ახალი წყალქვეშა კაბელით გერმანიასა და ბრიტანეთს პირველი პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ექნებათ

ახალი წყალქვეშა კაბელით გერმანიასა და ბრიტანეთს პირველი პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ექნებათ

გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირველი დამაკავშირებელი კაბელის მთავარი ინტერკონექტორის პროექტის განსახორციელებლად უკვე 1.95 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები დაიდო. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები საკუთარი ენერგომომარაგების გაძლიერებას ცდილობენ. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება კი სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

NeuConnect პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის გაყვანილი ენერგოკაბელები ზღვის ქვეშ იქნება განთავსებული და ორივე მიმართულებით 1.4 გიგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატარებას შეძლებს. ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი კაბელის სიგრძე 725 კილომეტრი იქნება.

უკვე დადებული კონტრაქტების უმეტესობა საკაბელო სამუშაოებსა და გადამყვანი სადგურების მოწყობას შეეხება. NeuConnect-ის განცხადებით, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში სადგურების დიზაინსა და მშენებლობაზე SiemensEnergy იზრუნებს.

პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, ინტერკონექტორი დიდ ბრიტანეთს გერმანიის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და განახლებადი წყაროების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება გერმანიას, მისთვის აღნიშნული ენერგოკავშირი ამჟამინდელი შეფერხებების განტვირთვას შეუწყობს ხელს. ცნობისათვის, გერმანიაში ქარის ტურბინები განახლებადი ენერგიის ჭარბი რაოდენობის გამო ხშირად ითიშება.

მხარეების განცხადებით, მშენებლობა პროექტის ფინანსური საკითხების დახურვის შემდეგ, 2022 წლის დასრულებამდე დაიწყება.