გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ბოლო ქვეყნები არიან, რომლებმაც „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის მოხმარება შეაჩერეს. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება დანიამ, ნორვეგიამ, ირლანდიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს.
როგორც აღნიშნული ქვეყნები ამბობენ, ამ ვაქცინის გამოყენების შეჩერების მიზეზი რამდენიმე შემთხვევაში თრომბის განვითარება გახდა. მეორე მხრივ, მეცნიერები ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა და მისი მოხმარების შეჩერება ვაქცინაციის პროცესს შეაფერხებს. არიან ასევე ანალიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერება არა სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური მიზეზით მოხდა.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ განაცხადა, რომ იტალიაში, ავსტრიასა და დანიაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების შემდეგ განვითარებული თრომბის შედეგად თითო-თითო ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მეორე მხრივ რომ გავაანალიზოთ, ორგანიზმში თრომბის წარმოქმნა იშვიათი მოვლენა არ არის და მისი გამოწვევა ბევრ რამეს შეუძლია.
სან-დიეგოს უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი დეივი სმიტი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა გახდა „ასტრაზენეკას“ მოხმარების შეჩერების შესახებ მთავრობების გადაწყვეტილების საფუძველი.
„არ მინახავს არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რატომაც შეწყვიტეს ამ ვაქცინის მოხმარება. ადამიანებს შესაძლოა, თრომბი ვაქცინის გარეშეც დაემართოთ“, – დასძინა მან.
„მოხმარების შეჩერება შედეგების გადასახედად, ნორმალურია, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მოხმარების შეჩერება პანდემიის წინაშე ადამიანების დაუცველად დატოვებას ნიშნავს“, – ამის შესახებ კი ჯონს ჰოპკინსის სასწავლებლის ეპიდემიოლოგი ჯენიფერ ნუზო აცხადებს.
ვაქცინების კომპანიების რბოლაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უფრო მეტი სირთულის დაძლევა მოუწია, ვიდრე მის კონკურენტებს. პრობლემები გასული წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გლობალური ტესტირება შეჩერდა, ვინაიდან რამდენიმე პაციენტში მწვავე დაავადება გამოვლინდა. თუმცა, შემოწმების პროცესი მალევე აღდგა.
საერთო ჯამში კი საერთაშორისო შემოწმების შედეგად მიღებული შედეგები ძალიან დამაიმედებელი გამოდგა: ვაქცინამ ორი დოზის მიღების შემდეგ 82%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის პრევენციის კუთხით 100%-იანი ეფექტიანობა. ამ შედეგების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა მას ავტორიზაცია მალევე მისცა. შემდეგ მას მიჰყვნენ ევროკავშირი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც. ამ დრომდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უკვე 17 მლნ ადამიანს გაუკეთდა.
ამასთან ამ ვაქცინის დადებითი მხარე ასევე ისიცაა, რომ მისი დისტრიბუცია და შენახვა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით მარტივია, ვინაიდან მისთვის ჩვეულებრივი სამაცივრე პირობებიც საკმარისია.
ამ ყველაფრის ფონზე სპეციალისტები სვამენ კითხვას: რატომ გადადგეს ევროპულმა ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ ასეთი რადიკალური ნაბიჯები? საინვესტიციო ბანკმა Barclays-მა მიმდინარე თვის ანგარიშში აღნიშნა, რომ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებს შორის უმრავლესობას უფრო მეტად პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, ვიდრე მეცნიერული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობები ცალკეულ ქვეყნებში შესაძლოა ეძებდნენ ვინმეს დასადანაშაულებლად. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშიც შესაძლოა, ეს გახდა მიზეზი.
თუმცა ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი ფერხდება. უფრო მეტიც, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ფიქრობს, რომ კოვიდ-ვაქცინა უსაფრთხოა. ამიტომაც ექსპერტები ჯანდაცვის უწყებებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ.