„გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიულ დეპარტამენტს ზურაბ ახალაძე უდგება სათავეში. კერძო სექტორში, კანონშემოქმედებითი პროცესებისა და ბიზნესსამართლის მიმართულებით 15-წლიანი გამოცდილება მის პროფესიულ ხედვას განსაზღვრავს გარემოში, სადაც იურისტის როლი მხოლოდ სამართლებრივი შეფასებით აღარ შემოიფარგლება.
ავტორი: იზა გვარამაძე
ზურაბ, „გრანთ თორნთონში“ უფროსი იურისტის პოზიციას იკავებდით, ახლახან კი იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნეთ – როგორ ფიქრობთ, რა აღმოჩნდა პროფესიული პროგრესის გზაზე გადამწყვეტი?
ვფიქრობ, ამ პროგრესში ჩემი კარიერის თითოეული ეტაპი და ამ ეტაპზე მიღებული გამოცდილება დამეხმარა. „გრანთ თორნთონში“ მოსვლამდე როგორც კერძო სექტორში, ისე კანონშემოქმედებითი და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით ვმუშაობდი. ამ გამოცდილებამ შესაძლებლობა მომცა, სამართლებრივი პროცესები ორივე მხრიდან დამენახა – როგორც რეგულაციების ფორმირების, ისე მათი პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. კერძო სექტორში მუშაობამ მაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მოქნილი და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, ხოლო კანონშემოქმედებით პროცესებში მონაწილეობამ დამანახა, რა ლოგიკით ყალიბდება თავად რეგულაციები.
გამოცდილების გარდა, მივიჩნევ, რომ „გრანთ თორნთონში“ ჩემი პროფესიული პროგრესისთვის გადამწვეტი აღმოჩნდა პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა. კომპლექსურ პროექტებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი სიზუსტე, არამედ პროცესების მართვა, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და გუნდის გაძლიერება. საბოლოოდ ხომ სწორედ გუნდი განსაზღვრავს მომსახურების ხარისხსა და შედეგს.
როგორც ჩვენი საუბრიდანაც გამოჩნდა, დღეს ბიზნესი იურისტისგან ბევრად მეტს ელის, ვიდრე მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას. თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა ბიზნესიურისტის როლი ბოლო წლებში?
ბოლო წლებში იურისტის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ ადრე ძირითადი აქცენტი სამართლებრივ სიზუსტესა და რისკების იდენტიფიცირებაზე კეთდებოდა, დღეს ბიზნესი იურისტისგან ელის არა მხოლოდ პრობლემის დაფიქსირებას, არამედ ისეთი გადაწყვეტის შეთავაზებას, რომელიც კომერციულ მიზნებსაც უპასუხებს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფად ცვალებად რეგულაციურ გარემოში, სადაც კომპანიებს უწევთ ადაპტაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან. შესაბამისად, თანამედროვე ბიზნესიურისტი ერთგვარი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტად გარდაქმნის.
დღეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იურისტს ჰქონდეს არა მხოლოდ სამართლებრივი ცოდნა, არამედ ბიზნესპროცესების, ფინანსური მოდელებისა და ოპერაციული რისკების გააზრების უნარიც. პრაქტიკაში ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად შეძლებს ის გადაწყვეტილების კონკრეტულ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებას.
ძლიერ იურისტობასთან ერთად იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე უკვე ლიდერის უნარებიც არის საჭირო – როგორ ხედავთ თქვენს თავს ახალ როლში?
ძლიერი იურისტი კარგად ხედავს სამართლებრივ რისკებს და სწორ პასუხებს პოულობს, თუმცა ლიდერობა ბევრად დიდი პასუხისმგებლობაა. ხელმძღვანელის როლში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი იურიდიული შეფასება, არამედ გადაწყვეტილებების მიღება არასრული ინფორმაციის პირობებშიც, სტრატეგიული ხედვის შენარჩუნება და გუნდის განვითარება. ჩემი აზრით, სწორედ კარგი ლიდერი ქმნის გარემოს, სადაც გუნდი დამოუკიდებლადაც იზრდება და პასუხისმგებლობას იღებს.
ჩემთვის, როგორც ლიდერისთვის, მთავარი პრინციპი ნდობაზე, მკაფიო მოლოდინსა და მუდმივ განვითარებაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნაა. გვყავს გუნდი, სადაც თითოეულ იურისტს საკუთარი ექსპერტიზა და დამატებითი კომპეტენცია აქვს, და ვფიქრობ, სწორედ განსხვავებული გამოცდილებების გაერთიანება ქმნის ძლიერ პროფესიულ სისტემას.
ვცდილობ, გუნდის თითოეულ წევრს ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა როგორც საკუთარ პასუხისმგებლობებზე, ისე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება მისი საქმიანობა საერთო მიზნებს. ეს არა მხოლოდ ზრდის მოტივაციას, არამედ აძლიერებს პასუხისმგებლობის განცდას და ჩართულობას.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ კომუნიკაციასა და მუდმივ უკუკავშირს. მნიშვნელოვანია, თანამშრომლები ისეთ გარემოში მუშაობდნენ, სადაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის, ინიციატივისა და განსხვავებული ხედვის გაზიარება.
ასევე, ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა – დავალებებისა და პროექტების განაწილება ისე, რომ გუნდის წევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმუშაონ უფრო კომპლექსურ საკითხებზე, პრაქტიკული გამოცდილება დაიგროვონ და დამოუკიდებელ პროფესიონალებად განვითარდნენ.
საბოლოოდ, ჩემი მიზანია ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მხოლოდ შედეგზე არ არის ორიენტირებული და პარალელურად მუდმივი განვითარებისა და თვითგაძლიერების მოტივაციასაც ინარჩუნებს.
რას მოიცავს იურიდიული დეპარტამენტის საქმიანობა? როგორ შეიცვალა თქვენი სამუშაო მიმართულებები ტექნოლოგიების განვითარებისა და მასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გავლენით?
პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ „გრანთ თორნთონი“ აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიაა და მსგავს ორგანიზაციებში იურიდიული მიმართულება, როგორც წესი, ძირითად ბირთვად არ განიხილება, ჩვენმა გუნდმა – წინა ხელმძღვანელის მნიშვნელოვანი წვლილით – შეძლო კომპანიისთვის როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციული ღირებულების შექმნა.
წლების განმავლობაში იურიდიული დეპარტამენტი თანამიმდევრულად ვითარდებოდა, ფართოვდებოდა მისი ექსპერტიზა და ძლიერდებოდა პოზიციები ბაზარზე. ამ პროგრესს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა – Legal 500-ის 2024-2026 წლების რეიტინგებში ჩვენი გუნდის მოხვედრა იმ ხარისხისა და პროფესიონალიზმის შედეგია, რომელთაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვინარჩუნებთ.
დღეს ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც ტრადიციულ იურიდიულ მიმართულებებს – კორპორაციულ, შრომით, სახელშეკრულებო და საგადასახადო სამართალს, ასევე დავების გადაწყვეტასა და შესაბამისობის (compliance) საკითხებს, – ისეთ თანამედროვე, სწრაფად განვითარებად სფეროებს, რომლებიც ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ და ახალმა რეგულაციებმა ჩამოაყალიბა. მაგალითად, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ციფრული ფინანსები, ვირტუალური აქტივების რეგულირება და შესაბამისობის სისტემები.
ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ხშირად არა თავად რეგულაცია, არამედ მისი პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგვაა. ჩვენი როლი სწორედ ამ პროცესის გამარტივებაა – ისე, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს მოქნილობა და პარალელურად ახალ მოთხოვნებსაც სრულად შეესაბამებოდეს. ამ მიმართულებით ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბოლო პერიოდში შრომითი და საიმიგრაციო კანონმდებლობის ცვლილებებია, რომლებზეც „გრანთ თორნთონი“ აქტიურად მუშაობდა როგორც კომპანიებთან, ისე ფიზიკურ პირებთან, რათა ახალი მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა უფრო ეფექტიანად განხორციელებულიყო.
