იტალიის მთავრობამ AstraZeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი შეაჩერა. იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკის ახალი რეგულაცია გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას აქვს უფლება, დაბლოკოს ვაქცინის ექსპორტი, თუ კომპანია ევროკავშირში აღებულ ვალდებულებებს ვერ აკმაყოფილებს.
საუბარია 250 000 დოზა ვაქცინაზე, რომელიც იტალიაში, AstraZeneca-ს ქარხანაში აწარმოეს.
როგორც BBC წერს, იტალიის მთავრობა გასულ კვირას ევროკომისიას დაუკავშირდა და მოახსენა გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვაქცინის ექსპორტის დაბლოკვას აპირებდა. როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ავსტრალია არ არის „მოწყვლად“ ჯგუფებში შემავალი ქვეყანა, და ამასთან, იტალია და ევროკავშირი ვაქცინების დეფიციტს განიცდიან, საექსპორტო ვაქცინების რაოდენობა (250 000) კი საკმაოდ დიდია, რაც საბოლოო ჯამში მათი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
იტალიის გადაწყვეტილებას ავსტრალიაში უკვე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ერთი საექსპორტო პარტიის დაბლოკვას ვაქცინაციის მათ პროგრამაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი ეფექტი ვერ ექნება.
ცნობისთვის, AstraZeneca მარტის ბოლომდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებული რაოდენობის მხოლოდ 40%-ის მიწოდებას ახერხებს. მიზეზად კი წარმოების პრობლემებს ასახელებს.
იანვარში იტალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ AstraZeneca-ს და Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის მიწოდების შეფერხებებს „მიუღებელი“ უწოდა და კომპანიები კონტრაქტების დარღვევაში დაადანაშაულა.