ფოტო: Andrew Harnik/Getty Images
ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსი დაიბრუნა. ორშაბათს SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი მატების ფონზე, მისი ქონება 62.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
უფრო კონკრეტულად, 29 ივნისს SpaceX-ის აქციები 7.6%-ით, ხოლო Tesla-ს აქციები 8.6%-ით გაძვირდა, რამაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონების ზრდა განაპირობა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მასკი SpaceX-ის 4.8 მილიარდ აქციას ფლობს და დამატებით 350 მილიონ საფონდო ოფციონს, რომელთა გამოყენების ფასი ერთ აქციაზე 8.40 დოლარია. ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში მან გაამხილა, რომ Tesla-ს დაახლოებით 700 მილიონ აქციას ფლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის ქონება ივნისის შუა რიცხვებში დაფიქსირებულ რეკორდულ 1.45 ტრილიონ დოლარს ჯერ კიდევ ჩამორჩება, მასკი კვლავაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მას მოჰყვებიან Google-ის თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი, რომლის ქონება 288.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, და სერგეი ბრინი – 266.3 მილიარდი დოლარით.
გასულ კვირას Forbes-მა მასკის ქონების შეფასებიდან Tesla-ს 116 მილიარდი დოლარის ღირებულების შეზღუდული აქციები ამოიღო, რაც კომპანიის დაახლოებით 8%-იან წილს შეადგენდა. ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც მასკმა ოფციონების განხორციელების საფასურის დასაფარად 7.1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებზე თქვა უარი.
საქმე უკავშირდება 2018 წელს დამტკიცებულ CEO-ს ანაზღაურების პაკეტს, რომელიც 2024 წელს დელავერის სასამართლომ გააუქმა, თუმცა 2025 წელს შტატის უზენაესმა სასამართლომ კვლავ აღადგინა. მოგვიანებით Tesla-მ ეს პროგრამა ახალი კომპენსაციის სქემით ჩაანაცვლა, რომლის მიხედვითაც მასკი ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში 2028 წლის იანვრამდე დარჩება.
მასკის ქონების შემცირებაზე გავლენა იქონია ასევე SpaceX-ის აქციების ფასის კორექციამ. IPO-ს შემდეგ მიღებული 41%-იანი ზრდა კომპანიამ ნაწილობრივ დაკარგა.
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს. მიმდინარე თვის დასაწყისში, SpaceX-ის რეკორდული IPO-ს შემდეგ, ის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მანამდე კი ეტაპობრივად გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400, 500, 600, 700, 800 და 900 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აქციონერებმა ნოემბერში მასკის კომპენსაციის ახალი პაკეტი დაამტკიცეს, რომლის ღირებულებამ, კომპანიის მიერ მომდევნო ათწლეულში განსაზღვრული მიზნების შესრულების შემთხვევაში, შესაძლოა 1 ტრილიონ დოლარსაც მიაღწიოს.
















