Virgin Galactic-ი კოსმოსური ფრენის ორკაციან საგზურს ათამაშებს

Virgin Galactic-ი კოსმოსური ფრენის ორკაციან საგზურს ათამაშებს

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის მიერ დაფუძნებული კომპანია Virgin Galactic კოსმოსური ფრენის ორკაციან საგზურს ათამაშებს. გათამაშების გამარჯვებული მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდება და კომპანიის ხომალდით კოსმოსში 2022 წლის დასაწყისში გაემგზავრება, მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად.

გათამაშება საქველმოქმედო მიზნებით ტარდება და მას Virgin Galactic-თან თანამშრომლობით საქველმოქმედო პლატფორმა „Omaze“ უწევს ორგანიზებას.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება უფასოდაც არის შესაძლებელი, თუმცა „Omaze“ გთავაზობთ სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ უფრო მეტად გაზარდოთ თქვენი მოგების შანსი და გათამაშების რამდენიმე ბილეთი ერთდროულად შეიძინოთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ხუთ დოლარად გათამაშების 50 ბილეთი შეიძინოთ ან 100 დოლარად 2000 ცალი. გათამაშებისთვის ერთ ადამიანს მაქსიმუმ 6000 ბილეთის შეძენა შეუძლია. ამასთან, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეუძლიათ.

კონკრეტულად რას ათამაშებენ Omaze და Virgin Galactic?

გათამაშების გამარჯვებული, რომელიც შემთხვევითად შეირჩევა, საჩუქრად მიიღებს ორკაციან საგზურს კოსმოსურ ხომალდზე „SpaceShipTwo“ და დედამიწიდან 80 კილომეტრზე მეტი მანძილით გავა ღია კოსმოსში. გარდა საგზურისა, გამარჯვებულს დაუფინანსდება შესაფერისი წვრთნები, მოგზაურობისა და დაბინავების ხარჯები, რომელიც კოსმოსში გაფრენასთან იქნება დაკავშირებული. 

ცნობისთვის, აღნიშნული საგზურის საბაზრო ღირებულება ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარის ტოლფასია. იმ შემთხვევაში, თუკი გამარჯვებული დაპირებულ ჯილდოს ვერ მიიღებს ფორსმაჟორის ან რამე სხვა მიზეზის გამო, კომპანია მზად არის გადაუხადოს საგზურის საბაზრო ღირებულება ან ჩაანაცვლოს ჯილდო იმავე ღირებულების სხვა ჯილდოთი.

Virgin Galactic-ისა და რიჩარდ ბრენსონის შესახებ

რიჩარდ ბრენსონი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, ვინც კოსმოსში საკუთარი კოსმოსური ხომალდით იმოგზაურა. კოსმოსური ხომალდი, რომელიც მისივე კომპანიის, Virgin Galactic-ის, შექმნილია, ღია კოსმოსში 11 ივლისს, გამთენიისას გაფრინდა. ხომალდი, რიჩარდ ბრენსონის გარდა, ეკიპაჟის კიდევ სამ წევრს ემსახურებოდა.

მილიარდერი კოსმოსში კომპანიის სამ თანამშრომელთან და ორ პილოტთან ერთად გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic-ი კოსმოსურ ხომალდს ორი ათწლეულის განმავლობაში ქმნიდა და მას უწინდელ ხომალდებთან შედარებით, რომლებიც კოსმოსში გაფრენილან, უჩვეულო ფორმები აქვს. კოსმოსურ ხომალდს SpaceShipTwo ჰქვია და იგი დედამიწას 80 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორდა.

მილიარდერმა ღია კოსმოსში გასვლის შემდეგ უწონადობით ისარგებლა და ხომალდზე არსებული ვიდეოკამერებით ვიდეომიმართვაც ჩაწერა. „ვესაუბრები ყველა ბავშვს დედამიწაზე – ერთ დროს მეც ბავშვი ვიყავი და ვოცნებობდი, როდესაც ვარსკვლავებს ვუყურებდი. ახლა ზრდასრული ვარ და კოსმოსში ვმოგზაურობ. თუკი ჩვენ ამის გაკეთება შევძელით, წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ“, – ამბობს რიჩარდ ბრენსონი ხომალდზე ჩაწერილ ვიდეოში.

აღნიშნული გაფრენა რიგით მეოთხე სატესტო ფრენა იყო ხომალდის ისტორიაში. კომპანია 2021 წლის ბოლომდე კიდევ ორი სატესტო გაფრენას გეგმავს. ამ ფრენების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი Virgin Galactic-ი კოსმოსური ტურიზმის პრაქტიკას ჩაუყრის საფუძველს. ადამიანები 200 000-დან 250 000 აშშ დოლარად შეძლებენ კოსმოსში სამოგზაურო ბილეთების ყიდვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *