით, კომპანიის $1.75 ტრილიონიდან $2 ტრილიონამდე ღირებულებით გეგმავს, რაც ისტორიულად რეკორდული იქნება.
სემ ალტმანი კი, როგორც ცნობილია, OpenAI-ის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას 2026 წლის სექტემბერში გეგმავს. WSJ-ის ინფორმაციით, OpenAI-მა უკვე დაიქირავა Goldman Sachs-ი და Morgan Stanley პროსპექტის მოსამზადებლად, რომელიც მარეგულირებლებს კონფიდენციალურად, უახლოეს დღეებში წარედგინება.
- $1-ტრილიონიანი შეფასება OpenAI-ს მსოფლიოში მე-14 ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო კომპანიად აქცევს
წინასწარი შეფასებებით, IPO-ზე OpenAI-ის ღირებულება $1 ტრილიონს გადააჭარბებს. ცნობისთვის, Saudi Aramco ამ დრომდე ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა.
შედეგად, არსებული რანჟირებით, ChatGPT-ის შემქმნელი AI-სტარტაპი, $1-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვის შემთხვევაში, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებში უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის შემდგომ განთავსდება. შედარებისთვის, კონგლომერატმა გასულ წელს $370 მილიარდზე მეტი შემოსავალი და $67 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო. ხოლო OpenAI-ის შემოსავალმა $13.1 მილიარდს მიაღწია. სტარტაპის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ყოველთვიურად საშუალოდ $2 მილიარდს გამოიმუშავებს.
- ინვესტორები „სუფთა პროფილის“ AI-ში ინვესტიციების გზებს ეძებენ
ამჟამად საცალო ინვესტორებს, რომლებსაც AI-სექტორში სურთ ინვესტირება, შეზღუდული არჩევანი აქვთ. მათ შეუძლიათ ინვესტირება მოახდინონ ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიებში, Cloud-პროვაიდერებსა და მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში. Deutsche Bank Research-ის თანახმად, OpenAI-ის IPO „ინვესტორებს შორის, რომელთაც სუფთა პროფილის AI-კომპანიებზე პირდაპირი წვდომა სურთ, მაღალ კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის“.
- ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე IPO-რბოლა მწვავდება
OpenAI-ის ზრდის პარალელურად, ბოლო პერიოდში მკვეთრ ზრდას აფიქსირებს Claude-ის შემქმნელი AI-სტარტაპი Anthropic-ი. გასულ თვეში Anthropic-ის განმეორებადმა შემოსავალმა (ARR) $30 მილიარდს მიაღწია, მაშინ როცა OpenAI-ის მაჩვენებელი $25 მილიარდს უტოლდებოდა. Deutsche Bank-ის პროგნოზებით, Anthropic-ის ARR მიმდინარე თვეში დაახლოებით $40 მილიარდამდე გაიზრდება. Anthropic-ი აქციების საჯაროდ განთავსებას, OpenAI-ის მსგავსად, ამ წლის ოქტომბერში $60 მილიარდის მოზიდვით გეგმავს.
- OpenAI-ის ბიზნესმოდელის გარშემო კვლავ კითხვები რჩება
მიუხედავად მისი მასშტაბებისა და ამბიციებისა, OpenAI-ის მოგება ჯერ არ ჰქონია. Deutsche Bank Research-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი ამ თვეში $30 მილიარდამდე წლიური შემოსავლის გენერირებას პროგნოზირებს. თუმცა The Information-ის მიერ გავრცელებული შიდა პროგნოზები მიუთითებს, რომ მხოლოდ 2026 წელს კომპანია $14 მილიარდის ზარალს დააფიქსირებს, ხოლო კუმულაციურმა ზარალმა შესაძლოა $44 მილიარდს გადააჭარბოს მანამ, სანამ 2029 წლისთვის OpenAI მოგებიანი გახდება.
















