ერიკ იუანმა Zoom-ის $6 მილიარდის ღირებულების აქცია გაასხვისა

ერიკ იუანმა Zoom-ის $6 მილიარდის ღირებულების აქცია გაასხვისა

Zoom-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ერიკ იუანმა კომპანიაში მისი აქციების მესამედი გაასხვისა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საუბარია თითქმის 18 მლნ აქციაზე, რომლებიც, როგორც შესაბამისი დოკუმენტებიდან ირკვევა, ერიკ იუანმა გააჩუქა. ვინ არის აქციების მიმღები, უცნობია.

გასხვისებული აქციების საერთო ღირებულება დაახლოებით $6 მილიარდია.

ამგვარად 51 წლის იუანი იმ მილიარდერების სიას შეუერთდა, რომლებმაც ბოლო პერიოდში აქციები სხვებს გადასცეს. მათ შორის არის ჰონკონგელი მილიარდერი ლი კა-შინგი, ასევე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც Amazon-ის აქციების დონაცია კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის პირობის შესასრულებლად განახორციელა.

ცნობისთვის, ერიკ იუანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც პანდემიის პერიოდში Zoom-ზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა. კომპანიის აქციები გასულ წელს 400%-ით გაიზარდა, თუმცა 2021 წელს 7.8%-ით შემცირდა.

ამჟამად იუანი მსოფლიოში რიგით 130-ე მდიდარი ადამიანია. მისი ქონება აქციების გადაცემამდე $15.1 მილიარდს შეადგენდა, გასული წლის მარტის შემდეგ იუანი დაახლოებით $9.2 მილიარდით გამდიდრდა.

ერიკ იუანი ჩინეთში დაიბადა, მან ამერიკის ვიზაზე უარი რვაჯერ მიიღო, თუმცა მაინც არ დანებდა და ბოლოს და ბოლოს,  სილიკონის ხეობაშიც მოხვდა. იუანმა ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom-ი 2011 წელს დააარსა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.