გარდა ამისა, ბოლო წლებში აქტუალური გახდა ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობა, მათ შორის საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა (PSP) და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ლიცენზირების პროცესები. პრაქტიკაში ეს მოითხოვს არა მხოლოდ იურიდიულ შეფასებას, არამედ კომპანიის შიდა პროცესების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და რისკების მართვის სისტემების დეტალურ ანალიზს.
როგორ მართავთ კომპლექსურ პროექტებს, სადაც ერთდროულად სამართლებრივი, კომერციული და რეპუტაციული რისკები არსებობს?
ასეთ პროექტებში მთავარი გამოწვევა ინტერესების ბალანსია. ხშირად გადაწყვეტილებები სწრაფად არის მისაღები, მაშინ როდესაც გარემო მუდმივად იცვლება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რისკების სწორი შეფასება, არამედ ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებსაც პასუხობს და რეალურ დამატებით ღირებულებასაც ქმნის.
სწორედ ამიტომ, მსგავს პროექტებზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ რისკების პრიორიტეტიზაციას, სხვადასხვა სცენარის წინასწარ ანალიზსა და კლიენტთან აქტიურ, გამჭვირვალე კომუნიკაციას. ჩემი აზრით, ეს მიდგომა იურიდიულ კონსულტაციას პრაქტიკულ ინსტრუმენტად აქცევს, რომელიც ბიზნესის გრძელვადიან ინტერესებზეა მორგებული.
ამასთან, როგორც სერტიფიცირებული მედიატორი, ბიზნესდავების მართვის პროცესში ხშირად ვიყენებ სამედიაციო მეთოდებს, რაც კონფლიქტების შედარებით სწრაფ, ეფექტიან და ხარჯთეფექტიან გადაწყვეტას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პრიორიტეტი არა მხოლოდ დავის დასრულება, არამედ მხარეებს შორის პროფესიული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შენარჩუნებაცაა.
პრაქტიკაში ასეთი მიდგომა ხშირად ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგს იძლევა, ამცირებს სამართლებრივ და ფინანსურ რისკებს და გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობას აძლიერებს.
როგორ შეიცვალა იურიდიული დეპარტამენტის მუშაობა AI–ტექნოლოგიების განვითარების ფონზე?
ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია უკვე პირდაპირ ცვლის იურიდიული მომსახურების მოდელს. დღეს AI ხელს გვიწყობს პროცესების ავტომატიზაციაში, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფესა და ეფექტიანობის ზრდაში. „გრანთ თორნთონში“ უკვე დანერგილი გვაქვს AI-ზე დაფუძნებული მოდელები, რომლებიც სამუშაო პროცესებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
თუმცა, ვფიქრობ, ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს სტრატეგიულ ანალიზს და გადაწყვეტილებების მიღებას – ის უფრო ინსტრუმენტია, რომელიც იურისტს საშუალებას აძლევს, მეტი ღირებულება შექმნას.
ბოლოს, რა არის თქვენი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მთავარი მიზანი მომდევნო წლებში?
ჩვენი მიზანია იურიდიული დეპარტამენტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ბაზარს შევთავაზოთ ისეთი მომსახურებები, რომლებიც ტრადიციული შესაბამისობის ფარგლებს სცდება. გვინდა, იურიდიული სერვისი ბიზნესისთვის არა მხოლოდ აუცილებელი ფუნქცია, არამედ კონკურენტული უპირატესობის წყარო გახდეს.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი ტექნოლოგიური სისტემების ინტეგრაციაზე, რაც მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია და ისეთი ექსპერტიზის განვითარება, რომელიც ქართულ ბაზარზე მზარდ მოთხოვნას უპასუხებს. ვფიქრობ, მომდევნო წლებში განსაკუთრებით გაიზრდება მოთხოვნა კომპლექსურ, მრავალდისციპლინურ იურიდიულ მომსახურებაზე, სადაც სამართლებრივი ცოდნა ტექნოლოგიურ და ბიზნესის ანალიზთან იქნება შერწყმული.
S









