2030 წლისთვის Honda ელექტრომობილების წარმოებაში $40 მილიარდს დააბანდებს

2030 წლისთვის Honda ელექტრომობილების წარმოებაში $40 მილიარდს დააბანდებს

ავტოინდუსტრიის იაპონური გიგანტი, Honda მომავალი ათი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებაში $40 მილიარდს დააბანდებს, რითაც კომპანია ელექტრომობილის ოცდაათი მოდელის გამოშვებას გეგმავს – საერთო ჯამში, ყოველწლიურად ორი მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებაზეა საუბარი. Honda-ს მიზანია, ათწლეულის ბოლოსთვის მისი ავტოპარკის 40%-ს ელექტრომობილები შეადგენდნენ, რათა 2040 წლისთვის, ამ მაჩვენებელმა 100%-ს მიაღწიოს.

საინტერესოა, რომ ოცდაათი ახალი მოდელიდან, Honda მცირე ზომის ბიუჯეტური ელექტრომანქანის გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც $8000 ეღირება და იაპონურ ბაზარზე 2024 წლისთვის გამოჩნდება. ამასთანავე, Honda თავისი ორი წამყვანი მოდელის, Prologue-ისა და Acura-ს ელექტრო ვერსიებზე მუშაობს კორპორაცია General Motors-თან ერთად. თუმცა, Honda ელექტრიფიკაციის საკუთარ პლატფორმაზეც ფიქრობს და ზემოხსენებულ $40 მილიარდს სწორედ ამას მოახმარს. გარდა ამისა, კომპანიამ $343 მილიონი გამოყო ნახევრადგამტარი ელექტრობატარეების წარმოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სწრაფი ელექტრიფიკაციის ერთ-ერთი მიზანი ელექტრომობილების უდიდეს ბაზარზე, ჩინეთში ფეხის მოკიდებაა, – ამის შესახებ Honda-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტოშიჰირო მიბემ განაცხადა. ამ მიზნის მისაღწევად, 2027 წლისთვის, Honda გუანჯოუსა და ვუჰანში ქარხნებს გახსნის და e:N Series-ის ბრენდის ქვეშ ათ ელექტრომობილს გამოუშვებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *