მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტარტაპების ბუმია. დღეს მოქმედმა არაერთმა ცნობილმა და მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიამ ფუნქციონირება თავის დროზე დაიწყო სწორედ როგორც სტარტაპმა. თუმცა, სტატისტიკურად მსოფლიოში ახალდაწყებული სტარტაპების 90% მარცხით ასრულებს არსებობს.
როგორც წესი, სტარტაპის შექმნას დიდი თანხები არ სჭირდება, საჭიროა ინოვაციური და საინტერესო იდეა, რომელიც “იმუშავებს“, თუმცა, არც ესაა საკმარისი. აუცილებელია განვითარება, იდეის დახვეწა, წინსვლასა და გაფართოებაზე ფიქრი, სწორი ხედვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარებისა და ცოდნის დაგროვება, რათა სტარტაპმა “გაამართლოს“.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ის პროგრამაც, რომელიც საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით საქართველოშიც ხორციელდება.
500 Startups-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება. ამ უნიკალურმა პროგრამამ საქართველოში წელს დაიწყო განხორციელება პროცესში მსოფლიოში წამყვან პროგრამას პარტნიორობას საქართველოს ბანკის ჯგუფი, 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით უწევს.
“ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან 500 Startups-ის შემოსვლა ხელს უწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას და ეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში“,- აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. ამას გარდა, პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად.
საქართველოს ბანკმა 500 Georgia-ში ჩართულ სტარტაპებს შორის ის ტოპ 5-ეული შეარჩია, რომლებიც პროექტში მონაწილეობას საქართველოს ბანკის დაფინანსებით გააგრძელებენ. ესენი არიან – Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack. ეს კომპანიები გახდნენ 500 Georgia-ს რჩეულები იმ 15-ს შორის, რომლებიც აღნიშნულ პროექტში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაერთნენ.
თავდაპირველად სტარტაპებმა გაიარეს რამდენიმეკვირიანი ტრენინგი, სადაც მენტორები მათ ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა გაეზარდათ ახალი მომხმარებლების რაოდენობა და როგორ უნდა ემუშავათ არსებულ მომხმარებლებთან, ასევე რა ინსტრუმენტებით უნდა გაეზომათ მათი მონაცემები. ამის შემდეგ კი ეს ცოდნა პრაქტიკაში დანერგეს.
მაგალითად, ციფრულმა პლატფორმა Phubber-მა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვის მსურველებს ამ პროგრამის შედეგად მნიშვნელოვანი ზრდა უკვე განიცადა.
“500 startups-ის პროგრამაში მიღებული ცოდნის საფუძველზე, რა ცვლილებებიც შევიტანეთ ჩვენს პლატფორმაში, ამან დაახლოებით სამჯერ ააჩქარა ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად. ამასთან, ახლა უფრო სწრაფად ვიზრდებით, ვიდრე მანამდე“, – აღნიშნა Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა Forbes Georgia-სთან საუბრისას. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაარსებულ Phubber-ს უკვე 70 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ასევე პლატფორმაზე განთავსებულია უკვე 100 000-ზე მეტი ნივთი.
ტოპ 5-ეულში შესული კიდევ ერთი სტარტაპის “კარგონის“ თანდამფუძნებელი ვანო ჩალაძეც აღნიშნავს, რომ მისი პლატფორმა აქსელერაციის პროგრამის დაწყების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, – “აქსელერაცია დაგვეხმარა ჩვენი მომხმარებლების შესწავლაში და მათ სეგმენტაციაში. მთავარი შედეგი კი აისახა ჩვენი მომხმარებლების გაზრდის ტემპებში და ჩვენი სერვისის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშვებაში“, – დასძინა ვანო ჩალაძემ, რომელმაც „კარგონი“ ტრადიციული ლოგისტიკური ბაზრის განვითარების მიზნით შექმნა. ცნობისთვის, „კარგონი“ ონლაინ პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს გამგზავნი და გადამზიდი კომპანიის ერთმანეთთან დაკავშირებას.
500 Startups-ის პროექტი გრძელდება როგორც შერჩეული ხუთი სტარტაპისთვის, ასევე ახლებისთვისაც. კერძოდ, პროგრამის მეორე ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის შემდგომ შერჩეულ მომდევნო 15 სტარტაპი გაივლის იგივე ეტაპს, რაც პირველმა ნაკადმა დაასრულა. მათ შორისაც ამოარჩევენ 5 საუკეთესოს. შემდეგ კი პირველი და მეორე ნაკადის ტოპ-10 სტარტაპიდან შერჩეულ ორ მათგანს შესაძლებლობა ექნებათ კალიფორნიაში გაემგზავრონ, და თავიანთი პროექტები უკვე ინვესტორებს თვით სილიკონ ველიზე წარუდგინონ. სილიკონ ველი ხომ მსოფლიოს ერთგვარი ტექნოლოგიური ჰაბია, სადაც თავმოყრილია უმსხვილესი კომპანიები და სადაც მოხვედრა ნებისმიერი სტარტაპისთვის ოცნების გარდა, განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია.